უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, „კონტრშეტევა კინო არ არის, მთავარია, ის რუსეთმა დაინახოს და იგრძნოს“. როგორც ზელენსკიმ განაცხადა, კონტრშეტევის შედეგი უკრაინული ტერიტორიების გათავისუფლება უნდა იყოს.
„ეს კინო არ არის, ჩემთვის რთულია, თქმა, როგორ დაინახავთ თქვენ კონტრშეტევას. მთავარია, ის რუსეთმა დაინახოს და არა მხოლოდ დაინახოს, არამედ იგრძნოს. განსაკუთრებით იმ ჯარებმა, რომლებსაც ოკუპირებული აქვთ ჩვენი ტერიტორია. ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია, სწორედ ეს არის კონტრშეტევის შედეგი. როდესაც ის დაიწყება, თქვენ მიხვდებით, რომ ეს ხდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ომის გამო უკრაინა ჯერ ვერ გახდება NATO-ს წევრი. ამავე დროს, ზელენსკის თქმით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებში მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული, რომ ისინი იმოქმედებს ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებამდე.