LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იდეალური დედა“ იაკო ჭილაია: „მაკას ცხოვრებას საკუთართან ვაიგივებ…“

3463
iako-chilaia-fortuna-ex

იაკო ჭილაია სერიალის „იდეალური დედა“ მთავარი შემსრულებელია. ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ თავად იდეალური დედა არ არის, მაგრამ ამ სერიალის მაყურებელი დაგვეთანხმება, რომ ეს როლი არაჩვეულებრივად მოირგო.

იაკოს თავად ორი შვილი ჰყავს და სერიალში მონაწილეობა მაშინ შესთავაზეს, როდესაც მეორე შვილი ახალი გაჩენილი ჰყავდა. ფორმაში ჩადგომა და სერიალის მთავარი როლის გათავისება ერთდროულად მოუხდა…

იაკოს მეუღლე ასევე მსახიობი, გაგა შიშინაშვილია, რომელთან ერთადაც სწავლობდა და თეატრალურიდან მოყოლებული ერთად მოდიან…

იაკოს როლსა და ოჯახზე სასუბროდ კაფეში „ამო რამე“ შევხვდით, სადაც ასევე ჩვენი ფოტოსესიაც შედგა.

იაკო ჭილაია:

თეატრთან შეხება ბავშვობიდან მაქვს, ხან ვმღეროდი, ხან დადგმაში ვმონაწილეობდი, რომლებსაც მამაჩემის მეგობრები აკეთებდნენ. მაშინ ალბათ 5-6- წლის ვიყავი. მაშინ შემიყვარდა თუ მანამდე, არ მახსოვს, მაგრამ სულ ვამბობდი, მსახიობი გავხდები-მეთქი და სხვა პროფესიაზე არასდროს მიოცნებია. ყოველთვის ვიცოდი, რომ მსახიობი ვიყავი. ამას ჩემი ოჯახის წევრები ყურადღებას არ აქცევდნენ, რომ გავიზარდე და ისევ ეს აზრი გამოვთქვი, სხვა რა გზა იყო? ჩავაბარე თეატრალურ უნივერსიტეტში, სადაც მოვხვდი გიზო ჟორდანიას ჯგუფში. მან არა მხოლოდ მსახიობობა, არამედ ურთიერთობები და ცხოვრებაც გვასწავლა. გამიმართლა, რომ მასთან მოვხვდი…

მაშინაც ასეთი პოპულარული იყო მსახიობის პროფესია?

არ ვიცი. ახლა პოპულარულია? მე ძალიან მოცული ვიყავი ამ პროფესიით. ინსტიტუტში ის დამხვდა, რასაც ველოდებოდი. გიზო ჟორდანიას ჯგუფში გატარებული ოთხი წელი ყველაზე ბედნიერი იყო.

ვფიქრობ, ქართველებს ძალიან ბევრი ნიჭიერი მსახიობი გვყავს, უბრალოდ, ყველას არ ეძლევა საკუთარ ნიჭის გამოვლენის საშუალება. გული მწყდება, რომ ბევრ მსახიობს საზოგადოება არ იცნობს. იმედი მაქვს, რომ აჩვენებენ საკუთარ თავს…

ალბათ, საკუთარ თავზეც ასე ფიქრობდი, სანამ „იდეალური დედა“ გახდი.

(იღიმის) როგორ აღმოვჩნდი სერიალში? ძალიან უცნაურად. შარშან აგვისტოში გავაჩინე მეორე შვილი. ძალიან ვიყავი გასუქებული, მოკლედ, არ გახლდით კარგ ფორმაში. დამირეკა სალომე ღლონტმა და მითხრა, რომ ახალი სერიალისთვის მთავარი როლის შემსრულებელს ეძებდნენ. სულ მგონია, რომ კასტინგზე მისვლას აზრი არ აქვს, რადგან მთავარი როლის შემსრულებელი წინასწარ იციან… ვფიქრობდი, წავსულიყავი თუ არა, რადგან კარგ ფორმაში არ ვიყავი, თან, ორი თვის ბავშვი მყავდა. მეუღლეს დავურეკე და მან ბედის ცდა მირჩია. ტექსტიც არ მისწავლია წინასწარ. ცუდად მოვიქეცი (იღიმის). კასტინგზე ტექსტი ფურცლიდან წავიკითხე. იმ წუთასვე ვგრძენი კეთილგანწყობა. ირაკლი კაკაბაძე ატარებდა კასტინგს.  ზუსტად სამ დღეში დამირეკა სალომემ, გვინდა, კიდევ მოხვიდეო. მთავარი როლის შემსრულებელი უფრო ასაკოვანი უნდოდათ ყოფილიყო, მაგრამ მეორე მეორედაც დამიბარეს. მეორედ მომზადებული მივედი. გადავიღეთ პილოტი და შემდეგ გავიგე, რომ როლზე დამტკიცებული გახლდით.

რა გავლენა მოახდინა შენზე, როგორც მსახიობზე, ამ სერიალში მონაწილეობა და რა პოპულარობა მოგიტანა?

საკმაოდ დიდი. ბავშვებისგან, სტუდენტებისგან დიდ სითბოსა და სიყვარულს ვგრძნობ. მართლა ძალიან სასიამოვნოა. ისეთი დადებითი ემოციებით ვივსები… თეატრალურში კინო არ გვისწავლია, მხოლოდ თეატრი და სცენა. სცენა სულ სხვა რამეა. ემოციაც განსხვავებულია და გამოხატვის ფორმაც. ბოლო რიგშიც რომ ზის, იმ მაყურებელსაც უნდა აგრძნობინო შენი ემოცია, სერიალში კი კამერა ძალიან მცირე დეტალსაც კარგად ხედავს, გრძნობს და საკმაოდ საშიშია, რომ სიყალბეში არ გადაგეზარდოს. დღემდე ყველა სერიას ველოდები და კრიტიკულად ვუყურებ, ბევრჯერ ვახვევ, ბევრი რამ არ მომწონს, ხანდახან ძალიან მეყალბება საკუთარი თავი. ეს არის საკუთარ თავზე მუშაობა. ამ პროცესში ვარ და ყველაზე მეტად ეს მსიამოვნებს. შემდეგ გადაღებაზე ვცდილობ, გამოვასწორო ის, რაც არ მომწონს. მიხარია, რომ ამის საშუალება მომეცა. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რავინ ასე არაფერს არ გასწავლის, როგორც საკუთარ თავზე დაკვირვება და მუშაობა…

ყველაზე საინტერესო რა არის შენი გმირის, მაკას ეპიზოდებიდან?

მთავარი პერსონაჟი არის ისეთი, რომელზეც ჩემთვის ბევრს უთქვამს, მგონია, მე ვარო. არ აქვს ხელოვნურად შექმნილი თვისებები. ჩვეულებრივი გოგოა, რომელსაც აქვს ზუსტად იგივე პრობლემები, რაც ბევრს აქვს დღეს. მეც ვაიგივებ ჩემს ცხოვრებასთან. პირველი სეზონიდან მოყოლებული არასდროს მიცდია, რომ გარეგნობისთვის მიმექცია დიდი ყურადღება… სულ ვცდილობდი, ყოფილიყო ბუნებრივი ამ კუთხითაც. ადამიანი რომ უყურებს, იფიქროს, რომ გვერდით სახლში ხდება მოქმედება და არა ამაღლებულ და ცოტა მოგონილ სამყაროში.

გოგონა მეზობელი უბნიდან…

ზუსტად. ვფიქრობ, ამ მიზანს მივაღწიე, რადგან მაყურებელმა მიიღო ეს პერსონაჟი. ამიტომ მოსწონთ, რომ  ბუნებრივია.

რაც შეეხება სერიალის სცენარს, მას დიდი ინტერესით ვეცნობი, ყველაფერში ვცდილობ დავიჭირო რაღაც საინტერესო, მით უმეტეს, ამ სერიალში. თუ მაძლევენ საშუალებას, ოდნავ მოვირგო და შევცვალო და ამის ფუფუნება მაქვს არაჩვეულებრივი გუნდისგან, ვისთანაც ვმუშაობ, უფრო უკეთესი სამუშაო პროცესი გამოდის.

პარალელებს ავლებ? შენც გაქვს ოჯახური ცხოვრება და ხარ დედა…

უამრავ პარალელს ვავლებ. დილას ბავშვები რომ მიმყავს სკოლაში, აჯაჯულს, ნახევრად მძინარეს, ხშირად მიფიქრია, რომ ზუსტად ის ვარ, ვისაც ვთამაშობ-მეთქი (იცინის). ასეთივე მივდივარ გადაღებაზე, მაგრამ ეს ხომ ჩემი სამუშაოა. ის, რომ სულ დავრბივარ, სადღაც მივრბივარ, მერე სახლში ვბრუნდები და ისევ საქმეები მაქვს, ამით მაკას ძალიან ვგავარ.

რა განგასხვავებთ?

მაკას ძლიერი ნერვები აქვს, რაც მე არ მაქვს. ძალიან მინდა, მაკას სიმშვიდე გადმომედოს. თავზე რომ ენგრევა ყველაფერი, მაინც გაწონასწორებულია, შეუძლია, მშვიდად დალიოს ყავა მეგობრებთან ერთად. გაგა რომ უყურებს სერიალს, სადაც დილაა, ნატრობს ხოლმე, ნეტავ, ასეთი იყო შენცო. დილას რომ ვდგები, სულ რაღაცას ვქოთქოთებ, სულ დარიგებებსა და მითითებების მიცემაში ვარ (იცინის).

გაგა, როგორც მსახიობი, გაძლევს შეიშვნებს?

ჩემთვის მისი აზრი მნიშვნელოვანია. მცირე შენიშვნებს მაძლევს, მაგრამ სერიალი მოსწონს.

პერსონაჟებს სერიალებიდან ხშირად აიგივებენ მსახიობებთან. შენც გქონია ასეთი შემთხვევა?

მქონია ასეთი შემთხვევა. მაკა უფრო სამაგალითო ადამიანია. საჭესთან ვზივარ. ამას წინათ ვიღაცას უკნიდან დავარტყი და გადმოვიდა გაბრაზებული… ვიფიქრე, მაკა ხომ არ დაარტყამდა-მეთქი, ისეთი წესიერია (იღიმის). სერიალში ვინც ჩემს მეგობრებს განასახიერებს, მათთან რეალურ ცხოვრებაშიც ძალიან დავმეგობრდი. დავდივართ ხოლმე ერთად სხვადასხვა ადგილას. კლუბში რომ წავსულვართ, დაგვილევია, ვიღაცას ვუცნივარ და უკითხავს, უი, ეს ასეთია? ცოტა გრცხვენია ამ დროს. თითქოს საზოგადოება არ გაძლევს უფლებას, რომ რაღაცები გააფუჭო (იცინის).

შენ როგორი დედა ხარ?

სამწუხაროდ, არ ვარ იდეალური დედა. ჩემს შვილებს ძიძა ზრდის და ჩემი ქმარი. მაქსიმალურად ვცდილობ, თავისუფალი დრო ბავშვებთან გავატარო, მაგრამ ეს დრო არ არის ბევრი. ვფიქრობ, ჩემმა მშობლებმა სწორი მიმართულებები მომცეს, შემაჩვიეს დამოუკიდებლობას ადრეულ ასაკში და ვცდილობ, ჩემი შვილებიც იმავე ემთოდით აღვზარდო. ეს ჯერ უფროს შვილს ეხება, რომელიც 8 წლისაა. მინდა, საკუთარი აზრი ჰქონდეს და არ მოვუკლა ინდივიდუალიზმი. რა ინტერესებიც აქვს და საითაც მიდის, მინდა, მაქსიმალურად შევუწყო ხელი.

მინდა გკითხო, რამდენად სიცოცხლისუნარიანი იქნება, შენი აზრით, მაკა და ეს სერიალი?

ამჟამინდელი მონაცემებით, მგონი, არის და იქნება. ხალხს ძალიან მოსწონს, ბევრი მეუბნება და მიხარია. იმედია, არ გავაფუჭებთ და ასე გავაგრძელებთ. რაც უფრო აქტუალურია სცენარი, თემები, მით მეტად აქვს შანსი, დიდხანს გაგრძელდეს. მოგონილი თემები და პრობლემები ჩვენი მაყურებლისთვის არ იქნება მნიშვნელოვანი. დღევანდელობას ვცდილობთ, ფეხი ავუწყოთ. მაკა უნდა იყოს ქართველი ქალი, რომელსაც ჰყავს ოჯახი და აქვს სამსახური.

როლმა თავდაჯერება მოგიტანა?

ერთი წლის განმავლობაში ფორმაში ჩავდექი. თავდაჯერება მომიტანა ხალხის სიყვარულმა. ეს ძალიან დამეხმარა და მომცა სტიმული, მაკა მეორე სეზონში კიდევ უკეთესი იყოს. მსახიობი იმიტომ ხარ, რომ მაყურებელმა დაგაფასოს. ეს ყურადღება ძალიან გსიამოვნებს, საპასუხოდ ტაშიც გინდა, რაც გავსებს ახალი ენერგიით, რომ კიდევ მეტი გააკეთო.

დაბოლოს, უნდა ვთქვა გუნდის შესახებ, ვინც ამ სერიალს აკეთებს. ეს არის, ვფიქრობ, საუკეთესო გუნდი. ყოველთვის მიხარია სამსახურში მისვლა და გადაღება რომ მთავრდება, წამოსვლაც არ მინდა (იღიმის). ძალიან გამიმართლა პარტნიორებში და შემოქმედებით ჯგუფში. საკუთარი საქმის უდიდესი პროფესიონალები არიან. თუ პარტნიორი მომწონს, ხშირად დამმართნია, რომ გავშტერებულვარ და ტექსტი დამვიწყებია (იცინის). ბავშვები ძალიან კარგად თამაშობენ და ამის აღნიშვნაც მინდოდა… მადლობა, რომ ამ გუნდის წევრი მეც ვარ.

ფოტო: დათუნა აგასი

გადაღების ადგილი: კაფე „ამო რამე“

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g