LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მაყურებელმა ზუსტად ისე უნდა დაინახოს კვანტური სამყარო, ატომების მოძრაობა და ენერგიის ტალღები, როგორც ოპენჰაიმერი ხედავდა” – კრისტოფერ ნოლანის „ოპენჰაიმერი“

273
ოპენჰაიმერი

კრისტოფერ ნოლანის ისტორიულ-ბიოგრაფიულმა დრამამ „ოპენჰაიმერმა“, რომლის პრემიერას ყველა მოუთმენლად ელოდა სრულად გაამართლა კინომანების მოლოდინი. მართალია, ბირთვული იარაღის შექმნის ისტორია მოძველებული და ყველასთვის კარგად ნაცნობი თემაა, მაგრამ ნოლანმა არც ამჯერად უღალატა საკუთარ თავს და ერთი შეხედვით ბანალური ისტორიიდან საინტერესო და მეტად ორიგინალური სანახაობა შექმნა.

აღსანიშნავია, რომ ხანგრძლივი მუშაობისა და ათეულობით ფილმის დადგმის შემდეგ, ნოლანმა პირველად დაწერა ფილმის სცენარი პირველ პირში. რეჟისორს ძალიან უნდოდა მთავარი გმირის „ტვინში შეღწევა“, მისი ფიქრებისა და ემოციების ამოცნობა, რადგან ჩათვალა, რომ ასე უფრო ეფექტურად წარმოაჩენდა მის ინტელექტსა და გენიალურობას.

„მაყურებელმა ზუსტად ისე უნდა დაინახოს კვანტური სამყარო, ატომების მოძრაობა და ენერგიის ტალღები, როგორც ოპენჰაიმერი ხედავდა. ამასთანავე, ყველამ უნდა იგრძნოს, ის საფრთხე, რომელიც ამგვარ ცოდნას შეუძლია მოიტანოს“, – ახსნა საკუთარი გადაწყვეტილება რეჟისორმა.

მთავარი როლი ფილმში ირლანდიელმა მსახიობმა, სერიალის „ალესილი კეპების“ ვარსკვლავმა კილიან მერფიმ შეასრულა და ბრწყინვალედ განასახიერა ამერიკელი ფიზიკოსი რობერტ ოპენჰაიმერი, რომელიც ერთ-ერთი იყო იმ მეცნიერთა შორის, ვინც ბირთვული იარაღის შექმნაში მიიღო მონაწილეობა.

კილიან მერფის მთავარ როლზე მიწვევა ნოლანმა კეი ბერდისა და მარტინ შერვინის წიგნის „ოპენჰაიმერი: ამერიკელი პრომეთეს ტრიუმფი და ტრაგედია“ გარეკანზე გამოქვეყნებული ფოტოს თვალიერებისას გადაწყვიტა. სწორედ 2005 წელს გამოქვეყნებული წიგნი დაედო ფილმის სიუჟეტს საფუძვლად, მერფიმ კი, რეალურ პროტოტიპთან მაქსიმალური მსგავსების მისაღწევად წონაში დაიკლო და უმკაცრესი დიეტა დაიცვა გადაღებების პერიოდში.

შთამბეჭდავია ფილმის სამსახიობო დასი, რომელმაც 30-ზე მეტი ვარსკვლავი გააერთიანა მეტ დეიმონის, რობერტ დაუნი-უმცროსის და ჯოშ ჰარტნეტის, კენეტ ბრენას, კეისი აფლეკისა და ჰარი ოლდმანის ჩათვლით.

აღსანიშნავია, რომ მეტ დეიმონმა მეუღლის თხოვნით გადაწყვიტა შემოქმედებითი პაუზის აღება, თუმცა თავიდანვე ულტიმატუმი წაუყენა და განუცხადა, რომ დაუფიქრებლად დათმობდა ნებისმიერ შვებულებას, თუ კრისტოფერ ნოლანი მიიწვევდა სამუშაოდ. მსახიობმა პირობა შეასრულა, უპირობოდ დათანხმდა ფილმში მონაწილეობას და ენთუზიაზმით შეუდგა მუშაობას.

მართალია, ფილმი მთელი 2 საათი გრძელდება, მაგრამ ნოლანი დარწმუნებულია, რომ დრო მაყურებლისთვის შეუმჩნევლად გაირბენს, რადგან ფილმი საინტერესო და საოცრად ინფორმატიულია. რეჟისორის განცხადებით, ისე გაიტაცა ოპენჰაიმერის პერსონამ, რომ ზომიერების გრძნობა დაკარგა და მთელი მისი ცხოვრების, საქმიანობის დეტალურად მოთხრობა მოინდომა.

„ოპენჰაიმერის“ ბიუჯეტმა ასტრონომიული თანხა – მთელი 100 მილიონი დოლარი შეადგინა, შემოსავალმა მსოფლიო გაქირავებაში კი, 722 მილიონს გადააჭარბა, რაც ბრწყინვალე მაჩვენებელია, რადგან ფილმი უკვე მოხვდა 2023 წლის გაქირავების ლიდერთა ხუთეულში. მეტად უჩვეულო, თუმცა საინტერესო მონაცემები გამოაქვეყნა კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზამ IMDb-მ, რომლის თანახმად, პერფექციონისტი ნოლანის მიერ გამოყენებული ფირის სიგრძემ 17,7 კილომეტრი, მასამ კი 270 კილოგრამი შეადგინა.

ფილმში, რომელიც ბირთვული იარაღის შექმნისა და გამოცდის ისტორიას აღწერს, მრავლადაა აფეთქებები. რეჟისორისთვის განსაკუთრებით რთული 1945 წელს ნიუ-მექსიკოში განხორციელებული საცდელი აფეთქების აღდგენა აღმოჩნდა, რომელიც  ნოლანმა კომბინირებული გადაღების და კომპიუტერული გრაფიკის გამოყენებით შექმნა. რეალური აფეთქება ნოლანმა საწვავის, პროპანის, მაგნიუმის და მაკეტების გამოყენებით მოაწყო, დიდი სიჩქარით და სხვადასხვა რაკურსით გადაიღო, მერე კი, კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით დაადო ერთმანეთს გამოსახულებები ბირთვული აფეთქების კლასიკური – სოკოს ეფექტის მისაღებად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g