LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ხაზარაძე: ეს არის ნონსენსი. ეს არის სასამართლო, რომლის დემონტაჟიც, თითოეულმა ჩვენგანმა და მთელმა საზოგადოებამ ერთად უნდა მოვახდინოთ

114
მამუკა ხაზარაძე

„მე მას გუშინაც ვუთხარი და დღესაც პირადად ბიძინა ივანიშვილს მივმართავ: ეს მმართველობა დასრულდება, რადგან ქართველი ხალხი ამ ქვეყანაში, ასეთ უსამართლო მართლმსაჯულებას არ შეეგუება, სადაც არ არის სამართალი, იქ არ არის მშვიდობა,“ – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ე.წ ფულის გათეთრების საქმეზე გამოცხადებული განაჩენის შეფასებისას განაცხადა.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ საზოგადოებასთან ერთად, ამ სასამართლოს დემონტაჟს არ მოახდენენ და მანამ, სანამ ხალხს სამართლიანი სასამართლოს განცდა არ ექნება.

ბადრი ჯაფარიძის პირველი კომენტარი: გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, სიმართლეს მივიყვანთ ბოლომდე

„მინდა ყველას მადლობა გითხრათ – ჩვენს თანაგუნდელებსა და მხარდამჭერებს, გულშემატკივრებს. ეს არის იმ ბრძოლის დადასტურება, როცა ყველას სიმართლე გვაერთიანებს. პირობას გაძლევთ, რომ ვიქნები ყველა იმ ადამიანის გვერდით, ვის დაჩაგვრასაც სახელმწიფო დააპირებს. ახლა რაც შეეხება განაჩენს, ჩვენ გვედავებოდნენ, 12 წლის წინ, 2008 წელს ვითომდა ფულის გათეთრების მუხლით, 4 წლის შემდეგ კი თურმე, თაღლითობა ჩაგვიტარებია.

გამოძიებაც კი არაა ჩატარებული, არაა დადგენილი არც მომჩივანი, ეს არის ნონსენსი. ეს არის აი, სასამართლო, რომლის დემონტაჟიც, თითოეულმა ჩვენგანმა და მთელმა საზოგადოებამ ერთად უნდა მოვახდინოთ. ეს არის სასამართლო, რომლის სამართლიანობის პირობებში, ქვეყანა წინ ვერ წავა. ეს არის ერთი კაცის მიერ მართული მართლმსაჯულება.

მე მას გუშინაც ვუთხარი და დღესაც პირადად ბიძინა ივანიშვილს მივმართავ: ეს მმართველობა დასრულდება, რადგან ქართველი ხალხი ამ ქვეყანაში, ასეთ უსამართლო მართლმსაჯულებას არ შეეგუება – სადაც არ არის სამართალი, იქ არ არის მშვიდობა.

ამ ქვეყანაში მშვიდობა არ იქნება, სანამ მოქალაქეს არ ექნება განცდა, რომ მის ღირსებებს და უფლებას დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლო იცავს. ეს სამწლიანი „მასკარადი,“ ეს არის ფარსი და ეს ბრძოლა გაგრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახლა საპყრობილეში არ მივდივართ, ამას გავასაჩივრებთ, ეს არის პრინციპის და ღირსების საკითხი.

ეს არის იმ მოქალაქეებისთვის იმედის დაბრუნების საკითხი, რომელსაც ცოტაოდენი იმედი დარჩა იმისათვის, რომ იყოს გამარჯვებული. მე გპირდებით, მთელ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად გავაგრძელებ ბრძოლას ამ ქვეყნის საუკეთესო მომავლისთვის.

ამ ქვეყანას აქვს უზარმაზარი პერსპექტივა და ეს პერსპექტივა არის თითოეულ თქვენგანში, თუმცა დახშული, მიმალული და მიძინებულია, ეს უნდა გამოვაღვიძოთ და გავაერთიანოთ. უნდა გავერთიანდეთ ჩვენი სამშობლოს გარშემო, საქართველო უნდა გავხადოთ წარმატებული, გამარჯვებული ქვეყანა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, ხაზარაძე, ჯაფარიძე და წერეთელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა საპატიმრო სასჯელისგან გაათავისუფლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g