LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ისტერიკებით ძლივს ვაიძულე, რომ ჭერი მაინც გაეკრათ იმ 1000 ლარში” – რას ჰყვებიან დაზარალებული მოქალაქეები და რა უნდა იცოდეთ, სანამ ხელოსანს თანხას წინასწარ გადაუხდით

150
mtavari poto

სოციალურ ქსელში არაერთი ჯგუფია შექმნილი, სადაც დაზარალებული მოქალაქეები საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ ერთმანეთს და წერენ, თუ როგორ გახდნენ კონკრეტული პირებისა თუ კომპანიების მხრიდან სავარაუდო თაღლითობის მსხვერპლნი. ასეთი შინაარსის პოსტები რემონტის ჯგუფებშიც საკმაოდ ბევრია, სადაც ხშირად დეტალურად არის მომხმარებლის ისტორია მოყოლილი და როგორც წესი მითითებულია ხოლმე იმ ხელოსნებისა თუ კომპანიების ფეისბუქ პროფილები, რომლებმაც მოქალაქის მტკიცებით, მისი თანხა მიითვისა.

როგორც წესი, ასეთ დროს მომხმარებელი საკუთარი ძალებით ცდილობს ფულის დაბრუნებას და ამისთვის სხვადასხვა მეთოდებს იყენებს, მაგრამ გავარკვიეთ, რომ იმატა მათი მხრიდან ოფიციალურმა საჩივრებმაც. ჩვენ იურისტებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ამ დროისთვის პროკურატურაში ავეჯის მწარმოებელი კომპანიების მიმართ ათობით საჩივარია შესული და ისინი ჯერჯერობით წარმოებაშია მიღებული, ამიტომ არ ვიცით, რა შედეგებით დასრულდება. ამის გარდა, არსებობენ ცალკეული ხელოსნები, რომლებთანაც მოქალაქეების ნაწილს ასევე პრეტენზიები აქვს და ასეთი შემთხვევების ნაწილი, ადვოკატების თქმით, მომხმარებლის, ანუ დამკვეთის სასარგებლოდ გადაწყდა. ჩვენ შევეცადეთ სტატიაში კონკრეტული მაგალითების განხილვის გარდა, იურისტებისგან რეკომენდაციებიც მოგვესმინა და გაგვეგო, რა უნდა გაითვალისწინოთ, სანამ რემონტს დაიწყებთ და ამა თუ იმ ხელოსნისთვის ან კომპანიისთვის თანხის წინასწარ გადახდას გადაწყვეტთ.

 

 

რას ამბობენ დაზარალებული მოქალაქეები  

 

ჩვენ შევეცადეთ იმ ადამიანებთან დაკავშირებას, რომლებსაც პროკურატურაში საჩივარი აქვთ შეტანილი, თუმცა მათ ამ თემაზე საჯაროდ საუბარი არ სურთ, თუმცა ისიც კი საკმარისია, ნებისმიერმა თქვენგანმა რემონტის ჯგუფებს გადახედოს, რომ მაშინვე თვალში მოგხვდებათ თანხების სავარაუდო მითვისების ან შეკვეთის არაპროფესიონალურად შესრულების შესახებ პოსტები. პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით, ჩვენ მაინც არ ვასაჯაროებთ ამ პოსტების ავტორებს და მხოლოდ ამონარიდებს გაწვდით.

მინდა ამ  “კომპანიასა და “ხელოსნებზე” ჩემი რეკომენდაცია გაგიზიაროთ. დავუკავშირდი დაახლოებით 15 ივლისს, ბინის სრული რემონტის თაობაზე. მითხრეს, რომ დაახლოებით აგვისტოს 25-მდე ვერ მოიცლიდნენ. რა თქმა უნდა დაველოდე. …….

26 აგვისტოს დასავლეთში მოუწიათ წასვლა. 28 აგვისტოს მარიამობა იყო. პირველ სექტემბერს დაიწყეს მუშაობა. 27 სექტემბერს ჩაგაბარებთო. 1000 ლარი წინასწარ გადავუხადე. 3 სექტემბერს ერთ-ერთის ბიძა გახდა ავად და ოთხი დღე ითხოვეს. 9 სექტემბერს მეორე ხელოსანს ბაღისთვის მოუწია საბუთების მოგროვება. 11 სექტემბერს წყალი არ არისო. დავრეკე კომპანიაში – არისო. უი, ვინტილი ყოფილა გაჭედილი და გავაკეთეო. 15 სექტემბერს ბაღში წაიყვანეს ბავშვები და ვერ იმუშავეს. …

ისტერიკებით ძლივს ვაიძულე, რომ ჭერი მაინც გაეკრათ იმ 1000 ლარში. გავაკარითო. მივედი იბაში და “რიგელები” შეუფუთავი მხვდება. გაწევ-გამოწევის შემდეგ 200 ლარი ძლივს დავაბრუნებინე და 6 ცალი მორჩენილი პროფილის ფულიც. ასევე 150 ლარის, რომელიც გაუთვალისწიმებელ საჭროების დროს შეიძლებოდა გამოეყენებინათ. არ ენდოთ თაღლითებს” – წერს ერთ-ერთი მომხმარებელი სოციალურ ქსელში და თან ურთავს იმ ხელოსნების ფოტოებს, რასაც ჩვენ ამ შემთხვევაში არ ვასაჯაროებთ.

ეს მხოლოდ ერთ-ერთი ბოლო პოსტია ამ ჯგუფში, თორემ მსგავსი ინფორმაცია მომხმარებლების მხრიდან კვირაში რამდენჯერმე ვრცელდება. ამის მიუხედავად, როგორც ჩანს, ბინის რემონტის დროს, მაინც უწევთ მოქალაქეებს ხელოსნებისა და კომპანიებისთვის თანხის ნაწილის წინასწარ გადახდა. საბოლოოდ კი , საკუთარი ძალებით, უწევთ პრობლემის მოგვარება ან საერთოდ ვეღარ აგვარებენ.

 

 

 

რა გზები არსებობს, რომ უკანონოდ მითვისებული თანხა უკან დაიბრუნოთ

 

“ფორტუნა” იმ იურიდიულ კომპანიას დაუკავშირდა, რომელსაც წარმოებაში აქვს ხელოსნებისგან დაზარალებული მოქალაქეების საქმეები. “სი ელ ესის” მმართველი პარტნიორი ეკა ლომიძე გვეუბნება, რომ არაერთი შემთხვევაა, როცა მაგ. ავეჯის დამამზადებელი კომპანია თაღლითური გზით ცდილობს თანხების მიღებას კლიენტისგან, შემდეგ კი ან საერთოდ არ აბარებს ავეჯს, ან საერთოდ სხვა მიაქვს ადგილზე.

“ანუ პროდუქციას რეკლამით ყიდიან და შეკვეთის შემდეგ უხარისხო ავეჯს აბარებენ ან საერთოდ არ მიაქვთ. დღეს უკვე ათობით დაზარალებული ჩივის პროკურატურაში. კომპანიის შემთხვევაში გვაქვს ხელშეკრულებებიც, რაც მეტი სანდოობისთვის კეთდება, მაგრამ იქ საშინელი პირობებია ჩადებული”, – ამბობს ლომიძე.

ჩვენ იურისტს ვკითხეთ, რას ნიშნავს ხელშეკრულების ცუდი პირობები და რა უნდა გაითვალისწინოს მომხმარებელმა ნებისმიერ დროს, როცა მსგავს ფაქტთან აქვს საქმე. ასევე გავარკვიეთ, რომ მომხმარებლები იურისტებისგან დახმარებას ითხოვენ ამა თუ იმ ნივთის ონლაინ შეძენის დროსაც.

“ძალიან ხშირი გახდა ელექტრონულად ნივთების შეძენა. ზოგადად, ეს კარგი შესაძლებლობაა, მაგრამ ჩნდება პრობლემებიც. სოციალურ ქსელში ბევრი კომპანიაა, რომლის წარმომავლობა არ ვიცით და თანხას მაინც ვრიცხავთ მითითებულ ანგარიშზე. გვქონდა შემთხვევა, როცა 100, 200 ლარი გადარიცხა მომხმარებელმა და ის “ექაუნთი” სოციალურ ქსელში მოგვიანებით აღარ იყო, გაქრა. ხშირად არის, რომ ურიგდებით ხელოსანს, ხელშეკრულება არ ფორმდება, თანხას ვუხდით წინასწარ და შემდეგ ეს თანხა გვეკარგება.

