LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარგი განწყობა ქმნის მყარ იმუნიტეტს – რუსუდან ჯაში გადაცემაში ,,სტუმრად ექიმთან”

20086
guestdoctornews

როგორ შევქმნათ მყარი იმუნიტეტი ვირუსული ინფექციების დროს. აღნიშნულთან დაკავშირებით გადაცემაში  ,,სტუმრად ექიმთან” პედიატრმა, პროფესორმა რუსუდან ჯაშმა ისაუბრა.

ქალბატონო რუსუდან, მოგესალმებით, დიდი მადლობა ამ ჩართვაში მონაწილეობისათვის. დღეს მთავარი აქცენტი გვექნება იმაზე, თუ როგორ უნდა შევინარჩუნოთ მყარი იმუნიტეტი ვირუსული ინფექციების დროს, იქნება ეს Covid-19 თუ სხვა რაიმე ტიპის ვირუსული ინფექცია. რა არის ის ამოსავალი წერტილი, რაც მყარ იმუნიტეტს იძლევა?

გმადლობთ მოწვევისათვის და ასეთი აქტუალური საკითხის წინ წამოწევისთვის. იმუნიტეტი ყველას გვჭირდება, როგორც მოზრდილებს, ასევე ბავშვებს. განსაკუთრებით ბავშვებს ამ პერიოდში. ეს რთული საკითხია იმ თვალსაზრისით, რომ მშობლებს და ზოგადად, ადამიანებს, როგორც წესი უჭირთ იმ ყველაფერის შესრულება, რაც საჭიროა იმუნიტეტის ასამაღლებლად. რა არის ის, რაც საჭიროა? მოკლედ რომ ვთქვათ:  ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესი, ჯანსაღი, დაბალანსებული კვება სუფთა ჰაერზე ყოფნა, ფეხით სიარული. ამ ყველაფერს სამწუხაროდ ჩვენ ახლა მოკლებული ვართ. ასევე მნიშნველოვანია სრულფასოვანი ძილი, ჰიგიენური ნორმების დაცვა და კარგი განწყობა. კარგი განწყობა ძალიან მნიშნველოვანია იმისათვის, რომ იმუნიტეტი იყოს კარგ მდგომარეობაში, ის იმუნიტეტის სიჯანსაღეს უწყობს ხელს. მნიშვნელოვანია ასევე წყლის სწორად მიღება, რაც უაღერესად აუცილებლია წლის ყველა სეზონზე. ყველაფერი ერთად აბალანსებს და იძლევა ჯანსაღ იმუნიტეტს.

როცა ვსაუბრობთ სრულფასოვან კვებაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმმა უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი პროდუქტი, თუმცა ძალიან ხშირად ამ მხრივ პრობლემებს ვაწყდებით ბავშვებთან, რომლებიც შერჩევით იღებენ საკვებს და მათ უბრალოდ ვერ ვაიძულებთ ჭამონ ის, რაც არ უნდათ. როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? არის თუ არა კარგი მეთოდი ამ დროს იმუნიტეტს წავეხმაროთ თუნდაც  ვიტამინებით?

მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ამ საკითხზე მუდმივად ვსაუბრობ. საქმე ეხება იმას, რომ ჩვენთან, განსაკუთრებით საქართველოში და პოსტ-საბჭოთა სივრცეში უფრო მიღებულია ცხოვრების გაადვილების გზების ძებნა და რატომღაც ეს ჰგონიათ მედიკამენტები. მინდა კიდევ ერთხელ გავაფრთხილო ყველა მშობელი, რომ მედიკამენტები ამ დროს არ არის გამოსავალი ან გადარჩენა, ეს არის კიდევ ერთი დამატებითი სტრესი ორგანიზმისათვის. განსაკუთრებით ეს ეხება ბავშვის ორგანიზმს. მინდა ყველა სერიოზულად დაფიქრდეს, განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში, სადაც ამდენი მზე და სიმწვანეა, არის საშუალება რომ სწორად ვიკვებოთ, მაინც ვიტამინებზე და წამალდამოკიდებულია ჩვენი მოსახლეობა და ეს სერიოზული პრობლემაა. ამ კრიზისის დროსაც გამოჩნდა ჩვენი მოსახლეობის დამოკიდებულება წამლებთან მიმართებაში. როგორც კი ითქვა ერთ-ერთ პრეპარატზე, რომ ის შეიძლება ეფექტური იყოს ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ, მაშინვე დაცარიელდა აფთიაქები და ეს წამალი გახდა დეფიციტური. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანები გამოსავალს წამალში ეძებენ მაშინ, როდესაც მეც და სხვა ექიმებიც მუდმივად ვსაუბრობთ იმაზე, რომ იქნება ეს ვირუსი თუ სხვა რაიმე სახის ინფექცია, პირველ რიგში მყარი იმუნიტეტსიათვის საჭიროა ცხოვრების ჯანსაღი წესი, დაბალანსებული კვება, სუფთა ჰაერზე სეირნობა და ყველაფერი, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ. წამლებით ჯანმრთელ იმუნიტეტს ვერ მივიღებთ. ამას მივიღებთ მხოლოდ აღნიშნული წესების შესრულებით.

