LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კუპრაძე: „რამდენიმე კვირაში დამარცხებული ნიკა რურუა მოადგა კორპუსს და საკუთარი ხარჯებით დაამონტაჟა რკინის კარი…“

irakli kupradze

ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში ნიკა რურუას იხსენებს. ის „სასტუმრო საქართველოს“ შენობაში ცხოვრობს, სადაც უამრავი პრობლემაა. მათ შორის ერთ-ერთი პრობლემა, მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატობისას ნიკა რურუას მოუგვარებია, რის შესახებაც ახლა ირაკლიმ დაწერა:

„გუშინ უნდა დამეწერა უსახელო პოსტი პოლიტიკური პასუხისმგებლობის მაღალ სტანდარზე, ჰოდა დღეს დავწერ, მაგრამ უკვე სახელით.

უკვე მეორე წელია ვცხოვრობ „სასტუმრო საქართველოს“ შენობაში, სადაც ძირითადად აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობენ. გუშინ სამეზობლო შეკრება გვქონდა და ვლაპარაკობდით კორპუსის პრობლემებზე, რომლებიც უხვადაა. მოსახლეები მძიმე პირობებში და გაურკვეველი მომავლის ქვეშ ცხოვრობენ, 30 წლის წინ დასახლებულები, დღემდე უკანონოდ შეჭრილების სტატუსით სარგებლობენ, კუსტარული ელ.გაყვანილობა, არა სახანძრო კიბე, დაცულობა, ბუნებრივი აირი და ა.შ.

საუბარი ჩამოვარდა არჩევნების წინ ხელისუფლების მიერ არაერთხელ დადებულ და რა თქმა უნდა არ შესრულებულ პირობებზე. შუა საუბარში ახსენეს ნიკა რურუა. იდეოლოგიურად სხვადასხვა ბანაკში ვიყავით მუდმივად, სადაც შევხვედრივართ ძალიან მწვავედ გვიკამათია, მაგრამ იქ მოსმენილმა ამბავმა გულწრფელად გამახარა.

რურუა 2016 წელს მთაწმინდაზე იყრიდა კენჭს სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ. ჩვენს კორპუსში ვიზიტის დროს რურუამ დადო პირობა, რომ დააყენებდა დაცულ კარებს ფოიეში და ძალიან დაზიანებულ სადარბაზოს შეაკეთებდა.

რურუა დამარცხდა არჩევნებში.

უცნაური ის იყო, რომ რამდენიმე კვირაში დამარცხებული ნიკა რურუა მოადგა კორპუსს, საკუთარი ხარჯებით დაამონტაჟა რკინის კარი ჩამკეტი მოწყობილობით და გაარემონტა სადარბაზო.

ჩვენთვის უჩვეულო შემთხვევაა დამარცხებული კანდიდატისგან, რომლებიც ტრადიციულად ხმების გაყიდვაში ადანაშაულებენ ამომრჩეველს, უმადურობაში ან სიბრიყვეში.

გუშინვე, მინდოდა მომეყოლა ეს ამბავი თქვენთვის და რატომღაც შევიგვიანე, მაგრამ დღეს ვამბობ. მსგავსი ქცევა არის პოლიტიკური პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტი, რისი დეფიციტიც მუდმივად არის ქართულ პოლიტიკაში.

შეიძლება არ გიყვარდეს ადამიანი, არ ეთანხმებოდე, გეზიზღებოდეს კიდეც, ეკამათებოდე, აკრიტიკებდე, მაგრამ აფასებდე მის უნარს მოუსმინოს უმძიმეს კრიტიკას და აფასებდე მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის სტანდარტს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები