LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიკროავტობუსით მგზავრობის ტარიფი შესაძლოა 20-30 თეთრით გაიზარდოს – რა ვარიანტი აქვს მერიას

486
IMG-3095

თბილისის მერი, კახი კალაძე სატრანსპორტო სისტემის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგების პროცესით თავს იწონებს. დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. თუმცა ამის პარალელურად, მიკროავტობუსების კერძო კომპანია საკუთარ პრობლემებზე საუბრობს და მერიას დახმარებას სთხოვს.

მთავრობის სხდომაზე კახი კალაძე მიკროავტობუსების საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ თბილისში არსებული მიკროავტობუსები ეტაპობრივად უნდა ჩანაცვლდეს. მისივე თქმით, კომპანია „სისტრას“ კვლევებით დადგინდა, რომ ქალაქისთვის მიკროავტობუსების არსებობა შიდასაუბნო დონეზე მნიშვნელოვანია, რათა საზოგადოებრივ ტრანსპორტი მეტად ხელმისაწვდომი იყოს.

 

აქამდე ჩვენი პოზიცია მიკროავტობუსებთან დაკავშირებით არ დაგვიფიქსირებია

„არავის მოსწონს მიკროავტობუსების მდგომარეობა და გადაადგილებისას შექმნილი დისკომფორტი. ბოლო პერიოდში, რაც ჩვენ ახალი ავტობუსების შემოყვანა დავიწყეთ, ძალიან იკლო მიკროავტობუსებში მგზავრების რაოდენობამ. ცხადია, ყველას აქვს სურვილი, განახლებული, მოწესრიგებული ავტობუსებით იმგზავროს. აქამდე ჩვენი პოზიცია მიკროავტობუსებთან დაკავშირებით არ დაგვიფიქსირებია და ამის მიზეზსაც გეტყვით: ფრანგულ კომპანია „სისტრასთან“ გავაფორმეთ ხელშეკრულება და ის ახორციელებდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმის ანალიზს. ჩვენთვის გარკვეული პერიოდი საერთოდ უცნობი იყო, საჭირო იყო თუ არა საერთოდ მიკროავტობუსების არსებობა დედაქალაქში. კვლევა ჩაბარებულია, ანალიზიც გაკეთებულია: ქალაქის რელიეფის თავისებურებებიდან, ქუჩებისა და ავტობუსების მოცულობიდან გამომდინარე, ყველა ქუჩაზე შეუძლებელია 8, 10 და 12-მეტრიანი ავტობუსების გადაადგილება. მით უმეტეს, სამომავლოდ ვგეგმავთ კიდევ უფრო დიდი ავტობუსების შემოყვანას – 18 და 24-მეტრიანების. მთავარია, საზოგადოებას კი არ შევუმციროთ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობა, არამედ გავუზარდოთ. მიკროავტობუსების როლი შიდა საუბნო დონეზე არის ძალიან მნიშვნელოვანი. კვლევა გვაჩვენებს, რომ ისინი აუცილებელია. შეიძლება არა იმ რაოდენობით, რაც თავდაპირველად იყო, მაგრამ მათი ინტეგრირება მეტროსთან, ავტობუსებთან საჭიროა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახი კალაძე ამ თემაზე საუბრის დროს აღნიშნავს, რომ მიკროავტობუსების დღევანდელი მდგომარეობა მისთვის მიუღებელია. მან ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, რომ ორი კვირის განმავლობაში, კომპანია „თბილისის მიკროავტობუსთან“ აქტიური კომუნიკაციის, შედეგად, 2020 წლიდან არსებული მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროცესი დაიწყოს. მითითებული დრო უკვე იწურება. ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძესა და კომპანია „თბილისის მიკროავტუბუსებს“ შორის კომუნიკაცია შედგა.

 

პრობლემა მოგვარდება მხოლოდ ტარიფის ზრდით

კომპანიის პოზიცია უცვლელია, ისინი მიკროავტობუსებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას ტარიფის გაზრდაში ხედავენ. „თბილისის მიკროავტობუსების“ გენერალური დირექტორმა, დავით ასანიძემ კომპანიის ზარალსა და ფინანსურ პრობლემებზე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, დღევანდელი ტარიფით მანქანების მომსახურეობის გაუმჯობესება შეუძლებელია.

„2020 წლის მარტში 9 წელი გახდება, რაც თბილისში ვართ და ვოპერირებთ. სამწუხაროდ, იმ ვალდებულებების გადახდა ვეღარ შევძელით, რომელიც აღებული გვქონდა. კომპანიამ დიდი ფინანსური ზარალი განიცადა. ამის შესახებ ქალაქის მერია მუდმივად საქმის კურსში იყო. თუმცა პოზიცია ასეთი იყო, რომ ეს ტარიფზე არ უნდა ასახულიყო.

2018 წელს სამარშრუტო ტაქსების ჩანაცვლებას ვაპირებდით, მაგრამ სწორედ ფინანსური პრობლემების გამო ვერ შევძელით ამის განხორციელება. შესაბამისად, მომსახურების ხარისხი გაუარესდა. დღეს იმ რეალობის წინაშე ვართ, რომ მძღოლები სამუშაო ადგილებს ტოვებენ და სამუშაოდ სხვაგან მიდიან.

9-წლიანი გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ჩვენი შემოსავალი მხოლოდ ტარიფია. სხვა შემოსავალი არ გვაქვს. თუ ამ ბიზნესს სხვა რაიმე შემოსავალი არ გაუჩნდა ან არ გაიზარდა, ამ პრობლემის მოგვარება შეუძლებელია. კომპანიას ძალიან უნდა, რომ ახალი მანქანები შევიძინოთ. გვინდა მომსახურების ხარისხით მოსახლეობა კმაყოფილი იყოს, მით უმეტეს, ჩვენს მიერ გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა ავტობუსების მგზავრების რაოდენობას თითქმის უტოლდება. თუმცა სამწუხაროდ, ფასის ზრდის გარეშე ეს შეუძლებელია. ვიცი, რომ მოსახლეობა მიკროავტობუსების მომსახურებით არ არის კმაყოფილი. ეს მომსახურება საკმარისი არ არის, იმისთვის, რომ მგზავრები კმაყოფილები იყვნენ. ამისთვის დამატებითი ხარჯებია საჭირო. სამწუხაროდ, ეს თანხები არ გვაქვს.
ჩვენ შეგვიძლია მანქანების განახლების პროცესი დავიწყოთ, ავწიოთ მომსახურეობის ხარისხი, თუმცა არსებულ ტარიფში ეს შეუძლებელია.

თუ ეს საკითხი ეჭვს იწვევს, მართლა გასაზრდელია თუ არა ტარიფი, ჩვენ ამისი აუდიტირებული დასკვნა გვაქვს. მაგრამ თუ ეს დასკვნაც საკმარისი არ არის, შეგვიძლია, საზღარგარეთ ნებისმიერი კომპანია მოვიწვიოთ, რომელსაც გამოცდილება და ავტორიტეტი აქვს ამ სფეროში. დადოს ეს დასკვნა, თუ რამდენი უნდა იყოს მგზავრობის ტარიფი და პირობას გაძლევთ, რომ უცხოური კომპანია რა ტარიფსაც დადებს, მგზავრებს იმაზე ნაკლები ტარიფით მოვემსახურებით და ისეთივე სერვისს შევთავაზებთ, როგორიც ევროპაშია.

როგორც იქნა ქალაქის ხელმძღვანელობა ამ საკითხით დაინტერესდა. შეიძლება ასეთი რეალობის წინაშე აღმოვჩნდეთ, რომ თბილისი მიკროავტობუსების გარეშე დარჩება. ეს საკმაოდ ცუდი იქნება, რადგანაც ქალაქის დაახლოებით 300 ათასი მაცხოვრებელი მიკროავტობუსით სარგებლობს. ამდენი ადამიანის გადაყვანის რესურსი დედაქალაქში სხვა ტრანსპორტს არ აქვს. ამის გარდაც, არის უბნები, სადაც მიკროავტობუსების გარდა, სხვა ტრანსპორტი ვერ იმოძრავებს. მესმის, რომ ეს მოსახლეობისთვის ძალიან რთულია, თუმცა ამ შემთხვევაში სხვა გამოსავალი არ გვაქვს.

სავარაუდოდ, 20-30 თეთრით გაიზრდება ტარიფი. ბუნებრივია, თანხის გაზრდის შემთხვევაში მზგავრების გარკვეული რაოდენობა, დაიკარგება. თუმცა დარჩენილ მგზავრებს მაღალი დონის მომსახურებას დავანახებთ და რაღაც პერიოდის მერე იმ დაკარგულ მგზავრებსაც დავიბრუნებთ. ასე მოხდა ადრეც, როცა 50 თეთრიდან 80 თეთრი გახდა ტარიფი. მაშინაც ჩავარდნა იყო, თუმცა შემდგომ მგზავრები კვლავ დაგვიბრუნდნენ“, – განაცხადა დავით ასანიძემ.

 

 

ტარიფის ზრდას არ დავთანხმდებით

ქალაქის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე მერიის პოზიციას აჟღერებს და ამბობს, რომ მათთვის ტარიფის გაზრდა მიუღებელია. თუმცა აღნიშნავს, რომ კომპანიას მართლაც ფინანსური პრობლემები აქვს. მისი თქმით, საკითხის მოსაგვარებლად სხვადასხვა ვარიანტებია განსახილველი.

„საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ მიკროვტობუსების კომპანიას ნამდვილად აქვს ფინანსური პრობლემები. ეს გამოიხატება იმაში, რომ მათ დაგეგმილი შემოსავლები ვერ მიიღეს კურსიდან და საწვავის ფასიდან გამომდინარე.

კომპანიასთან ჩემი უთანხმოება მდგომარეობს იმაში, რომ კომპანია აკეთებს განცხადებებს, რომ მიიღეს ზარალი. ხარჯები და შემოსავლები არის ერთმანეთის საპირწონე. ამაზე აუდიტორული დასკვნა მზადდება და რეკომენდაციებს იძლევა, რომ იაფი სესხის ჩადება მოხდეს კომპანიაში, გარკვეული კაპიტალის მოძიება და ტარიფის გადახედვა მოხდეს, რა თქმა უნდა, ყველა რეკომენდაცია ვერ შესრულდება და არ შესრულდება. თუმცა გამოვდივართ იმ მოცემულობიდან, რომ მიკროავტობუსები უნდა შეიცვალოს. კომპანია ჯერჯერობით ზარალზე არ არის. ისინი ზარალს ეძახიან მიუღებელ შემოსავალს. ისინი მუშაობენ ნულოვან მოგებაზე. ხარჯავენ იმდენს, რამდენიც შემოსავალი აქვთ. მათთვის დამატებითი ფინანსური ვალდებულება, რომ ახალი მიკროავტობუსები იყიდონ, ეს გაარღვევს კომპანიას, მაგრამ განსხვავებული ვარიანტებია მოსაძებნი.

აუდიტორიც ამ რეკომენდაციას იძლევა და ჩვეულებრივ შემთხვევაშიც ეს ყველაზე სწორი გამოსავალია, როდესაც კომპანია მოგებას ვერ ნახულობს, გაიზარდოს ტარიფი. მაგრამ არსებობს სხვა ალტერნატივებიც. როდესაც ატარებ საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოლიტიკას და ხალხს მიუწოდებ, გააჩერო კერძო მანქანები სახლებთან, ამ დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტარიფის ზრდა არ არის სწორი. ეს კიდევ უფრო უკეთებს დრამატიზებას ამ სიტუაციას. ერთი კვირის ვადაში მექნება გეგმა. ტარიფის ზრდა არის ისეთი ვარიანტი, რომელსაც, დიდი ალბათობით, ჩვენ არ დავთანხმდებით.

ტარიფის ზრდით ფინანსური პრობლემების მოგვარება არის ყველაზე მარტივი და სწორი გზაც, მაგრამ ვითვალისწინებთ ქალაქის ეკონომიკურ მდგომარეობას და იმ პოლიტიკას, რომელსაც მუნიციპალიტეტი ატარებს. ყველა ვარიანტს განვიხილავ, გარდა ტარიფის ზრდისა“ , – აცხადებს ირაკლი ხმალაძე.

 

დღევანდელი მონაცემებით, თბილისსს დაახლოებით 1 500-მდე მიკროავტობუსი ემსახურება. მათი მდგომარეობა საკმაოდ კრიტიკულია. არ მუშაობს გათბობის, კონდიციორებისა და ვენტილაციის სისტემები. სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს სამარშრუტო ტაქსების გამონაბოლქვი, რომელიც ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზია.

 

პოპულალურები