LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კატასტროფის თავიდან ასაცილებლად, შესაძლებელი იყო სწრაფი მოქმედება: დამოუკიდებელი კომისია ჩინეთსა და ჯანმო-ს აკრიტიკებს

76
FORTUNA.GE- (2)

“ჩინეთსა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას შეეძლო, კატასტროფის თავიდან ასაცილებლად, უფრო სწრაფად ემოქმედა კოვიდპანდემიის ადრეულ ეტაპზე და შემაკავებელი ზომები დაუყოვნებლივ განეხორციელებინა ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ჩინეთიდან ვირუსის გავრცელება იყო შესაძლებელი.” – პანდემიისთვის მზადყოფნისა და მასზე რეაგირების დამოუკიდებელმა კომისიამ შუალედური ანგარიში წარადგინა, რომელშიც გაკრიტიკებულია როგორც ჯანმო, ასევე ჩინეთის ხელისუფლება.

დამოუკიდებელ ექსპერტთა კოლეგია მომზადებულ მეორე შუალედურ ანგარიშს დღეს წარუდგენს ჯანმო-ს აღმასრულებელ საბჭოს.

გამოქვეყნებულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ ჯერ კიდევ 2020 წლის იანვარში, მაშინ როდესაც ვირუსი გავრცელებას იწყებდა, ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის ორგანოებს, შეეძლოთ უფრო მკაცრი ზომები მიეღოთ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას კი საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობა გაცილებით ადრე გამოეცხადებინა.

მოხსენებაში ორგანიზაცია გაკრიტიკებულია სწორედ იმის გამო, რომ გაეროს ჯანმრთელობის სააგენტომ საგანგებო კომიტეტი 2020 წლის 22 იანვრამდე არ მოიწვია.

პანდემიისთვის მზადყოფნისა და მასზე რეაგირების დამოუკიდებელმა კომისიამ მუშაობა ივლისში დაიწყო. კომისიას ახალი ზელანდიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჰელენ კლარკი და ლიბერიის ყოფილი პრეზიდენტი ელენ ჯონსონ სერლიფი ხელმძღვანელობენ.

კოლეგიამ დამოუკიდებელი მუშაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა მოითხოვეს პანდემიაზე მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და ყოვლისმომცველი შეფასებების მოსმენა.

მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ყველა ქვეყანაში, ეპიდემიის ადრეულ პერიოდში ინფექციების მოცულობა უფრო მეტი იყო, ვიდრე ოფიციალურად ფიქსირდებოდა. დაფარულმა ეპიდემიამ კი ხელი შეუწყო ვირუსის გლობალურ გავრცელებას.

დასკვნაში ვკითხულობთ: “ჯანმო-მ და ეროვნულმა ხელისუფლებამ დროულად არ გააფრთხილა საზოგადოება, რომ ვირუსი შეიძლება გავრცელდეს ადამიანებს შორის, მაშინ, როდესაც სიმპტომები გამოხატული არ არის”.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ანგარიშში კიდევ ერთი კრიტიკა დაიმსახურა იმის გამო, რომ 2020 წლის 11 მარტამდე ჯანმო არ იყენებდა სიტყვას “პანდემია”, კოლეგია კი აღნიშნავს, რომ ეს მნიშვნელოვანი იყო, რადგან სიტყვა “პანდემია” ხაზს უსვამს, რომ იგი ემსახურება ყურადღების გამახვილებას ჯანმრთელობის მოვლენის სიმძიმეზე.

შეგახსენებთ, პანდემიის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების ჯგუფი 14 იანვარს ჩინეთში ჩავიდა.

ვიზიტის მიზანი პანდემიის წარმოშობის შესახებ გამოძიების დაწყებაა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები პანდემიის წარმოშობის გამოსაკვლევად ვუჰანში ჩავიდნენ