ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „ფაიზერზე“ რეგისტრაცია პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში შესაძლებელი იქნება როგორც პორტალის, ასევე ცხელი ხაზის 15 22 საშუალებით, შემდეგ კი შეეძლებათ, დასარეგისტრირებლად მივიდნენ სამედიცინო დაწესებულებაშიც.
რაც შეეხება რეგისტრაციის დაწყების დროს, როგორც გაბუნია განმარტავს, დამატებით ინფორმაციას მოსახლეობა მიიღებს მას შემდეგ, რაც „ფაიზერი“ საქართველოში შემოვა.
როგორც გაბუნია განმარტავს, „ფაიზერით“ იმუნიზაცია ქვეყნის მასშტაბით 37 დაწესებულებაში იქნება შესაძლებელი, შესაბამისად, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ არა მხოლოდ დიდ ქალაქებში, არამედ რეგიონულ და რაიონულ დონეზე მიმართონ ამ დაწესებულებებს.
„ვინც „ფაიზერის“ პირველი დოზა გასული კვირების განმავლობაში გაიკეთა, მათთვის რეგისტრაცია მალე დაიწყება და ამის თაობაზე განცხადება გაკეთდება, მათ არანაირი შეფერხება არ ექნებათ. რაც შეეხება დოზების რაოდენობას, როგორც ხედავთ, ქვეყანაში შეუზღუდავი იქნება, კიდევ ველოდებით მოწოდებას ძირითადი ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც მილიონზე მეტი დოზის მოწოდებას ითვალისწინებს. დოზებზე შეფერხება არავის შეექმნება.
რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება რეგისტრაციის პორტალის, ასევე ცხელი ხაზის, 15 22-ის საშუალებით პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში, რათა ერთიანი რიგი დავიცვათ. შემდეგ ისევ შესაძლებელი იქნება ვირტუალური რეგისტრაციაც. მოქალაქეს, რომელიც ვერ მოახერხებს პორტალზე ან 15 22-ზე რეგისტრაციას, შეეძლება, სამედიცინო დაწესებულებაში მივიდეს, რისთვისაც ქვეყნის მასშტაბით შერჩეულია 37 დაწესებულება. ადგილების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება, რათა რიგი არ შეიქმნას და ყველა მსურველი მოკლე ხანში დაკმაყოფილდეს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ნახევარი მილიონი დოზა ფაიზერი საქართველოში ხვალ შემოვა.
საქართველოსთვის ასეულობით ათასი დოზა ვაქცინის საჩუქრად გადმოცემა ამერიკის მთავრობისა და უშუალოდ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებაა.