LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გზა ისევ შორია“ – The Georgian Six გია ყანჩელის პროექტით საკუთარ მსმენელს „ახალ თეატრში“ შეხვდა

3643
217392448-1218056378639196-2058016709848828522-n

„გზა ისევ შორია“ – 14 ივლისს ახალი ენერგიით, „ახალ თეატრში“, ახალ სცენაზე – The Georgian Six მსმენელისთვის ფავორიტი პროექტით დაბრუნდა.

ლეგენდარული კომპოზიტორის, გია ყანჩელის მიერ კინოსა და თეატრისთვის შექმნილი 15 მელოდია, რომელიც The Georgian Six-მა საკუთარი ინტერპრეტაციით, კონცეპტუალური ალბომის სახით, 2 წლის წინ გამოსცა, ორი წლის შემდეგ, მსმენელმა კვლავ განსაკუთრებული ოვაციით მიიღო.

მოწოდებით „იმოძრავეთ ჩვენთან ერთად“, კონცეპტArt-მა აქცია-ფესტივალი წამოიწყო, გააერთიანა სხვადასხვა თაობისა და ჟანრის შემსრულებელი და სანამ რეგიონებს ესტუმრება, 6 ივლისიდან თბილისს დაუვიწყარი მუსიკალური საღამოები აჩუქა.

სწორედ კონცეპტArt-ის ფესტივალის ფარგლებში დაბრუნდა სცენაზე ქართული ექვსეული მსმენელთან 2-წლიანი განშორების შემდეგ.

ემოციური საღამო ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში დაიწყო გია ყანჩელის ემოციური მიმართვით წარსულიდან, მომავლისთვის:

„ნახევარი საუკუნის შემდეგ, თუ მოინახა დირიჟორი, შემსრულებელი, ორკესტრი, ფესტივალი, ქვეყანა, ქალაქი, სადაც ეს მუსიკა აჟღერდება, მაშინ, ალბათ, ჩემს აუტანელ შრომას მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე, ფუჭად არ ჩაუვლია.

მე ძალიან მინდა… თქვენ ახალგაზრდა ხართ და შეიძლება მოესწროთ ნახევარი საუკუნის შემდეგ და რაღაცნაირად შემატყობინოთ – უკრავენ თუ არა ჩემს მუსიკას“..

ყანჩელის მუსიკას უკრავენ, ყანჩელის მუსიკა ჟღერს და ყანჩელის მუსიკა გაჟღერდება 9 და 10 აგვისტოს, ბათუმში, მაესტროს იუბილისადმი მიძღვნილ საღამოებზე, რომლებიც ასევე კონცეპტArt-ის ფარგლებში გაიმართება.

მანამდე კი კვლავ 14 ივლისის მუსიკალური საღამო, რომელზეც კიდევ ერთხელ გაცოცხლდა „მუსიკალური კადრები“ ფილმებიდან თუ სპექტაკლებიდან – „შერეკილები“, „ცისფერი მთები“, „კავკასიური ცარცის წრე“, „როცა აყვავდა ნუში“.

მუსიკოსებმა გაიხსენეს მაესტროსთან მუშაობის საინტერესო დეტალები და მასთან, სიცოცხლის ბოლო კვირებში ურთიერთობის ემოციური ფაქტები.

ფესტივალის ორგანიზატორებმა არ დაივიწყეს პროექტის უმნიშვნელოვანესი დეტალი, აქცენტი თითოეული მუსიკალური კომპოზიციის ტექსტზე, რომელთა უმეტესობის ავტორიც ია საკანდელიძეა. ტექსტები, რომელიც ყანჩელის უკვდავ მუსიკას კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის, ,,ახალი სცენის“ ეკრანიდან ერთ-ერთი მთავარი დეტალი იყო, დეტალი და გზავნილები, რომ: „დრო თითქოს დაბრუნდა“, რომ: „მუსიკა დაფრინავს“, რომ: „ფიქრები გარდასულზე, იქროლებენ მომავალში“ და რომ: „გზა ისევ შორია“…

The Georgian Six-მა მუსიკალური საღამოს დასასრულს საკუთარ გეგმებზეც ისაუბრა და აუდიტორიას პირობა მისცა, რომ მალე ახალ პროექტს წარადგენენ – ქართული ექვსეულის დისკოგრაფიაში რიგით მეოთხე მუსიკალურ კრებულზე მუშაობა უკვე დაწყებულია, ალბომი გენიალური ინოლა გურგულიას კომპოზიციებს გააერთიანებს.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები