“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი დეპუტატი, პაატა მანჯგალაძე შერიგებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ინიციატივას ეხმიანება.
როგორც მანჯგალაძე აღნიშნავს, მნიშვნელოვანია სახელზე შეთანხმებაც და ამ პროცესს არა შერიგება, არამედ ეროვნული თანხმობა უნდა უწოდონ.
მისივე თქმით, მთავარ, ფუნდამენტურ საკითხებზე უნდა შეთანხმდეს ყველა – “ანგელოზიც, წმინდანიც, ცოდვილიც”:
“ვფიქრობ, უნდა შევთანხმდეთ სახელზეც. შერიგების პროცესს ბევრი ავისმოსურნე ძალიან ცუდად იყენებს და ცდილობს ამ იდეის დისკრედიტაციას, მათ შორის, ირაკლი კობახიძე საუბრობს ამაზე. მეუფეებმაც ვერ გაიგეს რა არის, ამიტომ ვთქვათ ეროვნული თანხმობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვინმემ ვინმეს კი არ უნდა მიუტევოს და შეურიგდეს, არამედ უნდა შევთანხმდეთ მთავარ, ფუნდამენტურ საკითხებზე: სამართლიანი სასამართლოს არსებობა ქვეყანაში, სამართლიანი არჩევნები და პოლიტიკური დევნისა და რევანშის დასრულება.
ასევე, აქამდეც უნდა ვიყოთ შეთანხმებულები, რომ რუსეთი ოკუპანტია და დეოკუპაციის საკითხზე და ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციაზე. ამ საკითხებზე უნდა შევთანხმდეთ ყველა – ანგელოზიც, წმინდანიც, ცოდვილიც და ა.შ. და მოიხსნება ყველანაირი კითხვა – რომ “ეშმაკი და ღმერთი ერთად სად გაგონილა?”იმ ხალხს, ვინც ცდილობს ამ პროცესის დაზიანებას და ნეგატიური ელფერის შეძენას, უნდა მოვუსპოთ ამის შესაძლებლობა, საჭიროა პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება, არავინ არავის უნდა შეურიგდეს და არავის არაფრის მიტევება და მუხლზე დგომა არ სჭირდება.” – თქვა მანჯგალაძემ.
შეგახსენებთ, მხარეებს შორის შერიგების შესახებ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე დღის წინ France 24-თან ინტერვიუშიც ისაუბრა. მისი თქმით, მან, როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, აიღო ვალდებულება, რომელიც არის შერიგების, სიმართლისა და სამართლიანობის პროცესის დაწყება.