LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ღოღობერიძე: „რა იწვევს ჰემოგლობინის ნაკლებობას და როგორ გავზარდოთ მისი დონე?“

5760
giorgigogoberidze2021-2021-02-03-09-52-50-878848

რას წარმოადგენს ჰემოგლობინი, რატომ ეცემა მისი რაოდენობა, რა სიმპტომები ახასიათებს ჰემოგლობინის ნაკლებობას და რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჰემოგლობინის დონემ აიწიოს -საინტერესო საკითხებზე „ფეისბუკ-ლაივის“ საშუალებით ექიმი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს. 

ჰემოგლობინის ნაკლებობა მეტ-ნაკლებად ბევრ ადამიანს აღენიშნება, ეს ძალიან გავრცელებული პრობლემაა. როცა ადამიანს აქვს გამოკვეთილი ნაკლებობა, განსაკუთრებით მოზარდს, შეიძლება ეს სისუსტით, მუდმივი დაღლილობის განცდით, გულის აჩქარებით ან სუნთქვის გაძნელებით გამოიხატოს. შეიძლება ასეთ დროს ადამიანი  სახეზე იყოს ფერმკრთალი, ჰქონდეს მადის დაქვეითება. თუ ადამიანს გულის უკმარისობა ჰქონდა და ამას ანემია დაერთო, გულის უკმარისობა კიდევ უფრო ძლიერდება. შესაძლოა განვითარდეს არითმიებიც. დავიმახსოვროთ კარგი რჩევა: თუ გვინდა მოვაგვაროთ ჰემოგლობინის დაქვეითების პრობლემა, პირველ რიგში ამის მიზეზი უნდა ვიპოვოთ. რამ შეიძლება დააქვეითოს ჰემოგლობინის დონე? ეს შეიძლება იყოს ფარული სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან. შესაძლოა ეს გამოწვეული იყოს რაიმე მედიკამენტის მიღებით, მაგალითად ასპირინის, ასევე ძლიერი სისხლდენით მენსტრუაციის დროს. ჰემოგლობინის დონის დაქვეითება შეიძლება გამოიწვიონ ჭიებმაც, რომლებიც გვპარავენ რკინას, მიზეზი შეიძლება იყოს  ქრონიკული ანთებითი დაავადებებიც და ა.შ.

როგორ გავზარდოთ ჰემოგლობინის შემცველობა სისხლში?

ჰემოგლობინი არის ერითროციტების უმთავრესი ცილა, რომელიც ერითროციტის  დაახლოებით 96%-ს შეადგენს.მათი რაოდენობის გასაზრდელად უნდა მივიღოთ რკინით მდიდარი საკვები. ეს პირველ რიგში არის ხორცი, საქონლის ან თევზის. ასევე კვერცხი. რკინით მდიდარია თხილი, ისპანახი, ქიშმიში და ზოგადად ჩირეული.

ჩვენს ორგანიზმში ხვდება ორი სახის რკინა – ორვალენტიანი და სამვალენტიანი. ორგანიზმის პირდაპირ იღებს ორვალენტიან რკინას, სამვალენტიანს კი მას შემდეგ იღებს, რაც დაშლის. აღსანიშნავია, რომ შესაძლოა არსებობდეს არა მხოლოდ რკინის ნაკლებობის, არამედ ათვისების პრობლემაც. თუ საკვებიდან ვიღებთ რკინას, შეიძლება ჩვენი ორგანიზმის მას სათანადოდ ვერ იწოვდეს. ასეთ დროს საჭიროა დამხმარე საშუალებები, რომლებიც რკინის შეთვისებას უწყობენ ხელს.

რა უნდა მივახმაროთ ორგანიზმს ასეთ დროს? C ვიტამინი. ის მნიშვნელოვანია, რადგან C ვიტამინი სამვალენტიან რკინას ორვალენტიანად აქცევს და ორგანიზმი მას ადვილად იწოვს.

რომელ საკვებშია ყველაზე მეტი C ვიტამინის შემცველობა? – C ვიტამინით განსაკუთრებით მდიდარია წითელი წიწაკა, პომიდვრის წვენი, ფორთოხლის წვენი, მარწყვი, მანგო. მიიღეთ ეს პროდუქტები, თუმცა პარალელურად არც რკინის შემცველი პროდუქტების მიღება დაგავიწყდეთ.

უახლესმა კვლევამ დაადგინა, რომ რკინის ნაკლებობა მოზარდებში გონებრივ განვითარებას აფერხებს. ამიტომ თუ ბავშვს უჭირს სწავლა, ვერ კონცენტრირდება, აქვს გულის აჩქარება და ფერმკრთალია, უნდა ვიფიქროთ ჰემოგლობინის ნაკლებობაზე და მივიღოთ შესაბამისი ზომები.

სამწუხაროდ, ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდები ყოველთვის არ ამართლებს. როცა საქმე ჰემოგლობინის ნაკლებობის მძიმე ფორმასთან გვაქვს, აქ უკვე საჭიროა მედიკამენტის მიღება, რადგან ეს მარაგი ვერ შეივსება საკვებით. ასეთ დროს აუცილებელია მივმართოთ ექიმს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები