LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ლამაზი ბავშვი მყავდა, შეიძლება, ვინმეს გულში ჩაუვარდა და მომტაცა” – გაუჩინარებული ბავშვების ისტორიები

47576086_742342229460346_8535074901713747968_n

ბოლო 10 წლის განმავლობაში დაკარგულია 2305 ადამიანი, მათგან 749 ქალი, 1556 მამაკაცი. დაკარგულებიდან ნაპოვნია 1375 პირი, 71 სასამართლომ გარდაცვლილად ცნო, დადგენილია 262 გვამი და მოსაძებნი დარჩა 597 ადამიანი. რაც შეეხება არასრულწლოვანებს, 2008-დან 2018 წლის ჩათვლით, დაიკარგა 332 ბავშვი, მათგან ნაპოვნია 293, სასამართლომ გარდაცვლილად ცნო 3 მათგანი, დადგენილია 4 გვამი და ამ დრომდე მოსაძებნი დარჩა 32 ბავშვი. “ფორტუნამ” ეს ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა.

არასრულწლოვანთა გაუჩინარების შემთხვევები არც თუ იშვიათია. ოჯახები დაკარგულ ბავშვებს წლობით ეძებენ და მათი პოვნის იმედს არ კარგავენ.  “ფორტუნა” დაკარგული ბავშვების ოჯახებს დაუკავშირდა. ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა დაკარგული ბავშვების შესახებ ინტერესი გაამძაფრა. ბოლო დროს აქტუალური თემებიდან გამოიკვეთა პირი, რომელიც მხოლოდ ერთი ბავშვის გატაცებასა და შემდეგ მკვლელობაში არ არის დაკავშირებული. გაირკვა, რომ 25 ოქტომბერს გორში ნაპოვნი მოკლული 8 წლის ნანუკა ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძე მხოლოდ ბერიაშვილების ოჯახის ტრაგედიაში არ მონაწილეობდა. ნებიერიძეს ბრალი 11 წლის ზაქრო ბერძნიშვილის გატაცებაშიც ედება.

ბერძნიშვილების ტრაგედია 2004 წლით თარიღდება. ზაქრო ბერძნიშვილის დედა “ფორტუნას” უყვება, რომ მის შვილს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, ამიტომ 11 წლის ბიჭი ეზოდან მარტო თითქმის არასდროს გადიოდა. ზაქროს პრობლემების შესახებ კარგად იცოდა იაგო ნებიერიძემ, რომელიც 2004 წელს ბერძნიშვილების ოჯახში მუშაობდა. ხათუნა ბერძნიშვილის ვარაუდით, ოჯახის დაქირავებულმა მუშამ ბავშვის ნდობითა და ჯანმრთელობის მდგომარეობით ისარგებლა, რასაც შედეგად მოჰყვა ის, რომ ზაქრო ბერძნიშვილი, რომელიც ახლა 25 წლის უნდა იყოს, დღემდე გაუჩინარებულია.

“დღის 3 საათისთვის ბავშვი ეზოში სათამაშოდ ჩავუშვი. რამდენიმე წუთში მეც ჩავედი და ბავშვი უკვე ვეღარსად ვნახე. ჩემი შვილი ავად იყო, ბევრი ოპერაცია აქვს გაკეთებული და ისეთი ბავშვი არ იყო, რომ სხვებთან ჰქონოდა ურთიერთობა. მას არც მეგობრები ჰყავდა. ზაქროს ასაკთან შედარებით გონებრივი ჩამორჩენა ჰქონდა. გვიან ვითარდებოდა, ფეხიც გვიან აიდგა და ლაპარაკიც 3 წლის ასაკში დაიწყო. მოგვიანებით ზაქროს თავზე შუნტირება დასჭირდა. მისი დაავადება ჰიდროცეფალია იყო. ამ პრობლემების გამო არსად ვუშვებდი მარტო, ეზოშიც ერთი-ორჯერ ჩავიდა და ისიც სულ ფანჯრიდან ვუყურებდი. ჩვენს მახლობლად ყველამ იცოდა ჩემი ზაქროს ამბავი. სულ 10 წუთით ვერ მივაქციე ყურადღება და ბავშვი გამტაცეს,” – იხსენებს “ფორტუნასთან” ხათუნა ბერძნიშვილი.

იაგო ნებიერიძე იმ დროს ბერძნიშვილების ავტოფარეხს სხვა მუშებთან ერთად აშენებდა. ყველა მუშას ბავშვთან თბილი დამოკიდებულება ჰქონდა. ოჯახი ვარაუდობს, რომ ნებიერიძეს ფულის გამოძალვის გამო ჰყავდა ბავშვი გატაცებული. მას ბრალი სწორედ ამ მიმართულებით წარედგინა, თუმცა დღემდე ოფიციალურად არ არის ცნობილი, რეალურად უკავშირდება თუ არა იაგო ნებიერიძეს ზაქრო ბერძნიშვილის გატაცება.

 

„ლამაზი ბავშვი მყავდა. შეიძლება, ვინმეს გულში ჩაუვარდა და მომტაცა“

 

2016 წლის 20 მაისს, გორის რაიონის სოფელ ბობნევში 4 წლის რამაზ ჯინიყაშვილი დაიკარგა. რამაზი 5 წლის ძმასთან და სოფლის ბავშვებთან ერთად თამაშობდა, რა დროსაც, სოფელ ბობნევის მცხოვრებლების თქმით, წითელმა სამარშრუტო ტაქსმა ჩამოიარა, საიდანაც შავებში ჩაცმული მამაკაცი გადმოვიდა, რომელსაც შავი სათვალე ეკეთა და 4 წლის რამაზი წაიყვანა. ამ ამბავს ერთადერთი თვითმხილველი ჰყავს – გატაცებული ბავშვის 5 წლის ძმა, რომელიც ამბობს, რომ თვითონ უცხო მამაკაცის შეეშინდა და გამოიქცა. სოფელი 20 მაისს დღეობას აღნიშნავდა, ყველა ოჯახში სტუმრიანობა იყო, თუმცა მამაკაცი, რომელზეც თვითმხილველი ბავშვი და სოფლის მცხოვრებლები საუბრობენ, იმ დღეს არავის სტუმარი არ ყოფილა. საგამოძიებო პროცესების დროს ადგილობრივებმა გაიხსენეს, რომ უცხო კაცი მათაც შენიშნეს. გატაცებულის ძმა ყვება, რომ კაცი პატარა რამაზთან ერთად ისევ წითელ სამარშრუტო ტაქსიში ჩაჯდა და მეზობელი სოფლისკენ წავიდა. ამ სოფელში სამარშრუტო ტაქსი არ გაჩერებულა.

ამ ამბის შემდეგ ორ წელზე მეტი გავიდა. ბავშვის კვალი 2016 წლის 20 მაისის შემდგ  ქრება. ოჯახი, რომელშიც პატარა რამაზი იზრდებოდა, სოციალურად დაუცველია და უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს: ერთ ოთახიან ბინაში ექვი სული ცხოვრობდა – რამაზი, მისი ორი დედმამისშვილი, მშობლები და ბებია.

„დღეობას აღვნიშნავდით, ბავშვებმა გვთხოვეს, სოფლის სხვა ბავშვებთან ერთად თამაში გვინდა და გაგვიშვიო. ისინი რამდენჯერმე გავიდნენ ეზოდან და უკანაც დაბრუნდნენ. ერთ-ერთი დაბრუნებისას რამაზი არ მოსულა. ეჭვი გვაქვს იმაზე, რომ ჩემი რამაზი გატაცებულია – ვიღაცამ ვიღაცას გაატანა. ბავშვი სოფლის ბირჟიდან მოიტაცეს. ისეთ გაჭირვებულ ოჯახში ვცხოვრობთ, რომ გამორიცხულია ბავშვის თანხის გამო გატაცების ვერსია. „დვარეცებში“ არ ვცხოვრობთ და ფუფუნებაში არ ვართ. ამ ამბის მერე ყოველდღე ველოდებით, რომ ბავშვი გამოჩნდეს. იმის შემდეგ პოლიციაც არ მოსულა,“ – იხსენებს „ფორტუნასთან“ გატაცების დღეს 4 წლის რამაზის მამა, ზურა ჯინიყაშვილი.

რამაზს მარჯვენა ლოყაზე ნაიარევი აქვს, მამა ამბობს, რომ ბავშვს ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ ჰქონია. გატაცების დღეს პატარას მელნისფერი შარვალი და ყავისფერი მაისური ეცვა. ბავშვმა ლაპარაკი კარგად არ იცის, მიუხედავად იმისა, რომ 4 წლისაა, თუმცა სახელს და გვარს ამბობს.

„ლამაზი ბავშვი მყავდა. შეიძლება, ვინმეს გულში ჩაუვარდა და მომტაცა,“ – ამბობს ზურა ჯინიყაშვილი.

ამ ამბის შემდეგ ჯინიყაშვილების ოჯახის ამბით სოციალური მომსახურების სააგენტო დაინტერესდა, ადგილზე მისულებმა დაინახეს რა პირობები, რომელშიც რამაზის გატაცების შემდეგ უკვე ორ არასრულწლოვანს უწევდა ცხოვრება, სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რამაზის დედმამისშვილები დროებით, მეზობელ სოფელში, შედარებით შეძლებულ ოჯახში გაესხვისებინათ. სოციალური მომსახურების სააგენტოში განმარტეს, რომ ეს ღონისძიება დროებითი იყო და გარდა მძიმე ეკონომიკური პირობებისა, განპირობებული იყო იმითაც, რომ ჯინიყაშვილების დედა შშმ პირია, ინტელექტუალური ჩამორჩენა აქვს და არც ის იცის, რამდენი წლისაა. ამას „ფორტუნასთან“ საუბრისას რამაზ ჯინიყაშვილის მამა, ზურა ჯინიყაშვილიც ადასტურებს და ამბობს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს ამ გადაწყვეტილებას ეთანხმება, რადგან შვილების უკეთეს გარემოში გაზრდა, ცხოვრება და განათლება მისთვის მნიშვნელოვანია. ზურა ჯინიყაშვილისგან განსხვავებით, ბავშვების დედა ამ ფაქტს ვერ ეგუება.

 

გატაცებული გოგონა და მდინარესთან ნაპოვნი ბავშვის ცხედარი

 

დაკარგული ბავშვების ისტორიები აქ არ სრულდება. 2014 წლის თებერვალში ქუთაისში 12 წლის გოგონაც გაუჩინარდა. მარიამ სულაბერიძეს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ. მაშინ გოგონას მეზობლები ამბობდნენ, რომ გაუჩინარების დღეს მარიამი დილით ნახეს და გოგონა ამბობდა, რომ სკოლის ნაცვლად შეყვარებულის სანახავად მიდიოდა. გაუჩინარებიდან რამდენიმე დღეში სულაბერიძე ოჯახს მობილურის საშუალებით დაუკავშირდა. დედას უთხრა, რომ ცოცხალი იყო და სახლში 10 წლის შემდეგ დაბრუნდებოდა. მაშინ ოჯახი ეჭვობდა, რომ გოგონა მოტყუებით წაიყვანეს.

„როცა ჩემს შვილს ტელეფონით ველაპარაკე, მას შეშინებული ხმა ჰქონდა და მითხრა, რომ ცოცხალი ვარ, დავბრუნდები, მაგრამ შეიძლება ეს 10 წლის შემდეგ მოხდესო. შემეშინდა, ალბათ უჭირს ჩემს შვილს, ეს უცნობი მამაკაცი, როგორც ჩანს, ასაკოვანია და 12 წლის ბავშვი კომპიუტერით მომიტყუა და სახლიდან გაიტყუა,“ – ამბობდა მარიამ სულაბერიძის გატაცებიდან მეორე დღეს გოგონას დედა, ეთერ გვენეტაძე.

საბედნიეროდ, გოგონას ჯანმრთელობას საფრთხე არ შექმნია. სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად, სულაბერიძის გატაცების საქმით სოციალური მომსახურების სააგენტოც დაინტერესედა. თითქმის ერთთვიანი ძიების შემდეგ აღმოჩნდა, რომ 12 წლის მარიამ სულაბერიძე 2014 წლის მარტში ცოლად გაჰყვა მასზე ასაკით უფროს მამაკაცს. მოგვიანებით, სამართალდამცავებმა მამაკაცი პასუხისგებაში მისცეს, 16 წლამდე ასაკის მიუღწეველთან სექსუალური კავშირის გამო. თუმცა, სოციალური მომსახურების სააგენტოში „ფორტუნასთვის“ ცნობილი გახდა ის, რომ მარიამის დაოჯახების წინააღმდეგი არც მისი და არც მეუღლის მშობლები არ ყოფილან.

მარიამისგან განსხვავებით, ტრაგიკულად დასრულდა სენაკში 8 წლის ნიკუშა გაბეჩავას ისტორია. გაბეჩავაც დაკარგულ ბავშვთა სიაშია, რომლის ცხედარიც სამართალდამცავებმა ერთთვიანი ძიების შემდეგ მდინარე ტეხურაში იპოვეს. ნიკუშა გაბეჩავა 2017 წლის 23 თებერვალს გავიდა სახლიდან და მას შემდეგ არავის უნახავს. ბიჭის მეზობლები ყვებოდნენ, რომ 8 წლის ნიკუშა მდინარის ნაპირას ჯართს აგროვებდა და მის მდინარეში დახრჩობას სწორედ ამ საქმიანობას უკავშირებენ. ნიკუშა გაბეჩავას მდინარის ნაპირზე ყოფნის დროს, იქვე კიდევ ერთი პირი იმყოფებოდა, რომელიც სამართალდამცავებმა დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის 129-ე მუხლით დაიწყო, რაც დაუხმარებლობას გულისხმობს.

ნიკუშა გაბეჩავას ოჯახი დარწმუნებულია, რომ მათი შვილი მოკლულია. მშობლებს ბავშვის მკვლელი ის პირი ჰგონიათ, რომელიც პოლიციამ სხვა ბრალდებით დააკავა.

„ეს კაცი უმკაცრესად უნდა დაისაჯოს, თუ არა და მე დავსჯი. ეს ყველაფერი ჩაფიქრებული ჰქონდა მკვლელს, მეტი არაფერი! ვითხოვთ დამნაშავის უმაღლეს სასჯელს იმისთვის, რომ მან ბავშვი მოგვიკლა, თუმცა არ ვიცი, ეს რა მოტივით ჩაიდინა,“ – განაცხადა დაკარგული ბავშვის მამამ, ერეკლე გაბეჩავამ.

 

დედა, რომელიც დღემდე ელის შვილს

 

გატაცებული ბავშვების ისტორიებიდან ერთ-ერთი ყველაზე ემოციური წიკლაურების ოჯახის ტრაგედიაა. თეთრიწყაროში მცხოვრები ლენა წიკლაური უკვე 22 წელია, რაც დაკარგული შვილის გამოჩენას უშედეგოდ ელის. უბედური შემთხვევა 1995 წელს მოხდა, როცა 9 წლის გვანცა წიკლაური სკოლიდან ბრუნდებოდა. სკოლიდან დაბრუნებულს გზად სულ დედა ხვდებოდა ხოლმე, თუმცა იმ საბედისწერო დღეს დედას რამდენიმე წუთით დააგვიანდა და 9 წლის გოგონა დაიკარგა.

„ვიღაცამ სპეციალურად გამოუშვა გოჭები, რომ მე წავსულიყავი საძებნელად და აღარ გავსულიყავი ბავშვის დასახვედრად. მართლაც ასე მოხდა. სანამ მე გოჭებს ვეძებდი, ჩემი შვილი დამეკარგა. 15 წუთით დამაგვიანდა გვანცასთან შეხვედრა. გზაზე რომ გავედი, უკვე ვეღარ შევხვდი,“ – იხსენებს ლენა წიკლაური.

გვანცა წიკლაურის გატაცებიდან 7 წლის შემდეგ გამოძიებამ წალკაში გოგონა იპოვა. გოგონას ამოსაცნობად ლენა წიკლაური მივიდა. წიკლაური ამბობს, რომ ნაპოვნი ბავშვი მისი შვილი არ იყო და იმედი კიდევ ერთხელ გაუცრუვდა.

დაკარგული გვანცა წიკლაური ახლა 32 წლის არის. მას თვალთან ახლოს ხალი აქვს და სხეულზე ორი დიდი ლაქა. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ გვანცა ცაციაა… დედა დღემდე ელის საკუთარ შვილს, ფანჯრიდან იმ გზას გაჰყურებს, საიდანაც პატარა გვანცა სკოლის შემდეგ ბრუნდებოდა ხოლმე. იმედი აქვს, რომ შვილს იპოვის, გამოჩნდება და საკუთარ ოჯახს დაუბრუნდება…

 

 

თათია კაკიაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g