ზაფხულის სეზონთან ერთად, მოქალაქეებს სიცხესთან გამკლავება უჭირთ. ეს მხოლოდ მაღალ ტემპერატურას არ უკავშირდება. ცხელ დღეებში რთულდება საკვები პროდუქტების შერჩევა და მათი ხანგრძლივი დროით შენახვა. ზაფხულში იზრდება ნაწლავთა ინფექციების საშიშროება, ასევე, სპეციალისტების განმარტებით, დაუბანელი ხელით განპირობებული დაავადებები დაახლოებით 25%-ით მეტია, სხვა სეზონებთან შედარებით.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, პაატა იმნაძე მოსახლეობას ზაფხულში საკვებთან და წყალთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აძლევს.

იმნაძის თქმით, აუცილებელია ტემპერატურული რეჟიმის დაცვა, რადგან პროდუქტების მაცივრის გარეთ შენახვა საშიშია.

ყოველგვარი სალათი, რომელიც შეკმაზულია რძის პროდუქტებით, ძალიან დიდ საშიშროებას წარმოადგენს. არაფერს არ უნდა ვერიდოთ, თუ კარგადაა მომზადებული. ერთადერთი კრემიანი ნამცხვრები, ქათმის სალათები უმჯობესია მაშინ მივირთვათ, თუ მაცივრიდან ახალი გამოღებული და ცივია,“ – განმარტავს პაატა იმნაძე.

ბაზრის დახლზე მოხვედრილი სასოფლო სამეურნეო პროდუქციის თითქმის 90%, კერძოდ ხილი და ბოსტნეული, მიკრობიოლოგიურად დაბინძურებულია და ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ამის შესახებ გაეროს ექსპერტმა, ეკოლოგმა ხათუნა ახალაიამ თქვა.

ახალაიას თქმით, სასოფლო სამეურნეო პროდუქციის კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ბაზარი, რომელიც გაჯერებულია გლეხურ მეურნეობებში მოყვანილი პროდუქციებით, მომხმარებლისთვის მაღალ რისკს წარმოადგენს. საუბარია იმ ნაყოფზე, რომელსაც უშუალოდ ნიადაგთან აქვს შეხება: მარწყვი, მწვანილი, ჭარხალი, სტაფილო, ასევე ვაშლი და ქლიავი, რომლებიც მიწაზე იყრება.

ხათუნა ახალაია მომხმარებელს ურჩევს, დაიცვან ჰიგიენის ნორმები, ბაზარში შეძენილი პროდუქტი 15-20 წუთის განმავლობაში გააჩერონ გამდინარე წყალში, მწვანილი 10-15 წუთის განმავლობაში ჩააწყონ სოდიან წყალში, რაც ასე თუ ისე, გარკვეული ფორმით აცილებს მიკრობებს. ასევე, ჭარხალი და სტაფილო გამოყენებამდე აუცილებლად უნდა გაითალოს, მოსცილდეს ის ფენა, რომელშიც შეიძლება იყოს მიკრობიოლოგიური დაბინძურება.

„მიწაზე ძალიან ხშირად ჩვენი ფერმერები იყენებენ ორგანულ სასუქს, როგორიცაა ნაკელი, რომელიც სასოფლოსამერუნეო პროდუქტის მიკრობიოლოგიურად დაბინძურების ერთერთი წყაროა,“ – აღნიშნავს ახალაია.

რაც შეეხება წყალს, მის დღის განმავლობაში მიღებას და უსაფრთხოებას, პაატა იმნაძის რეკომენდაციით, რომ თუ წყალი ცენტრალიზებულია და კარგად დეზინფექცირდება, მისი მიღება პრობლემას არ წარმოადგენს. ხოლო თუ წყლის ხარისხში ეჭვი შეგვაქვს, ნებისმიერი წყალი უსაფრთხო ხდება ერთწუთიანი დუღილის შემდეგ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სპეციალისტები მოქალაქეებს ქალაქგარეთ და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მწერებისგან თავის დაცვის მიზნით, რეკომენდაციებს აძლევენ. სპეციალისტების რჩევით, ბუნებაში გასვლის წინ, რეპელენტები (სპეციალური დამაფრთხობლები) უნდა წავისვათ ღია ადგილებზე და ტკიპა არ მოგვეკარება. როგორც წესი, ივნისის ბოლოდან იწყება მწერების გააქტიურება და საჭიროა რეპელენტების მოხმარება.

„ახლა არის ის სეზონი, როდესაც ტკიპები არიან გააქტიურებული. ტკიპების ძალიან ცოტა ნაწილი შეიძლება იყოს მძიმე დაავადებების გადამტანი. მაგრამ, არც ისე არაა სასიამოვნო, ტკიპა რომ გიკბენს. შეიძლება ალერგიული რეაქცია ჰქონდეს, შეიძლება უბრალოდ რაიმე ბანალური ინფექცია შეიჭრას და დაჩირქდეს, ამიტომ ძალიან კარგია ბუნებაში გასვლის წინ, რეპელენტები (სპეციალური დამაფრთხობლები) წავისვათ ღია ადგილებზე და ტკიპა არ მოგვეკარება. ეს რეპელენტები ერთი წლის ასაკიდან ბავშვებზეც შეგვიძლია, გამოვიყენოთ. ეს დაიცავს არა მხოლოდ ტკიპებისგან. არის რეპელენტები, რომლებიც იცავს ასევე კოღოს ნაკბენისგან, იგივე ფლებოტომუსების ნაკბენისგან, რომელმაც შეიძლება ლეიშმანიოზი გამოიწვიოს,“ – განაცხადა იმნაძემ.

განსაკუთრებული ყურადღება წელიწადის ყველაზე ცხელ სეზონზე ორსულებს მოეთხოვებათ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის, ლელა სტურუას თქმით, ფეხმძიმე ქალებისთვის კატეგორიულად აკრძალულია რუჯის მიღება.

„ორსულებისთვის რუჯი საერთოდ არ არის რეკომენდებული, თუმცა თუ მაინც სურთ, დილის 10 საათამდე და საღამოს 6 საათის შემდეგ შეუძლიათ, ზღვაზე გასვლა. ყველამ და განსაკუთრებით ფეხმძიმეებმა, დიდი რაოდენობით სითხე უნდა სვან. სითხეში რასაკვირველია, ალკოჰოლი არ იგულისხმება, არც კოფეინიანი ტკბილი სასმელები, ყველამ უნდა მიიღოს წყალი და ნატურალური წვენები. გარდა ამისა, ორსულებმა თავი უნდა დაიცვან გადახურებისგან,“ – ამბობს „ფორტუნასთან“ ლელა სტურუა.

სტურუა მოზარდთა კვებაზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ მაშინ, როცა სიცხეში ბავშვებს ხშირად უმადობა ახასიათებთ, კვების სტანდარტული რაციონის ჩანაცვლება ხილ-ბოსტნეულით და ნატურალური წვენებით რეკომენდებულია.

„თუ ბავშვი საკვებს არ იღებს, ერთი კვების სახით სახლის პირობებში გამოწურული ხილის წვენი იმ ოდენობის კალორაჟს და ვიტამინებს შეიცავს, რაც ერთი კვებისთვის ნორმითაა დადგენილი,” – ამბობს სტურუა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ხშირად მცირე ულუფებით კვება, ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით კომფორტულია.

თათია კაკიაშვილი

 

კატეგორიები: ანალიტიკა
თაკო ივანიაძე
ავტორი

მსგავსი თემები