LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში 151 გვერდიანი ანგარიშით ივნისის ბოლო სასესიო კვირაში წარდგება

148
irakli

საკანონმდებლო ორგანოს წევრები საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოხსენებას სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ივნისის ბოლო სასესიო კვირაში მოისმენენ. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

151 გვერდიან ანგარიშში, ყურადღება გამახვილებულია ქვეყანაზე კორონავირუსით გამოწვეულ გავლენასა და ამ მიმართულებით მთავრობის კონკრეტულ ნაბიჯებზე.

ანგარიშის წარდგენისას პრემიერთან უკიდურესად მწვავე შეკითხვები გვექნება: სამადაშვილი

"რა წარმატებაზე საუბრობს პრემიერი, პანდემიის მიმართულებით სრული ჩავარდნა გვაქვს, ვხედავთ გაზრდილ ფასებს, გამქრალ სამუშაო ადგილებს, სრულ ეკონომიკურ კრახს" - სალომე სამადაშვილი.

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ეკონომიკური განვითარების თემაზე საუბრისას განაცხადა, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი ქვეყანა, რომელის ეკონომიკაც ყველაზე სწრაფად აღდგება.

„ძალიან ბევრი ფაქტორი არის, რაც რეალურად გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ წელს ეკონომიკის აღდგენის პროცესი, არსებითად განსხვავებული იქნება. ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი ქვეყანა, რომელის ეკონომიკაც ყველაზე სწრაფად აღდგება,“- აცხადებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ისინი ირაკლი ღარიბაშვილისთვის მძიმე და უკიდურესად მწვავე შეკითხვების დასმას აპირებენ, განსაკუთრებით კი ეკონომიკურ ჭრილში.

“ჩვენ ყველა თემაზე ძალიან მძიმე შეკითხვები გვექნება პრემიერთან. მათ აღარ ექნებათ ის მარტივი ცხოვრება, რომელიც აქამდე იყო. მე მას ჰაკიმ ფაშას არ დავუძახებ, რადგანაც მთავარი საკითხი ის კი არ არის რას დავუძახებთ მას, მთავარია ის კითხვები დავუსვათ, რაც ხალხს აინტერესებს,”- აღნიშნავს პარლამენტის ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” წევრი, პარტია “სტრატეგია აღმაშენებელის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე.

დავით უსუფაშვილი კი პროგნოზირებს, რომ დღეს, პრემიერის ანგარიშის წარდგენისას, საზოგადოება, შიდა “ოცნებური” დაპირისპირებების, ინტრიგებისა და თამაშების მორიგ სერიას იხილავს.

“საინტერესოა ის სტილი, რომლითაც ღარიბაშვილი აპირებს გიორგი გახარიას მუშაობის პარლამენტში წარმოდგენას. როგორც ჩანს, ჩვენ შიდა “ოცნებური” დაპირისპირებების, ინტრიგებისა და თამაშების მორიგ სერიას ვიხილავთ,”- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი დავით უსუფაშვილი.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პრემიერის ანგარიში ყველა მწვავე საკითხს ეხმიანება.

საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები. ესაა ის მიმართულებები, რომელზეც პრემიერი ყოველწლიურ ანგარიშში გაამახვილებს ყურადღებას. ირაკლი ღარიბაშვილი ისაუბრებს პოსტპანდემიურ პერიოდზე, ეკონომიკის გაჯანსაღებაზე, საქართველოს ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესსა და რუსეთ – საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის გზებზე. დოკუმენტი 151 გვერდს აერთიანებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g