“ჩვენ კარგად გვესმის, რომ ქვეყანაში სახარბიელო სოციალური ფონი კვლავ არ არის, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, თუმცა სახელმწიფოს კუთვნილი მიწების დატაცება-მოპარავა, წახალისებული ვერ და არ იქნება, ყოველ შემთხვევაში, ჩემი მერობის პირობებში”, – დედაქალაქის მერმა ბრიფინგი გამართა და უკანონო მშენებლობებსა და მის დემონტაჟზე ისაუბრა.
კახა კალაძის თქმით, ბოლო წლებში, მოქალაქეებმა რომლებსაც აქვთ უძრავი ქონება რეგიონებში, ასევე ზოგს სხვის სახელზეც უფიქსირდება, თბილისში დაიწყეს სახელმწიფო მიწებზე უკანონო მშემებლობები და ეს არ არის კერძო პირის საკუთრება, ეს არის თითოეული მოქალაქის ქონება და ეს პროცესი ამ ფორმით, რა თქმა უნდა, ვერ გაგრძელდება:
“მუნიციპალურმა ინსპექციამ დღეს სამგორის რაიონში დატაცებულ მიწაზე უკანონოდ მშენებარე რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყო. ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი გამოვლინდა. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალურმა ინსპექციამ რამდენჯერმე გააფრთხილა კანონდამრღვევები როგორც სიტყვიერად, ასევე წერილობით, სამწუხაროდ, გაფრთხილებას რეაგირება არ მოყოლია, რომ თავად განეხორციელებინათ დემონტაჟი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მუნიციპალურმა ინსპექციამ, კანონის შესაბამისად, დაიწყო დემონტაჟის პროცესი.
ქვეყანაში ძალიან ბევრს უჭირს და გვყავს ბევრი ადამიანი, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა, მაგრა ეს ადამიანები პატივს სცემენ კანონს, შესზრუდვებს, რეგუილაციებს, ყველაფერს იმას, რაზეც დგას საელმწიფო.
რომ არა კანონის პატივისცემა, დღეს ყველა ეს ადამიანი შეძლებდა უკანონოდ აეშენებინა სახლი და შემდეგ ეთქვა, რომ ეს მისი საკუთრებაა და არ უნდა შევეხოთ. ეს არის უსამართლობა და არავინ, არცერთი კანონმორჩილი მოქალაქე არ დაეთანხმება მსგავს უკანონობას”, – განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, იკვეთება თაღლითური სქემის ნიშნები, რომლის უკანაც გარკვეული ადამიანები დგანან:
“გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე გვაქვს თაღლითურ სქემასთან, რომლის უკან დგანან გარკვეული პირები, რომლებიც ეკონომიკური სარგებელის მიღების მიზნით, უბიძგებნენ მოქალაქეებს კანონდარღვევისკენ. თბილისის მერია, რა თქმა უნდა, შესაბამის უწყებას მიაწვდის ყველა მასალას, რათა დაიწყოს საქმის მოკვლევა.
ამ ადამიანებმა ძალიან კარგად იციან, რომ ორივე ქმედება უკანონო მშენებლობა და მიწის მიტაცება არის დასჯადი, თუმცა არ ითვალისწინებენ გაფრთხილებებს და აგრძელებენ ამ ქმედებებს. მიწების მიტაცება არათუ დანაშაულად ითვლება, ეს ადამიანები პრეტენზიას უყენებენ სახელმწიფოს. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვიწევს, ამ შენობების დემონტაჟი, რადგან პროცესის შეჩერება სხვაგვარად შეუძლებელია”, – აღნიშნა თბილისის მერმა.
კალაძემ ცილისმწამებლური, სამარცხვინო და დანაშაულებრივი უწოდა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების განცხადებებს, თითქოს მერიამ ხალხი გამოიყვანა დასრულებული სახლებიდან:
“ისინი აკეთებენ განცხადებებს, თითქოს ხალხი დავტოვეთ ღია ცის ქვეშ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არც ერთი ნაგებობა, რომელიც დემონტაჟს დაექვემდებარა, არ იყო დასრულებული. ეს იყო მშენებარეები და რა თქმა უნდა, მასში არ ცხოვრობდნენ ადამიანები.
იმ მოქალაქეებს კი, ვისაც არ გაჩნიათ საცხოვრებელი, თბილისის მერიაში მოქმედებს სპეციალური პროგრამა, რომლის წლიური ბიუჯეტი, დაახლოებით, 7 მილიონ ლარს შეადგენს და ჩვენ ყოველწლიურად ასეთ ადამიანებს ვეხმარებით, გაგვყავს ქირით და რა თქმა უნდა, მომავალშიც ვაპირებთ ამ პროგრამის განხორციელებას, რათა მაქსიმალურად დავეხმაროთ მათ, ვისაც ეს სჭირდება”.
ბოლოს კი აღნიშნა, რომ სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით, 2021 წლის ბიუჯეტი 350 მილიონი იქნება.
„კარგად გვესმის არსებული სოციალური ფონი პანდემიის პირობებში და ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ არც ერთი ადამიანი პრობლემების პირისპირ არ დავტოვოთ. მაქსიმალურად ყველას დავეხმარებით, გვერდში დავუდგებით, მაგრამ კანონი ყველასთვის უნდა იყოს უზენაესი”, – თქვა კალაძემ.