სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე ნაგვის ურნები სკამებშია ჩაშენებული დედაქალაქის მერი ეხმაურება. კახა კალაძე განმარტავს, რომ ეს არც მერიის და არც გამგეობის პროექტი არ არის.
მერმა წარადგინა ფოტოები, რომელზეც ჩანს, რომ მოსასვენებელ სკამებზე ჩაშენებულ საყვავილეებში უკვე მწვანე ნარგავებია განთავსებული. კახა კალაძემ ახალგაზრდებს იდეისთვის მადლობა გადაუხადა.
”გუშინ მთელი დღის განმავლობაში სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია. ცხადია, მიზანმიმართულად ხდებოდა ყველაფერი. ავრცელებდნენ კონკრეტულ ფოტომასალას და ხდებოდა დადანაშაულება დედაქალაქის მერიის, მუნიციპალიტეტის მერის, რომ საერთოდ რაზე ვფიქრობთ, რა პროექტებს ვახორციელებთ და საუბარი იყო იმაზე, რომ მერიამ განახორციელა ეს კონკრეტული პროექტი, თითქოს, დასასვენებელ სკამებზე ჩავდგით სანაგვე ურნები და გადავსებული [ურნების] ფოტომასალით იყო წარმოდგენილი.
ეს რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ტყუილი და სიცრუეა. კიდევ ერთხელ მინდა, რეალობა ვუთხრა საზოგადოებას. ეს არ არის არც მერიის, არც გამგეობის პროექტი, ეს არის ორი კარგი ადამიანის მიერ გაკეთებული პროექტი, რომელთაც ძალიან უყვართ ქალაქი.
ამ ორმა ახალგაზრდამ ამ შენობაში იჯარით აიღეს ფართი, სადაც რესტორანს აკეთებენ, სამუშაოები დამთავრებული აქვთ და ელოდებიან რესტორნების გახსნას პანდემიის პირობებში და დარწმუნებული ვარ, პირველი თებერვლიდან ეტაპობრივად ეს შესაძლებელი იქნება. მათ მოწესრიგების თვალსაზრისით ეს მოსასვენებელი სკამები განათავსა, რომელთაც საყვავილეები აქვს დამონტაჟებული”. – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძემ მერიის პრიორიტეტული მიმართულებები დაასახელა: დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი კიდევ 50 მილიონი ლარით იზრდება
2020 წელს, 440 000 ლარი ინფრასტრუქტურული მიმართულებით დაიხარჯა, 320 000 კი ჯანდაცვის მიმართულებით
კახა კალაძემ ასევე ისაუბრა ჭავჭავაძის გამზირზე განთავსებული ნაგვის ურნების ირგვლივ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კრიტიკაზე.
“პირველი ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს – ”ეს რა სისულელე მოიგონა დედაქალაქის მერიამ და მერმა, არ ეყოფათ ჭავჭავაძეზე რაც გააკეთეს?!” – ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდება, თითქოს ჭავჭავაძეზე რამე ცუდი გავაკეთეთ. ჭავჭავაძე არის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა მოხდეს თბილისის ქუჩების დაპროექტება და განვითარება თავისი მიწისქვეშა ურნები. აბა რა, ახლა ის მოსწონდა ხალხს? ვირთხები, სუნი. ვიზუალურ მხარეზე არ ვსაუბრობ საერთოდ. აბა ჰკითხეთ ვაკეში მცხოვრებ ადამიანებს მოსწონთ თუ არა? თქვენ, ოპონენტები, სამარცხვინო ტელევიზიები, რომლებიც არასწორი ინფორმაციის გავრცელებით ხართ დაკავებული, ყველაფერი კარგი ცუდად გინდათ წარმოაჩინოთ, მშენებლობა ნგრევად გინდათ წარმოაჩინოთ, კარგი საქმეები ცუდად და ა.შ. ჩვენ არ მოგცემთ იმის შესაძლებლობას, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოთ და მოატყუოთ”. – განაცხადა, კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ მედიასა და სოციალურ ქსელში, 19 იანვარს გოგებაშვილის ქუჩის ფოტოები გავრცელდა, სადაც მოსასვენებელ სკამებში ჩამონტაჟებულ ყუთებში ჩაყრილი ნაგავი იყო ასახული. ფოტოსურათებს აღწერად დაერთო, რომ ეს არის მერიის პროექტი და სკამებში ნაგვის ურნებია ჩამონტაჟებული.