LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაგეგმილი ცვლილებებით უგულებელვყოფთ ქალების მრავალწლიანი ბრძოლის შედეგებს“ – სახალხო დამცველი გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ კანონპროექტს უარყოფითად აფასებს

116
ლევან იოსელიანი

სახალხო დამცველი უარყოფითად აფასებს პარლამენტში ინიციირებულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც საქართველოს ორგანულ კანონში, „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების განხორციელების გზით, გენდერული კვოტირების გაუქმებაა.

როგორც ომბუდცმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელია ქალების ხმა მკაფიოდ ისმოდეს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოსა და პოლიტიკის განმსაზღვრელ სხვა უწყებებში, რათა დღის წესრიგში იდგეს ქალთა საჭიროებები და გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი ღონისძიებები.

„საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება და უარყოფითად აფასებს საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც საქართველოს ორგანულ კანონში, „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების განხორციელების გზით, გენდერული კვოტირების გაუქმებაა.

აღნიშნული ცვლილებები განსაკუთრებით საყურადღებოა იმის ფონზე, რომ ხსენებულის საპირისპიროდ, საქართველოს პარლამენტმა 2022 წელს მხარი დაუჭირა გენდერული კვოტირების 2032 წლამდე გახანგრძლივებას და ამით მკაფიოდ გაუსვა ხაზი ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მნიშვნელობას და შესაბამისი საჭირო ღონისძიებების განხორციელებას ქალთა ჩართულობის გასაზრდელად.

გენდერული კვოტირების მექანიზმი არა ქალების მიმართ მინიჭებული პრივილეგია, არამედ ქალთა მიმართ დისკრიმინაციული მიდგომის აღმოფხვრის, სტერეოტიპებთან ბრძოლისა და საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულების შესრულების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.

ქალები ყოველდღიურად აწყდებიან უხილავ ბარიერებს, რომელთა აღმოფხვრა და ქვეყანაში არსებითი თანასწორობის მიღწევა სავალდებულო გენდერული კვოტის პროპორციის დახვეწით და სხვა ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელებითაა შესაძლებელი.

დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებებით კი უგულებელვყოფთ ქალების მრავალწლიანი ბრძოლის შედეგებს და ვაუარესებთ თანასწორობის მისაღწევად არსებულ მექანიზმებს.

ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელია ქალების ხმა მკაფიოდ ისმოდეს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოსა და პოლიტიკის განმსაზღვრელ სხვა უწყებებში, რათა დღის წესრიგში იდგეს ქალთა საჭიროებები და გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი ღონისძიებები“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, პარლამენტი, დაჩქარებული წესით იწყებს განხილვას „გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივის, რომელიც საპარლამენტო საარჩევნო სიის ფორმირებისას გენდერული კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებს.

„გირჩის“ პროექტს მმართველი უმრავლესობა მხარს უჭერს – დაგეგმილია მიმდინარე სასესიო კვირის განმავლობაში მისი სამივე მოსმენით განხილვა და დამტკიცება.

როგორც უმრავლესობა განმარტავს, შედგა შეთანხმება იმის თაობაზე, რომ უმრავლესობა „გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივას მხარს დაუჭერს, ხოლო „გირჩი“ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პროცესში „კანდიდატის კეთილსინდისიერებასა და პროფესიონალიზმზე იქნება ორიენტირებული და საკითხი პირადი პოლიტიკური თემებისთვის არ იქნება გამოყენებული“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები