მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ საგაზაფხულო სხდომაზე თეა წულუკიანმა პარტია “მოქალაქეების” ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის საპასუხოდ, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მობილურის ნომერი გამოაცხადა.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა თეა წულუკიანის მიერ ნიკა გვარამიას ნომრის გამოცხადებაზე აღნიშნა, რომ უსიამოვნების და გაკვირვების განცდა დაეუფლა.
დაარღვია თუ არა თეა წულუკიანმა კანონი ნიკა გვარამიას ნომრის გამოცხადებისას?
ელჩის თქმით, პირადი ინფორმაციის კონფიდენციალობის უფლება ფუნდამენტური საკითხია და არაეთიკურად თვლის.
წულუკიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მომხდართან დაკავშირებით ელჩს დიდი სიამოვნებით შეხვდებოდა.
დღეს კარლ ჰარცელსა და თეა წულუკიანს შორის დახურულ კარს მიღმა შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის შემდეგ კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ დეტალებზე ვერ ისაუბრებდა.
„რისი თქმაც შეხვედრასთან დაკავშირებით შემიძლია, არის ის, რომ ამ შეხვედრას მივესალმები, რადგან ჩემი აზრით, დისკუსია ყოველთვის კარგია, ვინაიდან ვიცით, რომ ის ჩემი გუშინდელი განცხადებით უკმაყოფილო იყო. გვქონდა შანსი განგვეხილა ეს და დავრწმუნებულიყავით, რომ ორივე მხარეს ესმის ერთმანეთის პოზიციები. ასე რომ, მოხარული ვარ, რომ ეს შეხვედრა გაიმართა“.- ამბობს ჰარცელი.
ჰარცელის თქმით, მათ ჰქონდათ შანსი, პარლამენტში მომხდარი განეხილათ.
„მივესალმები შეხვედრას, რადგან ჩემი აზრით, ყოველთვის კარგია მოლაპარაკებების გამართვა. ვიცით, რომ ის არ იყო მოხარული ჩემ მიერ გუშინ გაკეთებული კომენტარებით. ჩვენ გვქონდა შანსი განგვეხილა ეს და დავრწმუნებულიყავით, რომ ორივე მხარეს ესმის ერთმანეთის პოზიციები“. – აცხადებს ჰარცელი.
კითხვაზე, იგივე პოზიციაზე რჩება თუ არა, რა განცხადებაც გუშინ გააკეთა, ელჩმა აღნიშნა, რომ საკუთარ განცხადებებს მხარს უჭერს, თუმცა დღევანდელი შეხვედრის შესახებ, რომელიც დახურულ კარს მიღმა გაიმართა, კომენტარის გაკეთება არ სურდა.
„ამ მოლაპარაკებების გამართვა სასარგებლოა, ეს მოლაპარაკებები გაიმართა დახურულ კარს მიღმა, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ ჩვენ გავიზიარეთ ერთმანეთის პოზიციები. ჩემთვის ამგვარი საკითხი არის უფრო ფართო საკითხი და ეხება ტონალობას პოლიტიკურ ცხოვრებაში, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მათ შორის ის, თუ როგორ ხდება ამის აღწერა მედიაში. არ უნდა იყო გასაკვირი, რომ მე მაქვს კონკრეტული შეხედულებები, როგორ უნდა წარიმართოს პოლიტიკური დისკუსია. შეხვედრის შესახებ მეტს არაფერს ვიტყვი“.- განაცხადა ჰარცელმა.
შეგახსენებთ, თეა წულუკიანის მიერ ნიკა გვარამიას ნომრის საჯაროდ გამოცხადებას საზოგადოების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა. გუშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნა გადაწყვეტილია.
მე წულუკიანზე ჭკვიანი ვარ და ჩემი ცოლი მასზე ლამაზია: გვარამია მისი ნომრის საჯაროდ გამოცხადებაზე
საფრანგეთში წულუკიანს 5 წლით დაიჭერდნენ ან 300 ათასი ევროთი დააჯარიმებდნენ: რევაზ ბოჭორიშვილი
