LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მივიწყებულმა ტრადიციამ განსაკუთრებული პოპულარობა და დაინტერესება გამოიწვია” – ქართული ჩაი „გამარჯობა“ ჩეხეთის სუპერმარკეტებში გაიყიდება

142
ჩაი

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის სტიმულირების პროგრამის ფარგლებში, ქართული ჩაი „გამარჯობა“ ჩეხეთის სუპერმარკეტების ქსელში – OXALIS გაიყიდება. ინფორმაციას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, „გამარჯობა“ 1993 წლიდან სხვადასხვა სახელწოდებით აწარმოებს ჩაის. კომპანიის დამფუძნებლებისთვის გურული ჩაის კულტივაცია ოჯახური ტრადიციაა, რომელიც პროფესიულ დონეზე ჩაის სამშობლოში, ჩინეთში შეისწავლეს. ჩინეთში ჩაის ახალ ჯიშებს, სახეობებსა და ტექნოლოგიებს გაეცნენ, საქართველოში დაბრუნებულებმა კი „გამარჯობა“ შექმნეს, რომლისთვისაც ნედლეულს გურიის მთიან, პესტიციდებისგან სრულიად სუფთა ზონიდან, ადგილობრივი ფერმერების დახმარებით იღებენ.

„აწარმოე საქართველოში“ ცნობით, სააგენტოს პროგრამის გამოცხადება კომპანიისთვის მოტივაცია იყო, რომ ჩეხურ ქსელთან OXALIS მოლაპარაკებები დაეწყო. ქსელი პროდუქციის განსათავსებლად ე.წ. შესვლის ღირებულებას (Entrance Fee) ითხოვდა. სამეწარმეო ბაზარზე საერთაშორისო ქსელების მიერ საწევრო გადასახადის დაწესება მიღებულ პრაქტიკას წარმოადგენს და ხშირად მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვან წინაღობად რჩება მოლაპარაკებების წარმოებისას. პროგრამის ფარგლებში, ქართულ მცირე და საშუალო ექსპორტიორ კომპანიებს საშუალება ეძლევათ, კავშირები დაამყარონ საექსპორტო ბაზრებზე არსებულ პირდაპირი გაყიდვების არხებთან და ისარგებლონ მნიშვნელოვანი თანადაფინანსებით.

„ექსპორტის სტიმულირების პროგრამაში მონაწილეობამდე ჩაის ვყიდდით, თუმცა დაუფასოებლად, სპეციალური შეფუთვის გარეშე. პროგრამამ საშუალება მოგვცა, ოცნება აგვეხდინა და უცხოელი პარტნიორებისათვის შეგვეთავაზებინა უნიკალური პროდუქცია, ქართული სახელითა და ლოგოთი. ეს შეთავაზება მათთვისაც საინტერესო აღმოჩნდა და საბოლოოდ ასე გაკეთდა საერთო საქმე. ჩვენი წინაპრების მივიწყებულმა ტრადიციამ ჩეხეთში განსაკუთრებული პოპულარობა და დაინტერესება გამოიწვია“, – განაცხადა დამფუძნებელმა, ავთანდილ ლომთათიძემ.

სააგენტოს ინფორმაციითვე, „გამარჯობა“ მომხმარებლებს პრემიუმ ხარისხის შავ, თეთრ, დაძველების მეთოდით შექმნილ ჩაისა და ხელნაკეთ ჩაის სთავაზობს. ჩაის ფოთლებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით დაადგინეს, რომ ქართული ჩაი ბუნებრივად ითვისებს ვარდის, აკაციის და თაფლის სურნელს, რაც ქართულ ჩაის განასხვავებს სხვა ქვეყნების ჩაისგან. ამ პროდუქციასთან ერთად ჩეხეთში უკვე გაყიდვაშია მათი ჩაის ნაყენზე დამზადებული ალკოჰოლური სასმელი.

„შეგახსენებთ, 2022 წელს სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“, ექსპორტზე ორიენტირებული მცირე და საშუალო ბიზნესის საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშესაწყობად, ექსპორტის სტიმულირების საპილოტე პროგრამა დაიწყო.

პროგრამით სარგებლობის შემთხვევაში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს საშუალება აქვთ, პროდუქტის ლიცენზირების, ბრენდინგისა და საერთაშორისო სავაჭრო ქსელში შესვლის პროცესი სააგენტოს მხარდაჭერით გაიარონ.

პროგრამის ფარგლებში, ქართულ კომპანიებში აქტიურად ინერგება ექსპორტის მასტიმულირებელი მექანიზმები, რაც წარმატებულად მოქმედებს პროდუქტებისა და სერვისების დივერისიფიცირებაზე და ხელს უწყობს საერთაშორისო გაყიდვების წახალისებას.

ექსპორტის სტიმულირების პროგრამის ბენეფიციარია გურული ჩაი „გამარჯობა“, რომელმაც პროგრამის საერთაშორისო ქსელში შესვლის კომპონენტით ისარგებლა, საბოლოოდ კი პროდუქციის ევროკავშირში გატანა და ჩეხეთის ერთ-ერთ წამყვან მიზნობრივ ქსელში ქართული წარმოების ჩაის განთავსება შეძლო“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები