ლექს-სენი ლელა წურწუმიას გადაცემას სტუმრობდა და მოჰყვა ამბავი, რომელიც არასდროს საჯაროდ არ გაუმხელია და რის შემდეგადაც მისი ცხოვრება სრულიად შეიცვალა.
“…იარაღი ვიყიდე, თავში მიქროდა, ასე დავდიოდი… გავიცანი ორი გოგონა, საღამოს ორივე კონცერტზე დავპატიჟე. ჯერ მანქანით გავუარე, თავხედურად დავდიოდი, მერე უცებ ვთქვი, რომ იარაღი დამავიწყდა, წავედი, იარაღი ავიღე, ცოტა ისე რომ გგონია თავი, მე ვარ და ჩემი ნაბადიო, მხოლოდ იმაზე ფიქრობ, რომ ამ გოგონებს მოეწონო და სხვაზე არაფერზე ფიქრობ. დაცვამ იარაღით შემიშვა კლუბში, სადაც კონცერტი მქონდა. კონცერტმა ჩაიარა მაგრად. გოგონები შოკში იყვნენ, აღფრთოვანებული. მეგობართან ერთად წავიყვანე ეს გოგონები, დავლიეთ, მოვწიეთ, ჩავიდინეთ ყველაფერი უმსგავსობა და ბოლოს საჭესთანაც დავჯექი. სანაპირონდა უნივერსიტეტის ქუჩაზე შევუხვიე სასტიკი სიჩქარით, რიცხვიც კი მახსოვს, ხმამაღლა აწეული მუსიკა მაქვს…
ძალიან დიდი სიჩქარით შევვარდი ერთ-ერთ ქუჩაზე, მანქანა აღარ დამემორჩილა, თან არ ვიყავი ფხიზელი და მომივიდა სერიოზული ავტოავარია. მესმის წივილ-კივილი, ვერაფერს ვეღარ ვგრძნობდი, კედელთან გავჩერდი, ოთხი მანქანა დავამტვრიე. სრულ სიჩუმეში უცბად გამოვფხიზლდი. ჩემ თვალწინ გაირბინა ცხოვრების დასასრულმა. მე კი ცოცხალი ვარ, მაგრამ ვიღაცას რამე ხომ არ მოუვიდა? ერთი, რომ ჩემს მანქანაში მსხდომებს ვდარდობ და დავინახე, რომ ოთხი მანქანა კიდევ არის დამტვრეული. ვყვირი, ყველა ცოცხლები ხართ? ყველა რომ გამომეპასუხა, მერე დავიწყე სხვა მანქანებში ცოცხლების ძებნა… საბედნიეროდ, ყველა გადარჩა, მანქანები ისეთი დამტვრეული იყო… მერე ეს ყველაფერი არ უნდა გამოჩენილიყო, წავიდა რეკვა, რომ არსად არ გასულიყო. ყველაფერი, რასაც მიაღწიე, ნულდება და ერთ წამში კარგავ ყველაფერი, რაშიც სისხლი და ოფლი ჩადე წლების განმავლობაში. მაშინ მივხვდი, რომ ასე ემოციებს არ უნდა აჰყვე. მას მერე, ყველას უკვირდა, რატომ ვიკრავდი ღვედს, ნასვამი რატომ არ ვჯდებოდი საჭესთან ან საერთოდ, რატომ აღარ ვეწეოდი… ჩემი ცხოვრება მას შემდეგ რადიკალურად შეიცვალა…”