ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში დაგეგმილი ეკონომიკური ზიანის შემსუბუქების ღონისძიებების შესახებ, ლევან დავითაშვილმა ღვინის სექტორის წარმომადგენლებთან ისაუბრა

ონლაინ შეხვედრაში ასოციაციის „ქართული ღვინო“ აღმასრულებელი დირექტორი თინა კეზელი და ასოციაციაში შემავალი 20-მდე კომპანიის ხელმძღვანელი მონაწილეობდა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალი კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ რაც შეიძლება მინიმალური ზარალი მიაყენოს ქვეყნის ეკონომიკას. შეხვედრაზე ვისაუბრეთ, თუ როგორ აისახება შექმნილი ვითარება მეღვინეობის სექტორზე. ასოციაციის წევრ მსხვილ კომპანიებს გავაცანი კონკრეტული შეთავაზებები, რომელსაც ითვალისწინებს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა. აღნიშნული გეგმის თანახმად, შესაძლებელი ხდება უფრო მეტი საკრედიტო-საფინანსო რესურსებით სარგებლობა, მათ შორის, მეღვინეობის დარგისთვის. არსებული ვითარების მიუხედავად, რთველის პერიოდს მომზადებული უნდა შევხვდეთ, გვქონდეს ტექნოლოგიურად გამართული საწარმოები. მეწარმეებმა უნდა გააგრძელონ დარგში ინვესტირება და კრიზისიდან ნაკლები დანაკარგებით გამოვიდნენ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

„საქართველოს ხელისუფლებამ დარგის წასახალისებლად ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, ვიდრე სხვა უფრო განვითარებულმა ქვეყნებმა. სამინისტროს მხრიდან არსებობს კონკრეტული ინიციატივები, როგორც მცირე საწარმოების, ასევე მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. კომუნიკაცია კრიზისის დროს ძალიან ღირებულია, რათა სწორად გამოვიყენოთ ეს პერიოდი შემდგომი მოქმედებისთვის”, – განაცხადა თინა კეზელმა.

აღსანიშნავია, რომ ანტიკრიზისული გეგმის თანახმად შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამაში ცვლილებები შევიდა და ძირითადი საშუალებების კომპონენტს და ლიზინგს დაემატა ყურძნის გადამმუშავებელი საწარმოების დაფინანსება. თანადაფინანსების პროცენტი ნაცვლად 8%-სა იქნება 11%. თანხობრივი ლიმიტი 20,000 ლარიდან – 1,500,000 ლარამდე.

ასევე ყურძნის გადამუშავების მიმართულებით არის სასურსათო მრეწველობის ქვეკომპონენტი, რომლის ფარგლებში სესხი გაიცემა 1,500,000 ლარიდან 5,000,000 ლარის ჩათვლით. საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას სააგენტო მოახდენს წლიური 10 %-ის მოცულობით 24 თვის განმავლობაში.

ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა კომპანიების წარმომადგენლებს პანდემიის დროს შექმნილ ვითარებაში ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის გაწეული დახმარებისთვის. კომპანიებმა: „ბოლერო”, „გრუზვინპრომი”, „ტიფლისი დისტილერი”, „ყვარლის სარდაფი”, „კავკასიან ალკო” და „ასკანელი ძმები” გადაუდებელი საჭიროების სამედიცონო ინვენტარი შეიძინეს.

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05