LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯაფარიძე ბარების დაჯარიმებაზე : „გირჩის“ რამდენიმე შტაბი ბარებშია განთავსებული, ხელს ნუ გვიშლით საარჩევნო კამპანიაში

75
jafara

გუშინ ღამით, თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე „სახელოსნო ბარი“ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა 10 000 ლარით დააჯარიმა.

შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განმარტებით, „სახელოსნო ბარი“ დაექვემდებარა დაჯარიმებას იმ რეგულაციიდან გამომდინარე, რომელიც  22:00 საათის შემდეგ რესტორნების, ბარებისა და ყველა გასართობი დაწესებულების საქმიანობას ზღუდავს.

აღნიშნულ ფაქტს გუშინვე დაპირისპირება მოჰყვა დაწესებულებაში მყოფ პარტია „გირჩის“ წევრებსა და შრომის ინსპექტირების სამსახურის წარმომადგენლებს შორის. „გირჩში“ აცხადებენ, „სახელოსნო ბარში“ მათი საარჩევნო შტაბია გახსნილი.

ამასთან, პარტიის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ “სახელოსნოს” გარდა რამდენიმე ბარშია გახსნილი მათი საარჩევნო შტაბი. ჯაფარიძე ხელისუფლებას საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლაში ადანაშაულებს.

„როგორც მოგეხსენებათ, ბოლო რამდენიმე კვირაა, თბილისში, ბათუმსა და რუსთავში „გირჩის“ რამდენიმე  შტაბი ფუნქციონირებს, მათ შორის ამ შტაბის ნაწილი განთავსებულია ბარებში. როგორც იცით, ბარებს ფუნქციონირება აკრძალული აქვთ და ჩვენ ამ ბარებს და მათ მეპატრონეებს, რომლებიც მათ შორის ჩვენი მხარდამჭერები არიან, ვიყენებთ ურთიერთთანამშრომლობისთვის, ანუ მათთვის მნიშვნელოვანია, რომ იქ მივიდნენ ჩვენი მხარდამჭერები, რომლებიც მოიხმარენ სხვადსხვა სასმელს, ჩვენთვის კი მნიშვნელოვანია, გვქონდეს შტაბები და აქამდე არანაირი პრობლემა არ გვქონია. გუშინ ღამე ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი ორკესტრირებულად შევარდა ჩვენს ყველა შტაბში და რამდენიმე მათგანს დაემუქრა, რომ დააჯარიმებდნენ. ეს ცალსახად არის ჩვენი კამპანიისთვის ხელის შეშლა და შრომის ინპსპექტირების დეპარტამენტი, ისევე, როგორც ყველა სახელმწიფო სტრუქტურა ივანიშვილის ხელში, ამ წუთში გადაქცეულია პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად და კონკრეტულად „გირჩის“ მიმართ გამოიყენება ბრძოლის ეს ხერხი, რომ ხელი შეგვიშალონ კამპანიის ჩატარებაში. ჩვენ ვართ ეგეთი პარტია და კამპანიას ვატარებთ ასეთი ფორმით. ბარში მოდიან ჩვენი მხარდამჭერი ახალგაზრდები, ჩვენ მათთან ერთად ვსვამთ და ვლაპარაკობთ სხვადასხვა თემაზე, ეს არის ჩვენი კამპანიის შინაარსი“,-განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები