ომის დაწყების შემდგომ არის არაფორმალური მცდელობა დასანქცირების. ეს კარგად ახსნეს ივანიშვილის ადვოკატებმა – არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს, მისი დაშანტაჟება შეუძლებელია, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა CS Victims სტატიას, რომლის თანახმად, ივანიშვილი ადასტურებს პოლიტიკურ ზეწოლას Credit Suisse-თან სამართლებრივ დავაში.
“ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-თან სამართლებრივ დავაში პოლიტიკურ ზეწოლას ადასტურებს” – CS Victims
მათიკაშვილის თქმით, მსგავსი განცხადებები, რომელიც რეალობას ასახავს, აქამდეც ვრცელდებოდა ივანიშვილის ადვოკატების მხრიდან და ადგილი აქვს მცდელობას ბიძინა ივანიშვილი აიძულონ ხელისუფლებაში დაბრუნდეს და გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომელიც საქართველოს ომში ჩართავს.
„ნებისმიერი უწყების მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც რეალობას კი არ ასახავს, არამედ ცალკეული ჯგუფების ინტერესებს კონკრეტულ პიროვნებასთან მიმართებით, არ ქმნის არანაირ ღირებულებას და ამაზე იყო საუბარი. იქ, სადაც კონკრეტული პიროვნება მოხსენიებულია არასწორი, არარეალური შეფასებებით, ჩვენთვის, საქართველოსთვის ეს არის ქვეყანაზე თავდასხმა.
საქართველო არანაირ ომში არ ჩაერთვება, ნებისმიერი ფურცელი არის ფარატინა ქაღალდი, სადაც საქართველოს შესახებ არის ცრუ ინფორმაცია მითითებული, მეცენატი ოლიგარქად არის გამოყვანილი, ხოლო დამნაშავე სააკაშვილი დემოკრატიისთვის მებრძოლ შუქურად. არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს, მისი დაშანტაჟება შეუძლებელია და ნებისმიერი მცდელობა შანტაჟისა, ფიასკოსთვის არის განწირული. დოკემენტებს, სადაც ტყუილია ჩაწერილი, ქვეყნისთვის ფასი არ აქვს,“ – განაცხადა მათიკაშვილმა.