„დედაქალაქში ავტობუსის გაჩერებებზე დამონტაჟებული ელექტრონული ტაბლოები ონლაინ რეჟიმში მუშაობენ და მგზავრებს აბსოლუტური სიზუზტით აწვდიან ინფორმაციას თუ რამდენ წუთში მოვა ავტობუსი“ – კანონით ეს ასე უნდა ყოფილიყო და ყოველივე ამას დაახლოებით იგივე ეფექტი უნდა ჰქონოდა, რაც შუქნიშნებზე ციფერბლატებსა და წამმზომებს აქვთ.

„ახლა სატესტო ვარიანტი ჩაიწერა და ელექტრონული მაჩვენებლები უკვე 20 გაჩერებაზე დამონტაჟდა. აგვისტოს ბოლომდე ქალაქში არსებულ ყველა ძირითად გაჩერებებზე, სადაც რამდენიმე ავტობუსი ერთდროულად მოძრაობს, კიდევ 450 ტაბლო დამონტაჟდება“, – ეს განცხადებაც ძველია, ეს  მაშინ, დიდი ხნის წინ თქვა თბილისის ყოფილმა  მერმა გიგი უგულავამ. თუმცა მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაირა. მერებმაც ჩაიარეს. ელექტრონული ტაბლოები კი ხან მუშაობს და ხან არა.

დედაქალაქის  მე­რი­ამ ავ­ტო­ბუ­სე­ბის გა­ჩე­რე­ბებ­ზე ელექტრო­ნუ­ლი ტაბ­ლო­ე­ბის და­მონ­ტა­ჟე­ბა 2011 წლის ზა­ფხულ­ში და­ი­წყო და პროექტზე მთლი­ა­ნო­ბა­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, 2 მი­ლი­ონ 700 ათა­სი ლარი და­ი­ხარ­ჯა. იდეის შეფასებებიც სხვადასხვა იყო. როგორც ყოველთვის პროექტის ავტორებს მოსწონდათ, ოპოზიცია კი აკრიტიკებდა.

 

დღეის მდგომარეობით ვითარება ასეთია: დიღმის მესამე მასივში, რობაქიძის გამზირზე უკვე რამდენიმე კვირაა ელექტრონული ტაბლო არ მუშაობს. ავტობუსს კი მგზავრები „სასწაულის“ იმედად ელოდებიან. კიდევ უფრო „სასწაულია” ტრანსპორტში მოხვედრა, განსაკუთრებით დილის საათებში, საღამოობით კიდევ უარესი. საქალაქო ტრანსპორტი მგზავრებს ვერ იტევს.

თბილისი დგას: საცობებით სავსე ქალაქი, სადაც ვეღარ ვმოძრაობთ – რა განტვირთავს ქუჩებს

სოციალური ქსელი სავსეა ხალხით გადაჭედილი მეტროებისა და ავტობუსების ფოტოებით. სამაგიეროდ გვყავს თეთრი ტაქსები. ვისაც ხალხმრავალი ადგილები გაწუხებთ, შეგიძლიათ მერის სატრანსპორტო პოლიტიკის რეფორმის წარმატებაში წვლილი შეიტანოთ და თეთრი ტაქსებით იმგზავროთ.

აღნიშნულ გაჩერებაზე რამდენიმე მგზავრიც ჩავწერეთ.

„კი ვიცი, დიდი ხანია არ მუშაობს. მგონი იმ საღამოს გაფუჭდა თბილისში ძლიერი ქარი და წვიმა რომ იყო. სახლიდან გამოვდივარ და ბრმად ველოდები როდის ჩამოივლის ავტობუსი. ადრე სულ არ იყო ეს დაფები და ვმგზავრობდით, მაგრამ ახლა მიჩვეულები ვართ და პრეტენზიაც ამიტომ გვაქვს ალბათ“, – დალი გოგაშვილი.

„ალბათ ერთი თვეა, რაც არ მუშაობს. ცუდია ძალიან. სამსახურში რომ მივდივარ, დროის განსაზღვრა მიჭირს. არავინ არ აკეთებს ტაბლოს. ავტობუსი ხან იგვიანებს, ხან ადრე მოდის, ვერ გავიგე“ – ნელი ალადაშვილი.

 

მერმა კალაძემ ყველა მგზავრი ბედნიერიაო, მაგრამ არც ერთ ფოტოში, რომელიც მგზავრები სოციალურ ქსელებში დებენ, რატომღაც არ ჩანს ბედნიერი სახეები.

„ერთადერთი პრობლემური მონაკვეთი ფიქსირდება, მხოლოდ სადგურის მოედანი. რაც კი სოც. ქსელებში ფოტოები იდება, კადრები, ერთადერთი ეს არის გადასასვლელი ხიდი. მეტრო რომ დაიძვრება, ჩვენ მგზავრი არ გვრჩება“ – განაცხადა თბილისის ვიცე მერმა ირაკლი ხმალაძემ.

“სტუდენტობის პერიოდში სულ მეტროთი ვმგზავრობდი და მაშინაც ასე იყო” – ირაკლი ხმალაძე

 

რაც შეეხება ელექტრონული ტაბლოს შესახებ ინფორმაციას, ეს ამბავი დედაქალაქის მერიაში მოვიკითხეთ. როგორც მერიაში გვითხრეს, ელექტრო ტაბლოების სადენები დამონტაჟდება მიწის ქვევით. სამუშაოები დაწყებულია და მომდევნო კვირის ბოლომდე დასრულდება. თუმცა აღნიშნულ მისამართზე სამუშაოების მიმდინარეობის არაფერი ეტყობა, მაგრამ მერიის პირობას მაინც იმედით ვუყურებთ.

სანამ ქალაქს ეშველება, ასე  ვიჯდებით გაჩერებაზე და ვუყურებთ გაფუჭებულ ტაბლოს. ავტობუსი ჩამოივლის აბა რას იზამს.

 

 

მსგავსი თემები