LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელისუფლების პიარსამსახურებში დასაქმებულთა რიცხვი და მათი ანაზღაურება ისევ იზრდება (ინფოგრაფიკა)

281
5-30

საქართველოს სახელმწიფო უწყებების პიარსამსახურებში თანამშრომელთა ანაზღაურების და მათი როცხოვნების შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” კვლევა ჩაატარა. ორგანიზაციის მიერ მოძიებული მასალების მიხედვით, 2017-2018 წლების პერიოდში ხელისუფლების მიერ პიარსამსახურების თანამშრომლების რაოდენობა და მათი ანაზღაურებისთვის ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯები კვლავ მაღალია. 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, 197 უწყების პიარსამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურება, დაახლოებით, 2 მილიონ ლარამდე არის გაზრდილი და 20 047 896 ლარს შეადგენს.

საჯარო უწყებების საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, დაახლოებით, 4%-ით არის გაზრდილი. 2017 წელს 194 უწყების პიარსამსახურში დასაქმებული იყო 996 თანამშრომელი, ხოლო 2018 წელს – 1037.

2018 წელს, პიარსამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურება (ხელფასი, პრემია, ბონუსი, დანამატი) დაახლოებით, 2 მილიონ ლარამდე არის გაზრდილი, რაც 10%-მდე ზრდას წარმოადგენს. 2017 წელს 194 უწყების პიართანამშრომელთა ანაზღაურებამ, საერთო ჯამში, 18 111 258 ლარი შეადგინა, 2018 წელს კი – 20 047 896  ლარი.

2013 წლიდან დღემდე ყოველწლიურად იზრდება საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა და მათი ანაზღაურებისთვის დახარჯული თანხა.

ქვეყანაში საშუალო ხელფასი 69 ლარით გაიზარდა

გაიგეთ დარგები, სადაც ყველაზე მაღალი ანაზღაურებაა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” განმარტებით, მთავრობის ადმინისტრაციამ პიარსამსახურში დასაქმებულთა რაოდენობის და მათი ანაზღაურების შესახებ ორჯერ განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდა.

პიარის თანამშრომელთა ანაზღაურებაში ყველაზე მეტ თანხას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ხარჯავს, მას ცოტათი ჩამორჩება საქართველოს პარლამენტი და შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევაში შესულია ხელისუფლების სამივე შტოს – საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო უწყებების, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სსიპ-ების მონაცემები, რომელიც  მოიცავს, როგორც შტატიან, ისე ხელშეკრულებით დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობას.

პოპულალურები