LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარანტინის დღეები: ლადო კახაძის „ვეფხისტყაოსანი“ და „შესანიშნავი შვიდეული“

378
9090

„როდესაც 70 წლის ხარ, კარანტინის დღეებს სულ სხვანაირად ატარებ. გინდა თუ არა, გიწევს, დაფიქრდე განვლილ დღეებზე და ბევრ რამეს სხვა თვალით შეხედო“, – უთხრა „ფორტუნას“ დეპუტატმა ლადო კახაძემ.

„კარანტინის მიუხედავად, პაციენტები სულ მირეკავენ. დღესაც ტელეფონით ხუთ ჩემ ძველ პაციენტს მივეცი გარკვეული მითითებები. მიხარია, რომ ასეთ მძიმე დღეებში დახმარება შემიძლია.

კარანტინის მძიმე დღეებს ყველა ასაკში ალბათ განსხვავებულად უმკლავდებიან. მე პირადად ვცდილობ, დღის განმავლობაში საინფორმაციოს არ ვუყურო. ახალ ამბებს საღამოს ვუყურებ, ისიც ისეთ არხზე, სადაც არ ცდილობენ პოლიტიკა და კორონავირუსი ერთმანეთს დაუკავშირონ.

მე და ჩემი მეუღლე 52 წელია ერთად ვართ. ერთმანეთს სკოლიდან ვიცნობთ და ძალიან ბევრი რამ გვაქვს გასახსენებელი. ძველი, კარგი დღების გახსენება კარანტინის დროს ძალიან კარგია. ხვდები, რამდენი და როგორ გიცხოვრია. თურმე რამდენი რამის გახსენება შეგიძლია სიხარულითაც და სინანულითაც.

ზოგადად ძალიან მიყვარს ადრე წაკითხული წიგნების გადაკითხვა და ახალი და საინტერესო ნიუანსების აღმოჩენა. რამდენჯერმე გადაკითხული წიგნი მხოლოდ რამდენიმე მაქვს. ახლა „ვეფხისტყაოსანს“ მივუბრუნდი, აღარც მახსოვს მერამდენედ და კიდევ ერთხელ აღვფრთოვანდი, პოემის სიღრმით. რამდენი სიღრმეა ჩადებული, თუნდაც ავთანდილის გადაწყვეტილებაში.

ალბათ ბევრი არ დამეთანხმება და კარანტინში „ვეფხისტყაოსანს“ თავიდან არ მიუბრუნდება, განსაკუთრებით ისინი, ვისაც სკოლის ასაკში საზეპიროების გამო არ უყვარდა, მაგრამ თუ ჩემ რჩევას მიიღებენ, არ ინანებენ.

 

 

ძველი ფილმები მიყვარს. ახალგაზრდებსაც ვურჩევ მათ ნახვას. ჩემი საყვარელი ფილმია „შესანიშნავი შვიდეული“. ფილმს მხოლოდ ისე ნუ შეხედავთ, რომ ის ვესტერნია. ფილმში არაჩვეულებრივი დიალოგებია, რომელსაც თუ ყურადღებით მოვუსმენთ, ბევრ რამეს ვისწავლით. რამდენიმე წლის წინ ფილმის რიმეიქი გადაიღეს, მაგრამ მე მაინც ძველი ვერსია უფრო მომწონს და სხვებსაც მის ნახვას ვურჩევ”.

 

 

 

კარანტინის დღეები: ენძელა მაჭავარიანი ფეისბუქს დაუმეგობრდა და ადრე მოწონებულ წიგნებს კითხულობს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები