„ქართულ ოცნებაში“ იციან, რომ ღარიბაშვილის შენარჩუნება გაცილებით დიდი პრობლემაა, ვიდრე გაშვება, რადგან გახრწნილების მაღალი დონე აჩვენა – ირაკლი ღარიბაშვილს წლის ბოლომდე გადააყენებენ , – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოება დიდი ცვლილებებისთვის უნდა მოემზადოს.
„ჩარტერების თემა აჩვენებს, რა დონის გახრწნილია „ქართული ოცნების“ სისტემა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდა დაფინანსება თუ კერძოდ, ორივე შემთხვევაში იკვეთება დანაშაული. ყველამ ვიცით, რომ საქართველოში არის მმართველობა, სადაც სასამართლოში არის „კლანი“, ამ რეალობაში ვცხოვრობთ, ამიტომ საზოგადოება უნდა მოემზადოს დიდი ცვლილებებისთვის.
მე ვფიქრობ, რომ ირაკლი ღარიბაშვილს წლის ბოლომდე გადააყენებენ. „ქართულ ოცნებაში“ იციან, რომ ღარიბაშვილის შენარჩუნება გაცილებით დიდი პრობლემაა, ვიდრე გაშვება, რადგან გახრწნილების მაღალი დონე აჩვენა. შეეცდებიან თემა გადააგორონ, შემდეგ გამოვა და გვეტყვის – „დიდი მადლობა. ბედნიერი ვარ და სახლში წავალ“. ახალ წლამდე ვერ მიაღწევს ირაკლი ღარიბაშვილი.
ინფორმაციაც მაქვს და მე ასე ვფიქრობ. ირაკლი ღარიბაშვილს ვერ შეინარჩუნებენ, იმიტომ რომ ღარიბაშვილი საზოგადოებაში ხრწნის სიმბოლო გახდა.
კიდევ ერთი საკითხია. ღარიბაშვილს აშანტაჟებენ სხვა ფლანგები – კობახიძის და კალაძის ფლანგები“, – განაცხადა ვაშაძემ.
კითხვაზე, რაში უშლის ხელს თბილის მერს, კახა კალაძეს ირაკლი ღარიბაშვილი, ვაშაძის თქმით, „ქართულ ოცნებაში“ გავლენებისთვის სხვადასხვა ჯგუფები ებრძვიან ერთმანეთს.
მისივე მტკიცებით, ღარიბაშვილის სკანდალი „შიგნიდან“ არის გაჟონილი.
„ძალაუფლებისთვის და გავლენისთვის, თუ ვინ იქნება „ქართული ოცნების“ მხრიდან პრემიერობის კანდიდატი. ვფიქრობ, რომ ღარიბაშვილის სკანდალი შიგნიდან არის გაჟონილი. არ მგონია შემთხვევითი იყოს „აირზენას“ დირექტორის ყველაფრის ჩაჭიკჭიკება. ეს არის შიდა სისტემის ლპობის მაჩვენებელი. სხვადასხვა ჯგუფები ებრძვიან ერთმანეთს.
დანაშაული სახეზეა და ამაზე პასუხს ღარიბაშვილი აუცილებლად აგებს“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ამავე თემაზე: