LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მძიმე კოვიდპაციენტების 93%-მა, საავადმყოფო მედიკამენტის მიღებიდან 5 დღეში დატოვა – ისრაელში დამზადებული კოვიდპრეპარატის წარმატება

76195
Untitled design (2)

“90 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტის 93 %-მა, საავადმყოფო მედიკამენტის მიღებიდან 5 დღეში დატოვა” – საერთაშორისო მედია კიდევ ერთი ახალი, კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატის ეფექტიანობაზე წერს. 

ისრაელში დამზადებული მედიკამენტი საბერძნეთის რამდენიმე საავადმყოფოში მყოფ პაციენტებზე გამოსცადეს, რადგან, როგორც კვლევის ავტორები ამბობენ, ისრაელს არ ჰყავდა საკმარისი რაოდენობის შესაბამისი სიმძიმის პაციენტები.

კოვიდპრეპარატი თელავივის სურასკის სამედიცინო ცენტრის მიერ შეიქმნა და ის ახლა საცდელი პერიოდის მეორე ფაზას გადის.

ცდის ავტორების განცხადებით, კვლევის წინასწარმა ანალიზმა ექსპერიმენტის პირველი ფაზის შედეგები კვლავ გაიმეორა, მაშინ (კვლევის პირველი ეტაპი ზამთარში განხორციელდა) მედიკამენტის მიღების შემდეგ, ზომიერად მძიმე 30 პაციენტიდან 29-მდე, რამდენიმე დღეში გამოჯანმრთელდა.

“აღნიშნული კვლევის მთავარი მიზანი იყო იმის შემოწმება, რომ პრეპარატი უსაფრთხოა. დღემდე, ჩვენ არ გვაქვს რეგისტრირებული რაიმე მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენა, რომელიც კვლევის პირველ ან მეორე ფაზაში მონაწილე რომელიმე პაციენტში გამოვლინდა.” – თქვა პროფესორმა ნადირ არბერმა.

როგორც ისრაელის ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტო The Jerusalem Post წერს, არბერმა და მისმა გუნდმა, მათ შორის დოქტორმა შირან შაპირმა პრეპარატი შეიმუშავეს იმ მოლეკულის საფუძველზე, რომელსაც პროფესორი უკვე 25 წელია სწავლობს. ეს არის CD24, რომელიც ბუნებრივად არის ორგანიზმში. პროტეინი აკრავს უჯრედის მემბრანას და მრავალ ფუნქციასთან ერთად, აკონტროლებს მექანიზმს, რომელიც “ციტოკინურ შტორმზეა” პასუხისმგებელი.

 

 

“კლინიკური გაუარესების მთავარი მიზეზი იმუნური სისტემის გადაჭარბებული გააქტიურებაა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც “ციტოკინის ქარიშხალი”. კოვიდპაციენტთა შემთხვევაში, სისტემა იწყებს შეტევას ფილტვების ჯანსაღ უჯრედებზე. CD24 კი არის პატარა ცილა, რომელიც მიმაგრებულია უჯრედების მემბრანაზე და ის ასრულებს ბევრ ფუნქციას, მათ შორის ციტოკინის ქარიშხალზე პასუხისმგებელი მექანიზმის რეგულირების ჩათვლით.” – თქვა არბერმა და აღნიშნა, რომ ის, მთლიანობაში, გავლენას არ ახდენს იმუნურ სისტემაზე და მიზნად ისახავს სწორი ბალანსის პოვნას.

“მათი მიწოდებით ზუსტად იქ, სადაც საჭიროა, ჩვენ თავიდან ავიცილებთ ბევრ გვერდით ეფექტს.” – ამბობს პროფესორი.

ახლა გუნდი მზად არის, კვლევის ბოლო ეტაპი დაიწყოს.

აქვე, ნადირ არბერის განმარტებით, რაც უნდა პერსპექტიული იყოს მკურნალობის პირველი ფაზის დასკვნები, ვერავინ იქნება ბოლომდე დარწმუნებული, სანამ შედეგებს არ შეადარებენ იმ პაციენტების ანალიზს, რომლებიც პლაცებოს იღებენ.

კვლევაში მონაწილეობას მიიღებს, დაახლოებით, 155 კოვიდპაციენტი. მათს ორ მესამედს მისცემენ წამალს, ხოლო მესამედს – პლაცებოს.

კვლევა ისრაელში ჩატარდება და ის შეიძლება აგრეთვე ჩატარდეს სხვა ქვეყნებშიც, თუკი ისრაელში საჭირო პაციენტების რაოდენობა არ იქნება საკმარისი.

არბერი იმედოვნებს, რომ კვლევა წლის ბოლომდე დასრულდება და თუ შედეგები წარმატებული აღმოჩნდება, პროფესორი პირობას დებს, რომ მკურნალობა შესაძლებელი გახდება შედარებით სწრაფად და უფრო ხელმისაწვდომ ფასად.

“გარდა ამისა, წარმატებამ შეიძლება გზა გაგვიხსნას მრავალი სხვა დაავადების სამკურნალოდ” – ამბობს პროფესორი ნადირ არბერი.

შეგახსნებთ, ეს არ არის პირველი კოვიდპრეპარატი, რომლის ცდებიც ამ ეტაპზე მიმდინარეობს.

ცოტა ხნის წინ, “ფაიზერისა” და “მერკის” კომპანიების მცდელობას – შექმნან კოვიდ-19-ის სამკურნალო მედიკამენტი, შეუერთდა იაპონური კომპანია Shionogi-ც. კომპანია კოვიდის საწინააღმდეგო აბების ადამიანებზე გამოცდას იწყებს.

ის განკუთვნილი იქნება დღეში ერთჯერადად მიღებისთვის. შედეგად, კი პრეპარატმა ვირუსის განეიტრალება 5 დღეში უნდა შეძლოს.