უკრაინამ კონტროლი დაიბრუნა ხარკოვის ოლქის ქალაქ ბალაკლეაზე.
გვიან ღამით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა ბალაკლეიდან უკრაინელი სამხედროების ვიდეომიმართვა.
ერთ-ერთი მათგანი დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპეციალური ქვედანაყოფის სახელით, უმაღლეს მთავარსარდალს, პრეზიდენტ ზელენსკის აბარებს პატაკს, რომ ქალაქი ბალაკლეა კონტროლქვეშაა, ბრძანება შესრულებულია და რუსეთის საოკუპაციო ჯარები გავიდნენ.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ყველას, ყოველი უკრაინის დროშისთვის, რომელიც ამ დღეებში გათავისუფლებულ ტერიტორიებზე აღიმართა.
„ყველა თავის ადგილზეა. უკრაინის დროშა თავისუფალ უკრაინულ ქალაქში, თავისუფალ უკრაინულ ცაზე! მადლობა! ვამაყობ! თავს გაუფრთხილდით! გამარჯვებისკენ! დიდება უკრაინას!“ – წერს ტელეგრამზე პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, პირველი სექტემბრიდან, 1000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს.