ხელისუფლებისგან მოვითხოვთ – დაელაპარაკეთ მოქალაქეებს და აუხსენით რა ხდება! გვითხარით, რა გეგმა გაქვთ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა პარტიის წევრებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, დღეს ქვეყნის მომავლის ბედი წყდება – წავა წინ თავისუფალ მსოფლიოსთან ერთად თუ დაბრუნდება უკან, რუსულ საბჭოთა წარსულში.

“შესაბამისად, ხელისუფლებისგან მოვითხოვთ – დაელაპარაკეთ მოქალაქეებს და აუხსენით რა ხდება! გვითხარით, რა გეგმა გაქვთ: ქვეყნის უსაფრთხოებასთან, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან, დაკავშირებით. ასევე, მიგრაციის რეჟიმთან დაკავშირებით – რეგიონში ომის გამო, ვხედავთ, რომ გაზრდილია მიგრაცია. სად არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც ვალდებულია მოქალაქეებს მიაწოდოს ინფორმაცია შესაძლო საფრთხეების შესახებ?!

უნდა ესაუბრონ მოქალაქეებს, ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებთან დაკავშირებით – საქართველოს რესურსები სანქციების დაწესების თვალსაზრისით რომ შეზღუდულია, არ ვდავობთ, მაგრამ ხომ არ უნდა დავუშვათ, ვიმოქმედოთ თავისუფალი მსოფლიოს საპირისპიროდ და რუსეთის ინტერესებში?! ხელისუფლებამ უნდა გვითხრას, რას აკეთებს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთების პარალელურად – ხომ იცით, რომ ეს პროცესი აქ არ სრულდება?!“ – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ბრიფინგზე პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა წარმოადგინეს გეგმა, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა გაატაროს ხელისუფლებამ. მეზვრიშვილმა ხელისუფლებას მოუწოდა გარდამავალ პერიოდში მაინც, გადახედოს სავიზო რეჟიმს რუსეთის ფედერაციასთან და 1- წლიანი უვიზო რეჟიმი მინიმუმ 1- დან 3 თვემდე შეამციროს.

„მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ: გააერთიანეთ საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი ეროვნული უსაფრთხოებისა და ევროინტეგრაციის ინტერესების ირგვლივ. დაიწყეთ მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან დაკარგული ნდობის აღსადგენად და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების საკითხის მხარდასაჭერად. შეიმუშავეთ კონსენსუსზე დაფუძნებული ამბიციური რეფორმების დღის წესრიგი, რომელიც მოიცავს საჯარო სამსახურის დეპოლიტიზირებას, მართლმსაჯულების სისტემის ყოვლისმომცველ და სიღრმისეულ რეფორმას,დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას, ბაზრის დივერსიფიკაციაზე და რუსეთზე დამოკიდებულების შემცირების გეგმას, სოციალური დაცვის სისტემის რეფორმას, სახელმწიფო შესყიდვების რეფორმას, უსაფრთხოების სექტორის სისტემურს რეფორმას. დაუყოვნებლივ დაიწყეთ რეფორმების იმპლემენტაცია.

გარდამავალ პერიოდში მაინც, გადახედეთ სავიზო რეჟიმს რუსეთის ფედერაციასთან და როგორც მინიმუმ 1 წლიანი უვიზო რეჟიმი შეამცირეთ 1-3 თვემდე, განახორციელეთ რუსეთსა და უკრაინაში მყოფი ჩვენი მოქალაქეების ოჯახების მხარდაჭერა (მათ შორის მათი საბანკო სესხების მომსახურების მიმართულებით), რომლებიც გზავნილებით იხდიან სესხს“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები