“ისრაელის მიერ განხორციელებულ თავდასხმებს 26 პალესტინელის, მათ შორის, 9 ბავშვის, სიცოცხლე ემსხვერპლა,” – ამის შესახებ ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ.
მათივე ინფორმაციით, დაშავებულია 122 ადამიანი.
ისრაელი კი საპირისპიროს ამბობს და აცხადებს, რომ მოკლულია „ჰამასის“ 15 მებრძოლი, ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით გამოსროლილი 250 რაკეტის მესამედი კი მანამდე ჩამოვარდა, ვიდრე სამიზნეს მიაღწევდა, რასაც პალესტინელ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა.
ისრაელის პოლიციის ცნობით, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, სარაკეტო დარტყმების შედეგად, 31 ადამიანი დაიჭრა. “ჰამასის“ განცხადებით, მხოლოდ ერთი ხუთწუთიანი შეტევის დროს, მათ ქალაქების – აშკელონისა და აშდოდის მიმართულებით 137 რაკეტა გაისროლეს.
„მაგენ დავიდის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის“ ინფორმაციით, პალესტინელი მებრძოლების მიერ ნასროლ რაკეტებს ქალაქ აშკელონში ორი ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდა ამისა, ამავე ქალაქში, ერთ-ერთი რაკეტა სკოლის შენობას მოხვდა, სადაც საგაკვეთილო პროცესი გაუქმდა და შენობა დაიცალა.