გიორგი შაქარაშვილის საქმეში დევს მოკლული ფეხბურთელის დედის, თამარ შალვაშვილის ჩვენება, სადაც დაბადების დღის ამბები დეტალურად არის აღწერილი.
შალვაშვილმა გამოძიებას ჩვენება 11 აგვისტოს მისცა.
ჩვენების მიხედვით, დედამ გიორგის გაუჩინარების შესახებ გური ამირხანაშვილისგან გაიგო.
შალვაშვილი ჩვენებაში წერს, რომ შვილს 24:00 საათზე ესაუბრა.
გიორგი შაქარაშვილის დედის ჩვენებაში, რომელიც „ტვ პირველმა“ მოიპოვა, ვკითხულობთ:
„2020 წლის 18 ივნისს სახლიდან გავედი დილის დაახლოებით 10:30 საათისთვის, ამ დროს გიორგის ჯერ კიდევ ეძინა. მას მაინც დავუტოვე თანხა, რადგან ვიცოდი, რომ დაბადების დღეზე მიდიოდა ქალაქგარეთ. მას შემდგომ გიორგი აღარ მინახავს. შემდეგ, სანამ წავიდოდა დაბადების დღეზე სოციალურ ქსელში მომწერა, რომ უნდა წასულიყო ფალიაშვილის ქუჩაზე სალონში. ამის შემდგომ იმის გამო, რომ გიორგის ტელეფონი არ ჰქონდა, დავურეკე გურამ ამირხანაშვილს დაახლოებით რვა საათისთვის და ვკითხე, წავიდნენ თუ არა დაბადების დღეზე. რა დროსაც გურამ ამირხანაშვილმა მითხრა, რომ იყო დიდუბის მეტროსთან და უნდა წასულიყვნენ დაბადების დღეზე. დაახლოებით ღამის თორმეტი საათისთვის დავრეკე კვლავ გურამ ამირხანაშვილის ტელეფონზე, რა დროსაც ვესაუბრე გიორგის და ვკითხე, როდის მოვიდოდა სახლში. მითხრა, რომ დილით დაბრუნდებოდა. ვუთხარი, რომ სახლის კარს ღიას დავტოვებდი. ამ დროს გიორგი ჩვეულებრივად მესაუბრა. არანაირი აღელვება და შეშფოთება არ ეტყობოდა. მესაუბრა ჩვეულებრივად, მშვიდი ტონით“, – ვკითხულობთ ჩვენებაში.
ჩვენებიდან ირკვევა, რომ ოჯახში დილის შვიდ საათზე დარეკა გუკა ამირხანაშვილმა და იკითხა, გიორგი დაბრუნდა თუ არა სახლში. გიორგის დედას მოუყვა, რომ აგარაკზე ჩხუბი და მაგისტრალზე დაპირისპირება მოხდა.
ამის შემდეგ შაქარაშვილების ოჯახი გიორგის მოსაძებნად მიდის მცხეთაში. თავდაპირველად წავიდნენ აგარაკზე და შემდეგ გადაინაცვლებენ ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, იმ ადგილას, სადაც ოქროს მოწმემ გიორგი შაქარაშვილი ბოლოს ნახა.
დედა ჩვენებაში წერს, რომ ფიქრობდა გიორგის ექნებოდა ტრამვა და სწორედ ამიტომ ხმამაღლა ეძახდა.
„დაახლოებით დილის 7 საათზე სახლში დარეკა გიორგის მეგობარმა გურამ ამირხანაშვილმა. იკითხა გიორგი იყო თუ არა სახლში მოსული. ვუთხარი, რომ გიორგი ღამით სახლში არ იყო დაბრუნებული. გურამ ამირხანაშვილმა მითხრა, რომ მცხეთაში ღამით მოხდა ჩხუბი, რის გამოც ის დაიმალა და ვეღარ ნახა გიორგი. ძალიან გავნერვიულდი და ჩემს ქალიშვილთან ანი შაქარაშვილთან, გურამ ამირხანაშვილთან, ლაშა გურეშიძესთან, მაკა ნადირაძესთან და ოლეგ ბობოხიძესთან ერთად წავედით მცხეთაში გიორგის მოსაძებნად. პარალელურად ყველამ ჩვენი საშუალებებით დავიწყეთ მისი მოძებნა სანაცნობოში და მეგობრებში. მაგრამ მისი ადგილსამყოფელის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. ჩავედით მცხეთაში და გურამ ამირხანაშვილმა გვაჩვენა ადფგილი, სადაც ბოლოს ნახა გიორგი. აღნიშნული ადგილი არის მცხეთაში თბილისი-სენაკი ლესელიძის საავტომობილო გზაზე, არაგვის ხიდის მიმდებარედ. ხიდის ქვეშ გამავალი მეორე ხარისხოვანი გზა. ჩვენ მივედით იმ ადგილას, სადაც დაბადების დღე იყო. შემდგომ წამოვედით ხიდებთან და გურამმა გვაჩვენა ადგილი, სადაც თვითონ დაიმალა. ასევე ადგილი, საითაც მან დაინახა, რომ გიორგი გარბოდა. რის შემდგომაც აღნიშნულ ტერიტორიაზე დავიწყეთ გიორგის მოძებნა. ვფიქრობდი, რომ მას ღამე ტრავმა ჰქონდა მიღებული. ხმამაღლა ვეძახდით და ვეძებდით აღნიშნულ პერიმეტრზე. დასახმარებლად დავრეკეთ 112-ში და განვაცხადეთ გიორგის დაკარგვის შესახებ, რის შემდეგაც ინტენსიურად დაიწყო გიორგის სამძებრო სამუშაოები“, – ვკითხულობთ ჩვენებაში.
გამოძიებლები დედას უსვამენ კითხვას, იცოდა თუ არა გიორგიმ ცურვა, რაზეც ის აცხადებს, რომ მან ცურვა არ იცოდა და წყლის ეშინოდა და წყალში არ შედიოდა.
საინტერესოა ჩვენებაში ეპიზოდი, სადაც თამარს უსვამენ კითხვას, ჰყავდა თუ არა გიორგის შეყვარებული.
დედა ამბობს, რომ მისი ინფორმაციით გიორგის ბოლო დროს შეყვარებული არ ჰყოლია.
ჩვენება არის საქმის სამ ტომში, რომელსაც გამოძიება ასაიდუმლოებს და მასზე წვდომა ამ დრომდე არავის ჰქონია.