LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხათუნა ლაგაზიძე: რეალურად, სააკაშვილი მართავს სიტუაციას, ხელისუფლება ამ შერკინებაში მოპასუხეა

231
ხათუნა

„ოცნება“ ფაქტობრივად საკუთარ ნაჭუჭში ჩაიკეტა, როგორც საკუთარი მოსახლეობისგან, ისე დასავლეთისგან, –  განაცხადა პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ ქართულ პოლიტიკაში ჩიხური ვითარების განმუხტვის შესაძლებლობებზე საუბრისას.

როგორც ლაგაზიძემ „ფორტუნას“ გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა, საქართველოში, ფაქტობრივად ორხელისუფლებიანობა გვაქვს.

„სააკაშვილი მართავს ციხიდან და „ქართული ოცნება“ თვითიზოლაციიდან.

როდესაც ვსაუბრობ თვითიზოლაციაზე, ვგულისხმობ, რომ „ოცნება“ ფაქტობრივად საკუთარ ნაჭუჭში ჩაიკეტა, როგორც საკუთარი მოსახლეობისგან, ისე დასავლეთისგან. ის ფაქტობრივად გაემიჯნა საღ აზრს.

თითქოს უნცნაურია, მაგრამ „ქართული ოცნება“ გადავიდა თავდაცვის პოზაში.

პატიმარი სააკაშვილი დღეს რეალურად არის სიტუაციის წარმმართველი, პოლიტიკის ტონის მიმცემი და მთელი ხელისუფლება თავისი სტრუქტურებით, ძალოვანი სისტემით, არის მოპასუხე ამ შერკინებაში. მაგრამ მთელი გამოწვევა ამ ყველაფერში გახლავთ ის, რომ ამ ყველაფრის ფონზე სიტუაცია ისე იძაბება, რომ დაპირისპირება შესაძლოა, ფართომასშტაბიან დაპირისპირებაში გადაიზარდოს, ან სრულმასშტაბიან დიქტატურაში.

ამას ყველაფერს ამძაფრებს საგარეო პოლიტიკური ფონი, რომელიც ასევე არნახულად რთულია. ყოველ შემთხვევაში, ასეთი მოძლიერებული რუსეთი, რომელიც სრულმასშტაბიან შეტევას ახორციელებს მთელი პოსტკავშირის სივრცის ფარგლებში, დასავლეთის წინააღმდეგ დასავლეთის განსადევნად, მე არ მახსენდება.

რუსეთი ცდილობს, ფერფლიდან წამოდგეს და ახალი საბჭოთა კავშირის შექმნას. პირველი ნაბიჯები ამისკენ გადადგა.

ბელორუსთან ერთიანი სახელმწიფოს შესახებ ხელშეკრულების დადებით. ნიშანდობლივია, რომ ლუკაშენკო სამი წელი უწევდა წინააღმდეგობას რუსეთს.

მაგრამ საბოლოო ჯამში საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობა სკამს შესწირა.

ნიშანდობლივია, რომ ახლა ამ პროცესს ვუყურებთ საქართველოში. მე არ შემეშინდება ამის თქმა.

ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, საქართველოს მოსახლეობა რამდენად მიხვდება და რამდენად დაარქმევს რეალურ სახელს, იმ პროცესებს, რაც დღეს საქართველოში მიმდინარეობს, და ჩემი გადმოსახედიდან, ეს არის სწორედ ის, რაც ლუკაშენკომ გააკეთა.

მეორე, მნიშვნელოვანია, როგორია დასავლეთის შეფასება მიმდინარე პროცესების და  რამდენად არის მზად საქართველო, რომ საქართველო კი არ დაიცვას, არამედ დაიცვას საკკუთარი ინტერესები ამ რეგიონში.

რადგან ეს არის რუსეთის გადამწყვეტი ბრძოლა დასავლეთის განსადევნად პოსტსაბჭოთა სივრციდან.

ეს ყველაფერი რამდენიმე წლის წინ აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო. ის რაც დღეს ხდება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრებთან, უკრაინის საზღრებთან. პოლონეთისა და ბალტიის სამივე ქვეყნის საზღვრებთან.

აქ არის ეკონომიკური მდგენელი, მაგალითად გაზის ფასი. საბოლოო ჯამში რუსეთის პოლიტიკური ინტერესი არის დასავლეთის განდევნა პოსტსაბჭოთა სივრციდან.

საქართველოში განვითარებული ამბები ამ საერთო სურათში ზუსტად ეწერება“. – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ ნინი ხუგაშვილის გადაცემა „კვირის თემაში“.

 

 

 

პოპულალურები