მაგალითად, ხელოსანს შევუკვეთეთ ფანჯრები, გადავუხადეთ თანხა და ის აღარ ასრულებს სამუშაო, გვაქვს მხოლოდ ტელეფონის ნომერი. ასეთ დროს უნდა მივმართოთ პოლიციას, თუმცა ხშირად ისინი თავად არკვევენ და ცდილობენ საქმის მოგვარებას. ამ პირს იბარებენ პოლიციაში, ეუბნებიან, რომ აღიაროს, რომ აქვს ვალი, მაგ. 500 ლარის ოდენობით, დავა იწყება სამოქალაქო სასამართლოში. არადა არსებობს სისხლის სამართლის კოდექსში მუხლი, რაც თაღლითობას ითვალისწინებს.

იმისთვის, რომ სასამართლოში არ მოგიწიოთ სიარული, იურისტთან უნდა გაიაროთ კონსულტაცია, ის გეტყვით, რა ფორმით უნდა შეიტანოთ პოლიციაში განაცხადი, რომ სამოქალაქო დავად არ ჩაითვალოს. ანუ თქვენ არ უნდა დაეთანხმოთ, რომ ეს არის დავალიანება.

ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია ონლაინ შესყიდვების დროს გადაამოწმოს ინფორმაცია, მაგ. პოსტის ქვეშ თუ ხედავთ რომ არის კომენტარები, მაგრამ როცა წასაკითხად შეხვალთ, აღარ ჩანს, ანუ წაშლილია. ეს უკვე ეჭვის საფუძველს იძლევა” – გვეუბნება იურიდიული საკონსულტაციო კომპანიის მმართველი პარტნიორი.

რაც შეეხება კონკრეტულ რჩევებსა და რეკომენდაციებს, იურისტი აბელ გეგია ამბობს, რომ ხელოსანთან მიმართებით ნარდობის ხელშეკრულება დადოს.

“სჯობს კომპანიასთან მივიდნენ, კონტრაქტი გააფორმონ და იქ გაიწეროს შესრულებელი სამუშაოები, ვადები, რა თანხას უნდა შესრულდეს.

აუცილებლად უნდა გაიწეროს მასალა. ასევე გაიწეროს ანაზღაურების პირობები. უმჯობესია, ხელოსანს წინასწარ ფული არ მისცენ. სჯობს, თანხა გრაფიკით იყოს გაწერილი.

ასევე უნდა მოიძიოთ ინტერნეტით ინფორმაცია, რომ სანდოობა იყოს მაღალი. თუ ვადები დაირღვა, შეგიძლია პირგასამტეხლო ჩაუდო.

მეორე საკითხია, რამდენად მოაწერს ხელს.

თუ ხელოსანს აიყვანთ კერძოდ, ზეპირი ხელშეკრულება იდება ხოლმე, რაც არ არის საკმარისი, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ფული წინასწარ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ.

პრაქტიკაში ხშირად ხდება, რომ სხვა ობიექტზეც მუშაობს და დროში იწელება. ამიტომ ფული წინასწარ არ უნდა გადავუხადოთ.

თუ დრო და საშუალება აქვს ადამიანს, მოქალაქე მასალის შერჩევაზე თავად უნდა გაყვეს. არის შემთხვევები, როცა ხელოსანი მასალის ღირებულებას მეტს გეუბნება, ამიტომ უმჯობესია თავად გაყვეს.

თუ საქმე დავაში გადაიზარდა, შპს-ს შემთხვევაში მას თუ ქონება არ აქვს, ფულს ვერ ამოიღებს მოქალაქე. რომ დააკისროს კიდეც სასამართლომ, თანხას ვერ ამოიღებ, თუ ბრუნვა არ აქვს. იგივე ვარიანტია ფიზიკური პირის შემთხვევაშიც. დავა შეიძლება მოიგო, მაგრამ თანხა ვერ ამოიღო”, – აცხადებს აბელ გეგია. 

როგორც იურისტი გვეუბნება, ცალკეული ხელოსნების შემთხვევაში დაწყებული დავა მოლაპარაკებით დასრულდა და საქმე სასამართლომდე არ მისულა. რაც შეეხება კომპანიებთან დაწყებულ საქმეებს, როგორც ვთქვით, ჯერჯერობით ისინი განხილვის ეტაპზეა და გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები