საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის თანახმად, საქართველოში გამოკითხული მოსახლეობის 45% რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მხარს უჭერს.
როგორც IRI-ის კვლევაშია ნათქვამი, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეებს სურთ, რომ მათ მიერ არჩეულმა პოლიტიკოსებმა საპარლამენტო საქმიანობა განაგრძონ, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ მოსახლეობის აზრი ორად იყოფა, კერძოდ:
მოქალაქეების 45% მხარს უჭერს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, ხოლო 45% ამის წინააღმდეგია.
ამავე კვლევის თანახმად, მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეუთანხმებლობის ფონზე, მოქალაქეების 60% არ უჭერს მხარს ოპოზიციური პარტიების მიერ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებას, მათ შორის, 42% – “სრულიად არ უჭერს მხარს” და 18% – “გარკვეულწილად არ უჭერს მხარს.”
“ეს მიგნებები არის მნიშვნელოვანი გზავნილი როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური პარტიებისთვის. საქართველოს მოქალაქეებს სურთ მოქმედი პარლამენტი, რომელიც მათ საჭიროებებსა და პრობლემებს წარმოადგენს”, – განაცხადა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის დირექტორმა ნიქსმა.