რაც შეეხება სწორ და დაბალანსებულ კვებას, მინდა აღვნიშნო, რომ დღესდღეობით უფრო ადვილია ამაზე საუბარი, არის უამრავი საშუალება და ტელევიზიასა თუ რადიოში ძალიან ხშირად საუბრობენ იმაზე, თუ როგორი საჭიროა დაბალანსებული კვება. მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა იმასაც, თუ როგორი მარტივია სწორად კვება, თუ ამას გააზრებულად შევხედავთ. ჩვენთან სეზონურად მუდმივად შემოდის პროდუქტები, რომლებიც გვჭირდება. ბუნება თვითონ გვაწვდის იმ საკვებს, რაც აუცილებელია ჩვენი ორგანზიმისთვის. მაგალითად, თუ გაზაფხულზე ვთვლით, რომ ჩვენი იმუნიტეტი დაქვეითებულია და ვიტამინების ნაკლებობა გვაქვს, სწორედ ამ დროს შემოდის ყველაფერი მწვანე: მწვანე ბოსტნეული, ახალი მწვანილი, ხახვი, ნიორი, რომლებიც სავსეა იმ ვიტამინებით, რაც ასე გვჭირდება. ამ დროს ჩვენ გვინდა ეს ყველაფერი მივიღოთ აბების სახით, რაც ქიმიაა.  ჩვენი ორგანიზმი შეჩვეულია იმ პროდუქტების მიღებას და გადამუშავებას, რაც შემოდის სეზონურად. ორგანიზმი შეჩვეულია ენდემურ პროდუქტებს, მაგრამ როდესაც ვიღებთ ვიტამინებს რომლებიც არ ვიცით საჭიროა თუ არა, ასეთ დროს ზიანი უფრო მეტი შეიძლება იყოს, ვიდრე სარგებელი.ვიტამინი ან ნებისმიერი წამალი უნდა დანიშნოს მხოლოდ ექიმმა იმ კონკრეტული ჩივილის გამო, იმ კონკრეტული მონაცემების გამო, რასაც გასინჯვისას ნახავს და დაადასტურებს ლაბორატორიული კვლევით.
თუ სახეზეა კლინიკური და ლაბორატორიული სურათი, რომ კონკრეტულ პაციენტთან რომელიმე ვიტამინია საჭირო, რა თქმა უნდა დავნიშნავ. მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც მშობელი თვითნებურად ყიდულობს ვიტამინებს, მან არ იცის რა არის ამ პოლივიტამინებში სასარგებლო და რა საზიანო. ზოგჯერ პოლივიტამინოზი ავიტამინოზზე საშიში შეიძლება იყოს. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო D პოლივიტამინოზი, ანუ D ვიტამინის სიჭარბე, რომელიც შეიძლება ძალიან საზიანო იყოს ადამიანის, მით უმეტეს მოზარდის ორგანიზმისათვის. თუ გამოკვლევის შედეგად აღმოჩნდა D ავიტამინოზი, მისი აღმოფხვრა შესაძლებელია, თუმცა D ვიტამინის სიჭარბეს შეუძლია დააზიანოს თირკმელი და სხვა ორგანოთა სისტემები და გამოიწვიოს სერიოზული დაავადებები, რომელთა აღმოფხვრა ბევრად რთულია. აქედან გამომდინარე მინდა ჩვენი მოსახლეობა მიეჩვიოს იმას, რომ წამალი, ეს არის სერიოზული ნივთიერება. პარაცელსი ამბობდა: ,,ყველა წამალი საწამლავია, მას მხოლოდ დოზა აქცევს წამლად”. ეს საუკუნეების წინ ითქვა. ჩვენი საზოგადოების სახელწოდებაც, რომლის ხელმძღვანელიც მე ვარ, ჰიპოკრატეს გამონათქვამიდან მოდის- “უპირველესია არ ავნო”. უპირველესია პაციენტმა არ ავნოს თავის თავს ან თვითნებური გადაწყვეტილებით ჩვენ არ ვავნოთ სხვას.
ეს არ არის მარტივი პროცესი, ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო მშობლებს, მუდმივ კონტაქტზე იყვნენ თავიანთი შვილების ექიმებთან და თვითნებურად ნუ მისცემენ მათ ნურც წამალს და ნურც ვიტამინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები