LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრიტიკული განცხადებები, რომლებიც ევროპარლამენტარებმა დღეს საქართველოში მედიის თავისუფლებაზე გააკეთეს – რა მოვისმინეთ ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ჩვენზე

185
ევროპარლამენტიი

ევროპარლამენტში საქართველოში მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე დებატები გაიმართა. ევროპარლამენტარებისგან ბევრი კრიტიკული შეფასება მოვისმინეთ.

გთავაზობთ, დეპუტატების მხრიდან საქართველოს მედია გარემოზე გაკეთებული განცხადებებს:

ჟურნალისტების გაჩუმება და პატიმრობაში მიცემა ძირს უთხრის საქართველოს ამბიციებს – ასეთია პეტრას აუსტრევიჩუსის შეფასება, რომელიც გვირჩევს გავიზაროთ, რა დევს ფსონზე საქართველოს მომავლისთვის.

“თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია გახლავთ განუყოფელი ნაწილი საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, მაგრამ ჟურნალისტების გაჩუმება, მათი პატიმრობაში მიცემა ძირს უთხრის საქართველოს ამბიციებს.

ევროკავშირი, როგორც ფუნდამენტური უფლებების დამცველი, გააგრძელებს მედიის თავისუფლების დაცვას საქართველოში, თუ ეს გულისხმობს პოლიტიკის გაკრიტიკებას იმათი, ვინც მართავს ქვეყანას. არ არის დრო მედიის მოღვაწოებაში პოლიტიკის ჩარევის. ევროპარლამენტმა მოითხოვა სახელმწიფო პოლიტიკისა და დამოკიდებულებაში ცვლილება, თბილისისთვის დრო დადგა, გაიგონ, რა დევს ფსონზე საქართველოს მომავლისთვის” – თქვა ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა ევროპარლამენტში.

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა იმედგაცრუებულია მთავრობის ჩართულობით მედიასთან ბრძოლაში.

“მედიასთან დაკავშირებით [საქართველოში] ვითარება მძიმეა. ხდება ჟურნალისტებზე თავდასხმა, არის მუქარის შემთხვევები, სისხლის სამართლებრივი დევნა… მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რომ მედიის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულია მთავრობა იმის მაგივრად, რომ დაიცვან საზოგადოების ერთ-ერთი საყრდენი”, – განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ სიტყვით გამოსვლისას.

მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია ახსენა ანა ფოტიგა დღეს ევროპარლამენტის ტრუბინიდან და კომუნისტური რეჟიმიც გაიხსენა.

“საქართველოში ციხეში სხედან ყველაზე ცნობილი ადამიანები, ისეთები, როგორიცაა მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, დღევანდელი დებატების ერთ-ერთი სუბიექტი. ისინი მოგვმართავენ ჩვენ, საქართველოს საუკეთესო მეგობრებს, მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკულად არიან განწყობილი არსებული მთავრობის მიმართ, გრძნობენ ისტორიულ საფრთხეს ქვეყნის მიმართ და ითხოვენ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, რომ არ მოხდეს საქართველოს მოსახლეობის დასჯა და მიტოვება, რომ არ დარჩნენ ქართველები პოტენციური რკინის ფარდის უკან.

შეხედეთ, რა ხდება უკრაინაში. მე თვითონ ვებრძოდი კომუნისტურ რეჟიმს და ვგრძნობ იმას, რასაც გრძნობს ყველა ქართველი. მივანიჭოთ სტატუსი საქართველოს, ისევე როგორც უკრაინას და მოლდოვას”- თქვა ფოტიგამ.

საქართველოს დემოკრატიული რეფორმების ტემპს უწუნებს მარინა კალიურანდი.

“საქართველომ დაკარგა თავისი ტემპი დემოკრატიული რეფორმების თვალსაზრისით. მე მოვუწოდებ მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს, ბოლო გაფრთხილებად მიიღონ დღევანდელი დისკუსია – დაიწყეთ ერთად მუშაობა დემოკრატიულ რეფორმებზე, რომლებიც საჭიროა. ჯერჯერობით ღიაა შესაძლებლობების ფანჯარა. აი, ამას ელის თქვენგან ქართველი ხალხი” – განაცხადა მარინა კალიურანდმა.

ივანიშვილის სანქცირების მომხრეა მირიამ ლექსმანი.

“საქართველოს ევროპული გზის მხარდასაჭერად მნიშვნელოვანია, სანქციები დაუწესდეს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს მისი დესტრუქციული როლისთვის საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაზე. ჩვენ, როგორც საქართველოს მეგობრები, არ გავდგებით გვერდზე, როცა საქართველოში მედია სუსტდება და დემოკრატია უკან მიდის”, – ამბობს ლექსმანი.

ნიკა გვარამიას საქმე ასახელებს, როგორც კანონის უზენაესობის ხელყოფის ერთ-ერთ მაგალითს ფონ კრამონი.

“ჩვენ ვახდენდით ინვესტიციას არა მხოლოდ თანხების ქვეყანაში. ქვეყანა ბოლო პერიოდში შეიცვალა. მიუხედავად ყველა პროდასავლური განცხადებისა, აბსოლუტურად უყურადღებოდ რჩება – ხდება კორუფციის ინდექსი გაუარესება, მედიის თავისუფლების ინდექსიც უარესდება, ნიკა გვარამიას საქმე არის კანონის უზენაესობის ხელყოფის ერთ-ერთი მაგალითი. ჩვენ ვართ ქვეყნის მეგობრები და არ გვინდა ვნახოთ განვითარების ასეთი მაგალითები”, – აღნიშნა კრამონმა.

საქართველოს სურვილი იყო ევროპული ოჯახი, მაგრამ ხელმძღვანელობამ მიდგომა შეცვალა – განაცხადა კარინ კარლსბრო ევროპარლამენტის ტრიბუნიდან და აღნიშნა, რომ საქართველოს ადგილი ევრიპაშია.

“3 მარტს საქართველომ წარმოადგინა თავისი განცხადება ევროკავშირში წევრობასთან დაკავშირებით. უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველო აჩვენებდა თავის სურვილს და შესაძლებლობას, რომ დაახლოებოდა ევროპულ ოჯახს, რომელსაც მივესალმებოდით, მაგრამ ქვეყნის ხელმძღვანელობამ შეცვალა მიდგომა სრულად. როდესაც ჟურნალისტებს ემუქრებიან და ციხეში სვამენ მეზობელ ქვეყნებში ასოცირების ხელშეკრულების თვალსაზრისით ეს ძალიან შემაშფოთებელი და გამაფრთხილებელი ნიშანია. კანდიდატმა ქვეყანამ უნდა აიღოს ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობა. არავინ არ უარყოფს, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპაში, რომ სიტყვების თავისუფლება არის ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხია ევროკავშირში და ეს კარგად იცის საქართველოს მთავრობა”, – განაცხადა ევროპარლამენტის დეპუტატმა.

მე მითხრა ჩემმა დამხმარემ საქართველოდან, ძალიან ბევრი საშინელი რამ ხდება ქვეყანაში – ამბობს იოახიმ კუტცი ევროპარლამენტში. 

“როდესაც საქართველო 89 პრესის თავისუფლების თვალსაზრისით, მაგალითად, ალექსანდრე ლაშქარავა გარდაცვლილი იპოვეს თავის ბინაში, ძალიან ბევრი აქვს სასაუბრო ამ საკითხზე იუსტიციის მინისტრს. ასევე, ბევრი ადამიანია ციხეში მოთავსებული. მე მითხრა ჩემმა დამხმარემ, რომელიც არის საქართველოდან, ძალიან ბევრი საშინელი რამ ხდება ქვეყანაში და ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს მივცეთ საშუალება, გახდეს წევრი ევროკავშირის, თუმცა ეს არის სილის გაწვნა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის, რომელთაც შეიტანეს განაცხადი წევრობაზე. არ უნდა იყოს სიტუაცია, რომელიც დააზარალებს მათ და ჩვენ” – განაცხადა იოახიმ კუტცმა.

მომზადებულია ფორმულას სინქრონული თარგმანის მიხედვით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები