LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით „მინდიასა“ და „პირველი სიყვარულის“ კლავირები გამოიცა

65
კულტურა

10 ნოემბერს, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, ოთარ თაქთაქიშვილის, ორი ოპერის – „მინდიასა“ და „პირველი სიყვარულის“ კლავირების პრეზენტაცია, რომლებიც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით მომზადდა და გამოიცა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, მუსიკოსები, კონცერტმაისტერები, ოთარ თაქთაქიშვილის ოჯახის წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

შესრულდა ცნობილი არიები ოპერებიდან „მინდია“ და „პირველი სიყვარული“, მოწვეულ სტუმრებს კი საჩუქრად გადაეცათ კლავირები.

კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, 2015 წლიდან ოპერის თეატრი გამოსცემს ქართველ კლასიკოს კომპოზიტორთა საოპერო ქმნილებების ნოტებს (კლავირი, პარტიტურა, საორკესტრო ხმები). ეს სანოტო მასალა სრული კომპლექტია ოპერების შეუფერხებლად დადგმისთვის საქართველოშიც და უცხოეთშიც, რადგან დართული აქვს ლიბრეტოს, შესავლისა და განმარტებების ინგლისურენოვანი თარგმანი. დღემდე გამოცემულია შვიდი ოპერის ნოტები. ესენია: ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“ და „დაისი“, ვიქტორ დოლიძის კომედიური ოპერა „ქეთო და კოტე“, რევაზ ლაღიძის „ლელა“, ოთარ თაქთაქიშვილის „მთვარის მოტაცება“, „მინდია“, „პირველი სიყვარული“.
ყველა ეს ოპერა მრავალი წლის მანძილზე თბილისის საოპერო თეატრის რეპერტუარში იყო და დღემდე ასეა. ხშირი, მრავალწლიანი გამოყენების გამო ნოტები აღმოჩნდა სავალალო მდგომარეობაში. მით უმეტეს, რომ ჩამოთვლილი ოპერების ნაწილი ან საერთოდ არ იყო დაბეჭდილი, ან გამოცემული იყო მე-20 საუკუნის 50-იან, 60-იან წლებში. ნოტებს დართული ჰქონდა ტექსტის რუსული თარგმანი. ამის გამო სამინისტრომ წამოჭრა საკითხი ქართველ კლასიკოს კომპოზიტორთა საოპერო ლიტერატურის დაცვისა და გადარჩენის შესახებ.

სანოტო მასალაზე ზრუნვა და მათი მოწესრიგება დაიწყო 2015 წლიდან, შედგა მრავალწლიანი სამოქმედო გეგმა, გამოცემის რიგითობის დაცვის მიზნით დაიგეგმა წელიწადში თითო ოპერის დაბეჭდვა, შეირჩა შემოქმედებითი ჯგუფი კომპეტენტური მუსიკოსების შემადგენლობით, რომელთა უმეტესობა თავის დროზე მონაწილეობდა ამ ოპერების შექმნის პროცესში, ან მათ სცენურ განხორციელებაში.

აღსანიშნავია, რომ გეგმის მიხედვით, ახალი რედაქციით გამოიცა შვიდი ოპერის კლავირი, მომზადდა პარტიტურებისა და საოპერო ხმების ელექტრონული ვერსიები. ეს ხანგრძლივი სამუშაო შეასრულა შემოქმედებითმა ჯგუფმა რევაზ ტაკიძის (გამოცემების მთავარი რედაქტორი), ზაზა აზმაიფარაშვილის (რედაქტორი), მანანა ახმეტელის (შესავალი ტექსტების ავტორი), თამარ ჯაფარიძის (მთარგმნელი), მაია სიგუას (ლიბრეტოს ქართული ტექსტების რედაქტორი), ბესო დანელიას (დიზაინერი), ლევან გოცირიძის (კომპიუტერული მომსახურება), ქეთევან ნოზაძის (ორგანიზატორი) შემადგენლობით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები