რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთის და უკრაინის მოლაპარაკებებში არსებობს ფორმულირებები, რომელთა შესახებ შეთანხმება შესაძლებელია.
ამის შესახებ ლავროვმა რუსულ ტელეკომპანია – „РБК“-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„პრეზიდენტმა ზელენსკიმ არც თუ ისე დიდი ხნის წინ ბევრი საინტერესო განცხადება გააკეთა. ეს ბევრად უფრო რეალისტური შეფასება იყო, რომელიც ზელენსკისგან მოვისმინეთ იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება, რადგან მანამდე ის კონფრონტაციულ განცხადებებს აკეთებდა“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მტკიცებით, ახლა მოლაპარაკებებზე უკრაინის ნეიტრალური სტატუსის საკითხი განიხილება, რაც მიბმულია რუსეთის მოთხოვნასთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ.
ლავროვის თქმით, რუსეთი მზადაა, ეძებოს გზები როგორც საკუთარი, ისე უკრაინის და ევროპის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად, თუმცა ნატოს გაფართოება გამორიცხულია.
აღსანიშნავია, რომ მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენკიმ, ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ მოლაპარაკებების პროცესში მხარეთა პოზიციები უფრო რეალისტურად ჟღერს.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.