LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეგენდა სიყვარულზე ისტორიული ციხესიმაგრის კვალდაკვალ

1471
BeFunky-collage (8)

საქართველოს კიდევ ერთი ისტორიული ღირსშესანიშნაობა და ლეგენდა სიყვარულზე,რომელიც მას კიდევ უფრო მეტ ხიბლს სძენს. ”ბონ ვოაიჟი“ საჩხერის მუნიციპალიტეტში გაგიწევთ მეგზურობას და მნიშვნელოვანი ძეგლის „მოდინახეს“ ციხის ისტორიას გაგიზიარებთ. აქვე აღსანიშნავია რომ ეს ადგილი წელიწადის ნებისმიერ დროს მომხიბვლელია,თუმცა ზაფხული და შემოდგომა აქ განსაკუთრებულად გამორჩეულია,ამიტომ ვიზიტს თუ ამ პერიოდს დაამთხვევთ კიდევ უფრო დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დაიმუხტებით.

ქალაქი საჩხერე იმერეთის მუნიციპალიტეტში, მდ. ყვირილას ნაპირებზე მდებარეობს.პირველი არქეოლოგიური მონაპოვარი დავით წერეთელთანაა დაკავშირებული, რომელიც აკაკი წერეთლის ძმა იყო. საჩხერე გამორჩეულია როგორც სასარგებლო წიაღისეულით, ისე მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლებით. რაიონის ,,სავიზიტო ბარათს ” წარმოადგენს ისტორიული ციხე „მოდინახე“ მის გარშემო გავრცელებული სასიყვარულო ლეგენდით.

 

ციხესიმაგრე მე-18 საუკუნის ძეგლს წარმოადგენს. მისი აგება თავად პაპუნა წერეთლის სახელს უკავშირდება. ციხის შესახებ ინფორმაცია დაცულია სხვადასხვა ისტორიულ წყაროებში. ციხე „მოდინახე“-ს დიდი არქეოლოგიური მნიშვნელობა აქვს. 1966-1970 წლებში ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ექსპედიცია, ჯურხა ნადირაძის ხელმძღვანელობით ეწვია „მოდინახე“-ს, მის მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევის ჩასატარებლად. აღმოჩენილი იქნა სხვადასხვა ზომის და ფორმის თიხის ჭურჭელი, საბრძოლო იარაღები, სამკაულები , ადამიანთა სამარხები, რომლების ადრე ანტიკურ, ელინისტურ და გვიანანტიკურ ხანებს მიეწერა. ციხე არაერთი ისტორიული მოვლენის მნიშვნელოვანი ნაწილია. მისი აგების შესახებ ლეგენდას კი დღეს ქართველი და განსაკუთრებით უცხოელი სტუმრები დიდი ემოციით ისმენენ. ეს ძალიან რომანტიკული და მიმზიდველი სიყვარულის ლეგენდა დღემდე ფონად გასდევს ციხის არქეოლოგიურ თუ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ისტორიას. ლეგენდა მოგვითხრობს, რომ თავად პაპუნა წერეთელს მოსწონებია თავად დავით აბაშიძის ასული და მისთვის დამოყვრების სურვილი შეუთვლია. დავით აბაშიძეს შუამავლისათვის დაცინვით უთქვამს უციხო წვივშავიძეს ქალს როგორ მივცემო. გაბრაზებულ თავადაზნაურობას დავითზე გალაშქრება შეუთავაზებია პაპუნასათვის, მაგრამ პაპუნამ ძმათა სისხლის ღვრას ოფლის ღვრა ამჯობინა და დაუწყია ციხის შენება. როცა დაუმთავრებია, დავითისათვის შეუთვლია „მოდი, ნახეო“ და დარქმევია ციხეს მოდინახე.

 “ღრუბლებში ამაღლებულა,
როგორც ოცნება კაცისა,
შორიდან ასე გგონია ,
არც მიწისაა არც ცისა.
მოდინახე და იცანი,
არც შენ ინანებ არც ისა.”

სწორედ ასე აღწერს ამ ისტორიულ ციხეს აკაკი წერეთელი.

გარდა ამ ისტორიული სანახაობებისა საჩხერის მუნიციპალიტეტში შეგიძლიათ მოინახულეთ:

  1. ვაყა – დედაღვთისა
  2.  არგვეთი – მუხრან მაჭავარიანის სახლ-მუზეუმი
  3. სავანე – აკაკი წერეთლის ძიძისეული სახლი და კარ-მიდამო
  4. სავანე – წმინდა გიორგის ეკლესია
  5.  ქორეთი – სამების ეკლესია
  6.  სხვიტორი – აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმი
  7.  დუნთა – გორიჯვრის წმინდა გიორგის ეკლესია,რომელიც მდებარეობს მთაზე და აქედან ულამაზესი ხედები იშლება.

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები