LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედიკამენტები განვადებით – გაიზრდება თუ არა წამლის ფასი?

331

განვადების სერვისის ამოქმედების შემდეგ, ფარმაცევტული კომპანია საოპერაციო ხარჯს წამლის ღირებულებაში შეიტანს, რაც იმას ნიშნავს, რომ წამლის ფასი გაიზრდება – ამის შესახებ ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში, თინა ტურძელაძემ, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მომხმარებლისათვის განვადების სერვისის შეთავაზება ფარმაცევტული კომპანია ”ჯიპისის” მარკეტინგული პროექტია, რომელიც კომპანიას გაყიდვების გასაზრდელად სჭირდება.

”ბაზარზე ფარმაცევტული პროდუქციის რეალიზაცია შემცირებულია, ვინაიდან მოქალაქე წამალს ვერ ყიდულობს. ამიტომ კომპანიამ სცადა, მედიკამენტის შეძენა ხელმისაწვდომი გახადოს და მომხმარებელს პირდაპირი გადახდის პრობლემა მოუხსნას. მაშინ როდესაც, მოქალაქეს ალტერნატივა არ აქვს, განვადება მისთვის საინტერესო პროექტი ხდება” – განაცხადა თინა ტურძელაძემ.

ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში აქვე აღნიშნავს, რომ მედიკამენტის განვადებით შეძენის შემთხვევაში, მოქალაქისათვის ფინანსური სირთულეების რისკი არსებობს, თუმცა როდესაც ფინანსური და ჯანმრთელობის რისკები ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდებიან, მოსახლეობა წამლის განვადებით შეძენაზე გააკეთებს არჩევანს.

თინა ტურძელაძე ვარაუდობს, რომ სხვა ფარმაცევტული კომპანიები იძულებული გახდებიან, მედიკამენტების შეღავათიანი გზით შეძენის მხრივ, მომხმარებელს სიახლე შესთავაზონ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები