მოძრაობის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ მიუხედავად გამოცხადებული დროებითი მორატორიუმისა, კაშხლის მშენებლობა გრძელდება.
“როდესაც საუბარია იმაზე, რომ თითქოს კაშხლის მშენებლობაზე მორატორიუმი გამოცხადდა და 12 თვე არ აშენდება, ვიდრე კვლევების რევიზია და ვალიდაცია არ მოხდება, რასაც მინისტრი ამბობს და თითქოს პასუხისმგებლობით ეკიდებიან ამ პროცესს, ასე გამოჰყავთ ხოლმე ახლა საზოგადოების თვალში, რომ სანამ არ გადამოწმდება თავიდან ყველაფერი, მანამდე კაშხლის მშენებლობა და საერთოდ ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები შეჩერდება, გარდა გზისა, ანუ გზაზე ამბობენ ხოლმე, რომ გზა გაკეთდება მარტო,
თუმცა თქვენ ახლა ხედავთ უშუალოდ კაშხლის ტანის მშენებლობის პროცესს, გვირაბი გაჰყავთ, ეს არის სადერივაციო გვირაბი და არის უშუალოდ კაშხლის ტანის მშენებლობის ადგილი”, – ამბობს გოლეთიანი.
„ნამახვანჰესის“ პროექტის დირექტორის, ლევან ლომინაძის თქმით, კაშხლის მშენებლობა არ მიმდინარეობს და სამუშაოები ხორციელდება მხოლოდ გაცემული ნებართვის და მოსამზადებელი ფაზის ფარგლებში
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ კაშხლის მშენებლობა არ მიმდინარეობს, როგორც ეს იყო გადაწყვეტილი მთავრობის მიერ. სამუშაოები ხორციელდება მხოლოდ გაცემული ნებართვის და მოსამზადებელი ფაზის ფარგლებში“, – აცხადებს ლომინაძე.
მისივე შეფასებით, სამწუხაროა, რომ საპროტესტო მობილიზაციისთვის გამოყენებულია გარკვეული პროვოკაციული ქმედებები.
შეგახსენებთ, 24 აპრილს მთავრობამ ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო. მათ შორის, მშენებლობაზე გამოცხადდა მორატორიუმი 9-12 თვის ვადით, თუმცა კომპანია პირველი ეტაპის მოსამზადებელ სამუშაოებს გააგრძელებს.