არახამიამ ქართველი იანუკოვიჩი, კრიმინალი სააკაშვილი, მოიკითხოს საკუთარ ხელისუფლებაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ივანიშვილი ქართველი იანუკოვიჩი გახდა: არახამია
„არახამიას პირით გააჟღერეს, რომელმაც გამოიყენა ტერმინი „ქართველი იანუკოვიჩი“. მინდა, მას ვუთხრა, რომ ქართველი იანუკოვიჩი უნდა მოიკითხოს საკუთარ ხელისუფლებაში, რომელიც არის დღემდე ოფიციალური რეფორმების საბჭოს თავმჯდომარე.
საქართველოდან კრიმინალისთვის გაგდებული და შემდეგ ციხეში ჩასმული კრიმინალი სააკაშვილი არის მათი რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი. შესაბამისად, ქართველი იანუკოვიჩი მოიკითხონ თავისთან, უკრაინის ხელისუფლებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე განცხადებით, დავით არახამიაა ის ადამიანი, რომელიც პირველი გამოეხმაურა ფეიკინფორმაციას.
„მახსოვს, როდესაც გავრცელდა ფეიკი რძის პროდუქტებთან დაკავშირებით, თითქოს საქართველო აფართოებდა საკუთარ ექსპორტ რუსეთის ფედერაციაში. იმავე დღეს, მაშინაც დავით არახამია გამოეხმაურა ამ ფეიკს, ახლაც გავრცელდა კიდევ ერთი გაუგებარი ჩანაწერი, აქაც იმავე დღეს, რამდენიმე საათში გამოეხმაურა დავით არახამია, ამას აქვს ერთი მარტივი მიზეზი. დავით არახამია საქართველოში არის რადიკალურ ოპოზიციაში, უკრაინაში ხელისუფლებაში, საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე, ასეთ დროს ბუნებრივია არის სრული კოორდინაცია. შესაბამისად, საზოგადოებამ ყველაფერი იცის არახამიასთან დაკავშირებით.
მგონი, ომი რომ დასრულდება, არახამიაზე უფრო მეტს გაიგებს საზოგადოება ცუდ რაღაცებს. მგონია, რომ ეს ყველაფერი არის ლოგიკური გაგრძელება იმ შეხვედრისა, რომელიც შედგა ბაკურიანში. ის შედგა მოღალატეობრივი შეკრება, სადაც მათივე აღიარებით, განხილული იქნა ხელისუფლების გადატრიალების გეგმები. ეს ჩანაწერიც მათთვის იყო ერთგვარი ხავსი და ამ შეკრების გაგრძელება უნდათ ამ ჩანაწერით და მერე არახამიას განცხადებით.
იმასაც არ გამოვრიცხავდი, აკერმანის ჩამოტანილი იყოს ეს ფარული ჩანაწერები და პირდაპირ უკავშირდებოდეს ეს ყველაფერი ბაკურიანის შეკრებას. ეს არის ჩემი პოლიტიკური ვარაუდი. არახამია არის „ნაცმოძრაობის“ გარე სპიკერი, რომელიც რამდენიმე საათში აკეთებს ხოლმე განცხადებებს, ერთხელ რომ გააკეთებ ასეთ ფეიკზე განცხადებას და ფეხი წაგიცდება, მეორეჯერ უფრო ფრთხილად ხარ ხოლმე. ამ ფეიკების შემქმნელიც და შემდეგ გამავრცელებელიც არის იგივე პოლიტიკური ძალა, რომელსაც არახამია წარმოადგენს დრეს კიევში“, – განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამია ევროკავშირს და ამერიკის შეერთებულ შტატებს ბიძინა ივანიშვილისა და მისი აქტივების წინააღმდეგ დასავლეთში პირადი სანქციების დაწესების განხილვისკენ მოუწოდებს.