„შემთხვევითი არ არის, რომ ევროკომისია თავის მოსაზრებაში „19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებაზე“ საუბრობს“, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.
დასმულ კითხვას უნდა იქნეს თუ არა 19 აპრილის შეთანხმება გამოყენებული 12 პრიორიტეტზე რეაგირების ერთ-ერთ ნაბიჯად, დიპლომატმა უპასუხა, რომ სწორედ ეს შეთანხმება იყო მაგალითი იმისა, თუ რა ტიპის მუშაობაა საჭირო მხარეებს შორის.
„მხარეებს ახლა მოუწევთ, დასხდნენ და შეთანხმდნენ სამომავლო გეგმებზე, ხოლო 19 აპრილის შეთანხმება კარგ საწყის წერტილად რჩება, როგორც პროცესისთვის, ასევე შინაარსისთვის“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.
კარლ ჰარცელის თქმით, ევროპისკენ მიმავალი გზა დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად რჩება.
„ბურთი ახლა საქართველოს მოედანზეა. საქართველომ, ისევე როგორც უკრაინამ და მოლდოვამ, კონკრეტული ქმედებებით უნდა წარმოაჩინონ თავიანთი მზადყოფნა და უნარი, წაიწიონ წინ – ევროკავშირისკენ. დასაკარგი დრო არ არის, რადგან ევროპის თვალი და ყური ამჟამად ამ რეგიონისკენაა მომართული.
საქართველოსთვის გამოწვევაა 12 პრიორიტეტი, რაც უფრო მალე შესრულდება, როგორც კი ეს მოხდება, ქვეყანა ძალიან მძლავრ გზავნილს გაუგზავნის ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, რომ საქართველო დაბრუნდა სწორ გზაზე და შესაძლებელია მასზე დაყრდნობა, წინსვლის იმედით. თვითკმაყოფილების დრო არ არის, რადგან ეს მომენტი ხელიდან არ უნდა გავუშვათ. ახლა, საჭიროა მოქმედება“, – განაცხადა ჰარცელმა.
ევროკავშირის ელჩის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოში ყველამ გააცნობიეროს, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსთვის კარის გაღების თაობაზე, ნამდვილად ისტორიული მომენტია. მისივე თქმით, ყველამ უნდა იფიქროს, თუ როგორ გამოიყენოს ქვეყნისთვის ხელმისაწვდომი მნიშვნელოვანი შესაძლებლობები.