LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანადა სამუშაო ძალას ეძებს – სამ წელიწადში ქვეყანამ 1.5 მილიონი მიგრანტი უნდა მიიღოს

4167
canada

კანადა სამუშაო ძალის დაბერების გამო, ეკონომიკაში არსებული დეფიციტის შევსებას მიგრანტებით გეგმავს.

ნოემბრის დასაწყისში ქვეყნის ფედერალურმა მთავრობამ განაცხადა, რომ 2025 წლამდე წელიწადში 500 000 ემიგრანტს მიიღებს, რაც ნიშნავს, რომ სამი წლის განმავლობაში, კანადაში თითქმის 1,5 მილიონი ახალი ემიგრანტი შევა.

ამ გეგმის თანახმად, ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, კანადა ყოველწლიურად 8-ჯერ უფრო მეტ მუდმივ მაცხოვრებელს მიიღებს, ვიდრე გაერთიანებული სამეფო და 4-ჯერ უფრო მეტს, ვიდრე მისი სამხრეთ მეზობელი, ამერიკის შეერთებული შტატები.

ბევრი დასავლური ქვეყნის მსგავსად, კანადას შობადობის დაბალი მაჩვენებლის და მოსახლეობის დაბერების პრობლემა აქვს. ეს ნიშნავს, რომ ზრდის მისაღწევად, მას ემიგრანტების მიღება მოუწევს.

მრავალი წლის განმავლობაში კანადა ცდილობს მიიზიდოს მუდმივი მაცხოვრებლები (ემიგრანტები, რომლებსაც ქვეყანაში განუსაზღვრელი ვადით დარჩენის უფლება აქვთ, მაგრამ მოქალაქეები არ არიან) მოსახლეობისა და ეკონომიკის ზრდის შესანარჩუნებლად. გასულ წელს ქვეყანამ 405 000 ადამიანი მიიღო, რაც ქვეყნის ისტორიაში უდიდესი მაჩვენებელია.

ემიგრანტების ხარჯზე, ქვეყანაში სამუშაო ძალა უკვე გაიზარდა და ამ ფონზე, მოსალოდნელია, რომ 2032 წლისთვის ქვეყნის მოსახლეობაც გაიზრდება.

ანალიტიკოსების თქმით, კანადის გადაწყვეტილება ქვეყნის მიერ მიგრანტების ძალის კარგად გამოყენების პრაქტიკას უკავშირდება, რის გამოც, გეგმის მიმართ საზოგადოებაში გარკვეული ნდობა არსებობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იდეას მოწინააღმდეგეები არ ჰყავს.

უახლესი გამოკითხვა აჩვენებს, რომ ემიგრანტების დიდი რაოდენობით მიღება საზოგადოებაში შეშფოთებასაც იწვევს.

საკითხზე განსხვავებული შეხედულებები არსებობს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. ზოგიერთმა მათგანმა მიგრანტების მიღებაზე გარკვეული კვოტებიც დააწესა.

კვებეკის პროვინციაში განაცხადეს, რომ წელიწადში 50 000-ზე მეტ ადამიანს არ მიიღებენ. ეს ნიშნავს, რომ კვებეკი, რომელზეც ქვეყნის მოსახლეობის 23% მოდის, ემიგრანტების მხოლოდ 10%-ს მიიღებს.

კვებეკის პრემიერმინისტრმა ფრანსუა ლეგომ განაცხადა, რომ უფრო მეტი იმიგრანტი პროვინციაში ფრანგულ ენას საფრთხის წინაშე დააყენებს.

ამასთან, ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში საბინაო კრიზისია. გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობა ღელავს მთავრობის გეგმის გავლენაზე საცხოვრებელსა და სოციალურ სერვისებზე.

წყარო: ბიზნეს ფორმულა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები