თამრიკო ჭოხონელიძის ოჯახში ყველა შესანიშნავად მღერის და ეს უკვე არავის უკვირს, მაგრამ მაინც… მისი შვილიშვილი, ასევე მომღერლის, მარიამ როინიშვილისა და მსახიობ გიორგი მახარაძის ქალიშვილი, ელენე, საკუთარი შესაძლებლობებით ამ მხრივ ყველას აოცებს. აშკარაა, გოგონას სიმღერის გენეტიკური ნიჭი აქვს, ასევე მსახიობობისაც და როგორც გავარკვიეთ, ძალიან კარგად ცეკვავს კიდეც…

ელენეს იღებენ სერიალში „იდეალური დედა“, სადაც კასტინგზე მამამ მიიყვანა. მას ხშირად ეკითხებიან, როგორ განვითარდება სერიალში ამბები, მაგრამ იცის, რომ ამ კითხვას პასუხი არ უნდა გასცეს…

მარიამსა და ელენეს შევხვდით კაფე „ორანჟერეაში“, რომელიც საახალწლოდ ულამაზესად არის მორთული და ფოტოებიც შესაბამის გარემოში გადავუღეთ, შემდეგ კი დედა-შვილს გავესაუბრეთ.

მარიამ, ელენე რომ ფანტასტიკურად მღერის, ეს უკვე ვიცით და ახლახან სერიალში „იდეალური დედა“ გამოჩენით დაამტკიცა, რომ სამსახიობო ნიჭიც აქვს… გინდა, რომ სახელოვნებო სფეროს გაჰყვეს?

ჩვენს ოჯახში არავის უნდოდა განსაკუთრებულად, რომ მომდევნო თაობა ხელოვნებას გაჰყოლოდა, ეს თავისთავად ხდებოდა. ეს ელენეზეც გავრცელდა. აბსოლუტურად არ გვქონია გათვლა და მიზანი, რომ ელენე მაინცდამაინც ამ პროფესიას დაკავშირებოდა. ზოგადად, მინდოდა, სხვა პროფესიასაც შეხებოდა. ჯერ კიდევვ ადრე ამის გადაწყვეტამდე, ელენე ჯერ 9 წლისაა, მაგრამ რაც უნდა აირჩიოს, მე ყოველთვის მის გვერდით ვიქნები. რაც გიყვარს, ის უნდა აკეთო და მშობლების უხეშად ჩარევა არ გამოდის. რაც მას გაუხარდება და მისთვის იქნება სასიამოვნო, ის უნდა აკეთოს.

პირველად რომელი ნიჭი გამოავლინა?

ჩვენ, ოჯახის წევრებმა, თავიდანვე ვიცოდით, რომ სიმღერის ნიჭიც ჰქონდა და მსახიობობისაც. არ ვიცი, თვითონ რისკენ იხრება უფრო. ელენე, რომელი უფრო მოგწონს, მსახიობობა, სიმღერა თუ… ცეკვა?

ელენე:

ცეკვა ძალიან, ძალიან მიყვარს. ბალეტს ვცეკვავდი ცოტა ხანს, მაგრამ ახლა ვერ ვახერხებ და სახლში ჰიპ-ჰოპს ვცეკვავ ხოლმე. მუსიკას ჩავრთავ ხოლმე, დედას დავსვამ და ვანახებ, როგორ ვცეკვავ. ხანდახან ვმღერი კიდეც. ყველაფერი მომწონს, სიმღერაც, მსახიობობაც, მაგრამ ცეკვა ყველაზე ძალიან მიყვარს.

მარიამი:

ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ სამივე საქმე გამოუვა. ძალიან საჭიროა დღეს და თუკი სამივე გამოუვა, იდეალური ვარიანტი იქნება.

ელენე, ბებია გასწავლის ხოლმე, როგორ უნდა იმღერო?

თამრიკო დამიჯდება ხოლმე და ერთად ვსწავლობთ სიმღერებს. შეიძლება, ზოგჯერ არ გამომივიდეს და თავიდან ვმღერი ხოლმე.

მარიამი:

ისეთი მომენტიც ყოფილა, გვერდზე ოთახიდან მე და თამრიკოს გაგვიგია ელენეს ხმა და გაგვკვირვებია, უი, ეს ელენეაო? ჩვენგან დამოუკიდებლად უსწავლის რომელიმე სიმღერა.

უფრო ქართულს ასრულებ თუ უცხოენოვანს?

ელენე:

ძალიან მიყვარს ინგლისური სიმღერები. მაგალითად, მერაია კერის სიმღერა რომ არის, საახალწლო… All I Want For Christmas Is You (მღერის)…

ელენე, ძალიან კარგად მღერი… მახსოვს, შენი შესრულებული „იაგუნდი“ ინტერნეტში როგორ პოპულარული იყო.

ეს სიმღერა ძალიან მომწონს. ასევე „გაზაფხული“, დები იშხნელების. კიდევვ ვერ ვიხსენებ, მაგრამ ბევრი ქართული სიმღერა მიყვარს.

მარიამ, როგორ შეგრძნებაა, როცა ელენეს კარგ ნამღერს ისმენ?

სიამაყის (იცინის). ყოველთვის ვცდილობ, არ დავკარგო ობიექტურობა, განსაკუთრებით, ელენესთან მიმართებაში. ეს, ვფიქრობ, სამომავლოდ, ურთიერთობებში დაგვეხმარება, მაგრამ ყოფილა მომენტი, როცა ჩემთვის მითქვამს, გენაცვალოს დედა-მეთქი (იცინის). ვერ ვიკავებ თავს და ცოტა მერიდება, მაგრამ ამას ვაღიარებ. ამაზე კარგი რა უნდა თქვა, როცა შენი შვილით ამაყობ და ბედნიერი ხარ.

თამრიკო აძლევს შენიშვნებს თუ არ არის მკაცრი ბებია?

ურჩევს, სწორად როგორ უნდა იმღეროს. მკაცრი ნამდვილად არ არის.

ელენეც ყურადღებით უსმენს და თვალისწინებს რაღაც-რაღაცებს, რადგან როცა სახლში თამრიკო გყავს, ვფიქრობ, მისგან ბევრი რამე უნდა ისწავლო და მისი შენიშვნებიც გაითვალისწინო. ძალიან ბედნიერები ვართ ორივე, რომ სახლში თამრიკო გვყავს…

ელენე, ოპერაზე რას ფიქრობ?

ძალიან მაგრად მღერის დედიკო… მე ვიმღერებდი თუ არა, შეიძლება, არ გამომივიდეს, ჯერ ზუსტად არ ვიცი.

მსახიობობაზეც გკითხავ. სერიალში „იდეალური დედა“ როგორ მოხვდი?

მამამ მომაკითხა სახლში და წამიყვანა კასტინგზე. ეწერა ტექსტები, რაც უნდა წამეკითხა და მეთქვა. ველოდებოდი, როდის დამირეკავდა და მეტყოდა, დამამტკიცეს თუ არა როლზე. დამირეკა და მითხრა, დაგამტკიცესო და ისეთი გახარებული ვიყავი… ერთხელ მქონდა შესრულებული პატარა როლი, მაგრამ პირველად გადამიღეს სერიალში. არ ველოდებოდი, რომ დამამტკიცებდნენ. კასტინგმა ცუდად არ ჩაიარა, მაგრამ არ მჯეროდა, რომ ამიყვანდნენ.

გადაღებებზე რა გარემოა?

პირველად რომ მივედი გადაღებაზე, ვიცოდი, რომ კამერისთვის არ უნდა შემეხედა…

ეს მამამ გასწავლა?

არა, მე თვითონ მივხვდი…

მარიამი:

თავიდან უჭირდა ცოტა ტექსტების დამახსოვრება, ახლა აღარ უჭირს… კიდევ, უნდა ვთქვა, – ცელქია.

ელენე:

მე და სერიალში ჩემი ძმის როლის შემსრულებელი სულ ვჩხუბობთ. გუშინ ვიჩხუბეთ გადაღებაზე. ხან რაზე ვჩხუბობთ, ხან – რაზე. ის იწყებს და მამწარებს…

მარიამი:

არა, დაჩი, მე ვიცი, რომ ზოგჯერ ელენეც ცუდად იქცევა (იცინის).

მარიამ, დაჰყვები ხოლმე გადაღებებზე?

თუკი მცალია, კი, თუ არა, ვტოვებთ გადაღებაზე და მერე გამოგვყავს.

ელენე, როგორ პარტნიორები გყავს?

ძალიან მაგრად თამაშობენ, ყველა მიყვარს, განსაკუთრებით, იაკო ჭილაია.

სკოლაში რას გეუბნებიან, მოსწონთ შენი პერსონაჟი?

მეორე სეზონი რაც დაიწყო, ბავშვები მოდიან და კითხვებს მისვამენ, აინტერესებთ, რა მოხდება, მაგრამ მე არ ვეუბნები. ეგონათ, რომ სერიალში ძაღლი ნამდვილი არ იყო და სათამაშო ეგონათ… ზოგმა ბავშვმა ჩემზე კარგად იცის, რა ხდება სერიალში. თუ გადაღება გვიან მთავრდება, ვერ ვასწრებ ყურებას და შემდეგ ვუყურებ ხოლმე. ყველაფერი ვიცი, მაგრამ ზოგჯერ მავიწყდება ხოლმე.

მარიამ, ელენე სიცელქით ვის ჰგავს?

ორივეს, მეც და გიორგიც ცელქი ბავშვები ვიყავით. ჩემს ძმას, კოკოს ძალიან ვამწარებდი ხოლმე. სხვა თვისებებს რაც შეეხება, როცა ელენეს ვუყურებ ამა თუ იმ სიტუაციაში, ვპოულობ ბევრ საერთოს ხან ჩემთან, ხან მამამისთან, ხანდახან მომწონს, ხანდახან არა. ვეცდები, გამოვასწორებინო ის თვისებები, რაც მომავალში ვიცი, არ გამოადგება. იმედია, მომისმენს…

ელენე, როგორი დედაა მარიამი?

კეთილი… თუკი ცუდად ვიქცევი, ცოტა მკაცრია, რა თქმა უნდა.

ვისთან მირბიხარ, მარიამი რომ გიბრაზდება?

(იღიმის) თამრიკოსთან… მე და დედა ვერთობით. ბევრ ადგილას დავდივართ ერთად.

მარიამი:

სადაც უნდა წავიდე, ელენე სულ ჩემთან ერთადაა. მეგობრებთან, საქმეზე, რეპეტიციაზე… თუ დრო აქვს, სულ ერთად ვართ. ასე კომფორტულად ვგრძნობ თავს. ერთმანეთს მივეწებეთ. მიუხედავად იმისა, რომ ორივეს დატვირთული გრაფიკი გვაქვს, ერთმანეთის დეფიციტს არ განვიცდით. ძალიან კარგად მესმის, როცა მშობლები ამაზე ნერვიულობენ. რამდენიმე საათი რომ გადის ელენეს გარეშე, არ მსიამოვნებს, ამიტომაც სულ ვცდილობ, ჩემთან მყავდეს.

პროფესიულად სიახლეები გაქვს?

ვმღერი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში. ბევრი პრემიერა გამოვუშვით. თითქმის ყველა დადგმაში ვმონაწილეობ. ჩემთვის საკმაოდ ნაყოფიერი წელი იყო. მომავალ წელსაც ველოდები ბევრ სიახლეს.

ელენე:

„ტრავიატა“ ცოტა გულისამაჩუყებელი ოპერაა. ვესწრებოდი და ბოლო აქტისას ვიტირე.

მარიამი:

ეს პირველად მესმის!..

ელენე:

ჩემმა დეიდამ მკითხა, რა გატირებსო და ცრემლები მოვიწმინდე, არ ვტირი-მეთქი.

მარიამ, როგორი გინდა იყოს ელენე

ხანდახან მიწაზე ვდგავარ, მაგრამ ზოგჯერ ვფანტაზიორობ და რეალობას ვწყდები, ისეთი მომავალი მინდა მისთვის. პირველ რიგში, ელენემ უნდა ისწავლოს ძალიან კარგად, მიიღოს საუკეთესო განათლება და ამაში მთელი ოჯახია ჩართული. დანარჩენი მასზეა დამოკიდებული. ბევრ წინაღობას წააწყდება და ამას არ ავაცილებ, რადგან პრობლემებთან გამკლავება უნდა ისწავლოს, მაგრმ ყველა საჭირო მომენტში ვიქნები მასთან ერთდ. იმის წარმოდგენაც არ მინდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს არ დავჭირდები. იმედია, ასეთი მომენტი არ დადგება. ერთად შევძლებთ ყველაფერს!..

ფოტო: დათუნა აგასი

ლოკაცია: კაფე „ორანჟერეა“

ნინო მურღულია

კატეგორიები: ექსკლუზივი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05