19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი ისევ დაუდგენელია. საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, თუმცა ახალი დეტალები ამ ეტაპისთვის არ იკვეთება.
ექსპერტი: გარდაცვლილი ფეხბურთელის სხეულს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება
შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე ადასტურებს ფოტოგრაფის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ხელკეტების არსებობის შესახებ, თუმცა ამბობს, რომ მისთვის უცნობია მიაყენეს თუ არა ხელკეტებით უშუალოდ შაქარაშვილს დაზიანებები.
ასევე უცნობია, ნაპოვნია თუ არა საქმეში არსებული ხელკეტები გამოძიების მიერ.
გიორგი შაქარაშვილი 18 ივნისს გაუჩინარდა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ მისი ცხედარი არაგვში იპოვეს. ახლა გამოძიება ცდილობს დაადგინოს უკავშირდება თუ არა ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალება მოზარდებს შორის მანამდე მომხდარ დაპირისპირებას.
ქვეყნის სახალხო დამცველი ამბობს, რომ ქუჩურ-უბნურ გარჩევებს ახალგაზრდების სიცოცხლე ისევ ეწირება. ამ ფონზე, ისევ ისმის მოწოდებები ძირეული ცვლილებების განხორციელების საჭიროებაზე.
სოციალურ ქსელში კი ოჯახის ახლობლები და მეგობრები კიდევ ერთხელ ისხენებენ 19 წლის ფეხბურთელს და მასთან გადაღებული ვიდეოების გახსენებით ემშვიდობებიან.
ამჯერად, ვრცელდება ვიდეო, სადაც გიორგი შაქარაშვილი მეგობრებთან ერთად სიმღერას ასრულებს.