საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე სამი პირი პასუხისგებაში მისცეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ორ შემთხვევაში ბრალდებულებმა კრედიტის უკანონოდ მიღების მიზნით, კომერციულ ბანკებში  განაცხადის შევსებისას მიუთითეს ყალბი მონაცემები საკუთარი ფინანსური მდგომარეობის შესახებ, თითქოსდა მუშაობდნენ სხვადასხვა კომერციულ სტრუქტურაში და იღებდნენ შესაბამის ანაზღაურებას.  როგორც საგამოძიებო სამსახურში განმარტავენ, მესამე  ბრალდებულმა, ბანკში  ყალბი სახელფასო ცნობა წარადგინა.

“კრედიტის სახით მიღებულ თანხას ბრალდებულები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ და ბანკის დავალიანება აღარ დაფარეს. საქმეებზე გამოძიება გრძელდება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 5 წლამდე ვადით,” – აღნიშნავენ საგამოძიებო სამსახურში.

მსგავსი თემები