პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან რეჯეფ ტაიპ ერდოღანთან სატელეფონო საუბარი გამართა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს არჩევნების წარმატებით ჩატარება, პირველ ტურში მიღწეული წარმატება, ხოლო საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის მიერ ხმათა უმრავლესობის მოპოვება მიულოცა.
„პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა პრეზიდენტ ერდოღანის პერსონალურ როლს როგორც თურქეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებაში, ასევე რეგიონის მდგრად და სტაბილურ განვითარებაში იმ ერთობლივი, საერთაშორისო ხასიათის პროექტების მხარდაჭერით, რომელშიც თურქეთი და საქართველო არიან ჩართულნი.
პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წარმატებით ჩატარება უსურვა”,–ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 მაისს ჩატარდება – თურქეთის მოქმედმა პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, არჩევნების პირველ ტურში გამარჯვება ვერ შეძლო. წინასწარი შედეგებით, ერდოღანს ამომრჩეველთა ხმების 49.51 პროცენტი აქვს, მის მთავარ მეტოქეს, ქემალ ქილიჩდაროღლუს კი – 44.88 პროცენტი.