LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოწმე ვახტანგ ახვლედიანის ახალი ჩვენების თანახმად, შაქარაშვილს ბოლომდე მორაგბე არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი არ გაკიდებიან

389
საიტიფბ-107

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ახალი გაარემოებები იკვეთება.

ჩვენებაში, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს, დაზარალებული ამბობს, რომ გიორგი შაქარაშვილს ბოლომდე არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი არ გაეკიდნენ.

ჩვენებაში ახვლედიანი საუბრობს, რომ მან დაინახა თუ როგორ მისდევდა ფეხბურთელს სამი, თხელი აღნაგობის ახალგაზრდა, რომლებიც მას მანამდე ნანახი არ ჰყავდა.

„გაჩერებისთანავე, გაიღო მანქანის წინა და უკანა მარჯვენა კარი, რა დროსაც, იქიდან გადმოვიდა ორი ასაკით ჩვენზე უფროსი სრული სპორტული აღნაგობის ადამიანი, რომლებიც წამოვიდნენ ჩვენკენ და მივხვდი, რომ მოდიოდნენ ჩვენს საცემად, რა დროსაც დავიძახე, გაიქეცით-თქო. როგორც შემდეგში არაერთი სატელევიზიო რეპორტაჟით, ასევე სოციალური ქსელით გავრცელებული ინფორმაციით, ამოვიცანი ეს პირები არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი. არჩილ გაგნიძე იყო საშუალო სიმაღლის, ძალიან მკვრივი, სპორტული აღნაგობის, გამორჩეულად სქელი კისრით, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, მე ის ამოვიცანი და მისი სახელი და გვარი გავიგე საინფორმაციო გამოშვებებში ნანახი კადრებიდან და ნახვის შემთხვევაში შემიძლია მისი ამოცნობა. რაც შეეხება ნიკოლოზ რევაზიშვილს, ის იყო მაღალი, საშუალო აღნაგობის, წვერმოშვებული და გრძელი თმით. ისიც როგორც არჩილ გაგნიძე ამოვიცანი და მისი სახელი და გვარი გავიგე საინფორმაციო გამოშვებებში ნანახი კადრებიდან და ნახვის შემთხვევაში შემიძლია მისი ამოცნობა. მე მოვტრიალდი, მაგრამ სანამ მოვტრიალდებოდი, დავინახე, რომ აღნიშნულ მანქანაში კიდევ იმყოფებოდნენ სხვა პირებიც, თუმცა, ვინ იყვნენ ისინი არ დამინახავს და ვერ გეტყვით.

მას შემდეგ, რაც მოვტრიალდი, კვლავ გავიქეცი ზემოთხსენებული ხიდისკენ დასავლეთის მიმართულებით, ამ დროს, გიორგი შაქარაშვილი გარბოდა ჩემ წინ, შემდეგ გავრბოდი მე, ხოლო ჩემ უკან მორბოდნენ გურამ ამირხანაშვილი და გიორგი ქათამაძე, ასევე უკან მოგვსდევდნენ ზემოთხსენებული მანქანიდან გადმოსული პირები გინებით, ჩვენ გავირბინეთ მდინარე არაგვის ხიდი დასავლეთის მიმართულებით და როდესაც გავედით ხიდის ბოლოში, გადავუხვიეთ ხელმარჯვნივ და გადავკვეთეთ გზის სავალი ნაწილი, გამყოფი ზოლის გადაკვეთის შემდეგ, სირბილი განვაგრძეთ დასავლეთის მიმართულებით, როგორც ჩანს, ჩვენმა მდევრებმაც გადმოკვეთეს გამყოფი ზოლი და კვლავ მესმოდა მათი გინების ხმა. მე გავცდი გზის იმ ნაწილს, სადაც ხელმარჯვნივ განთავსებული იყო ბეტონის ფილები, ამ დროს, ჩემ წინ გარბოდა გიორგი შაქარაშვილი, შემდეგ გავრბოდი მე, ხოლო ჩემ უკან ახლოსვე, მორბოდა გურამ ამირხანაშვილი. ზემოთხსენებული ბეტონის ფილების დასრულების შემდეგ, დავინახე, რომ მარჯვნივ საპირისპირო მიმართულებით, კონკრეტულად, თბილისის მიმართულებით ჩადიოდა მოასფალტებული მეორეხარისხოვანი გზა. აღნიშული გზა იყო ნაკლებად განათებული და მოჩანდა ბუჩქნარი. გადავწყვიტე, რომ მდევრებისგან დასამალად უფრო ხელსაყრელი იქ ჩასვლა იყო და ბუჩქნარში დამალვა, რის გამოც მყისიერად გადავუხვიე ხელმარჯვნივ, ზემოთხსნებულ გზაზე, ვინაიდან გადახვევისას მომიწია ჩასვლა ციცაბო ჩასასვლელზე, ჩავცურდი და გავიქეცი დაღმართზე თბილისის მიმართულებით.

წამიერად, ჩემი თვალთახედვის არედან დავკარგე გიორგი შაქარაშვილი და გურამ ამირხანაშვილი. თუმცა, როდესაც ხსნებულ გზაზე გავრბოდი, რამდენიმე წამში, წამომეწია გიორგი შაქარაშვილი და ერთად განვაგრძეთ სირბილი დაღმართზე ხსენებული მიმართულებით, თუმცა, მალევე გიორგი შაქარაშვილმა გამასწრო რამდენიმე ნაბიჯით, ამ დროს მესმოდა მდევრების ყვირილის ხმა, თუმცა, ეს ხმა ოდნავ მინელდა და მივხვდი, რომ ჩამოგვრჩნენ. ისე, რომ არ გავჩერებულვარ, გავიხედე უკან, იმ ადგილისკენ, საიდანაც ისმოდა მდევრების ხმა, ანუ ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალიდან, მეორეხარისხოვანი გზის გადმოსახვევისკენ, რა დროსაც დავინახე სამი პიროვნება, რომლებიც სირბილითა და გინებით მოემართებოდნენ ჩვენი მიმართულებით. აღნიშნული სამი პიროვნება ვერ ვიცანი, მანამდე არ მინახავს, მათ შორის არ იყვნენ არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი. ისინი იყვნენ მათთან შედარებით უფრო თხელი აღნაგობის და ახალგაზრდები, ვინაიდან მდევრები ოდნავ ჩამოგვრჩნენ და ამასთან, მარცხენა მხარეს შევნიშნე ბუჩქნარში მკვეთრი ჩასახვევი, ვიხელთე დრო და გადავუხვიე გზიდან მარცხნივ და ჩავცურდი ხესთან არსებულ მკვეთრ საფეხმავლო ბილიკზე, ამ დროს დავინახე, რომ გიორგი შაქარაშვილი კვლავ გარბოდა დაღმართზე, მოასფალტებულ გზაზე და ეს გზა შედიოდა მდინარე არაგვზე გამავალ საავტომობილო ხიდის ქვეშ. მე მისთვის არ დამიძახია გზიდან გადახვევის თაობაზე, ვინაიდან მეშინოდა, რომ ამას გაიგებდნენ მდევრებიც.

გზის ეს მონაკვეთი იყო ნაკლებად განათებული და ვივარაუდე, რომ მდევრები ვერ დაინახავდნენ გზიდან ჩემს გადახვევას. როდესაც ჩავცურდი საფეხმავლო ბილიკზე, იქვე შევუხვიე მარცხნივ და დაახლოებით, ერთ-ორ მეტრში შევიმალე ბუჩქებში. ამავე დროს, გავიგონე, თუ როგორ ჩაირბინეს მდევრებმა დაღმართზე იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც გარბოდა გიორგი შაქარაშვილი. ასევე შევამჩნიე გარკვეული განათებები და ვივარაუდე, რომ ეს იყო ფანრები. ჩემი დამალვიდან დაახლოებით, 10 წუთის განმავლობაში მესმოდა რამდენიმე პირის გინების და მეორე ხარისხოვან მოასფალტებულ გზაზე, რომლის მიმდებარედაც მე ვიმალებოდი, რამდენიმე პირის სირბილისა და გადაადგილების ხმა. ასევე აგრესიული და ხმამაღალი შეძახილები, რომ გამოვჩენილიყავით და არ დავმალულიყავით. ამ ხნის განმავლობაში რამდენჯერმე ხმაური შეწყდა, თუმცა, შემდეგ კვლავ განახლდა. ამ გარემოებით უკიდურესად შეშინებული ვიყავი, რის გამოც სამალავიდან არ გამოვსულვარ. ამ პერიოდში, მობილური ტელეფონით ვუკავშირდებოდი ჩემ მეგობრებს, ვეუბნებოდი, რომ ვიყავი ნაცემი და ვთხოვდი ჩემ წაყვანაში დახმარებას“, – აცხადებს ახვლედიანი.

გამომძიებლის კითხვაზე, თუ რითი ხსნის, წინანდელ გამოკითხვასთან შედარებით ახლა უფრო მეტი დეტალის დაზუსტებას, ახვლედიანი პასუხობს, რომ მაშინ აღელვებული იყო.

„პირველი განმარტება მოცემული მაქვს შემთხვევიდან მეორე დღეს, რა დროსაც ვიყავი ემოციურად აღელვებული, ნაცემი და უძილო, რაც შეეხება მეორე გამოკითხვას, მეორე გამოკითხვისას ვიყავი ძალზე აღელვებული, ვინაიდან ახალი გამოვლენილი იყო გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტი. ამ ემოციურ ფონზე მოვყევი ყველაფერი, რისი გახსენებაც იმ ეტაპზე შევძელი. მას შემდეგ გასულია დაახლოებით ერთი თვე და ამ ხნის განმავლობაში სისტემატურად ვფიქრობ 18-19 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე. აქედან გამომდინარე, აღვიდგინე ის დეტალები, რომლებიც დამატებით მოგახსენეთ დღევანდელი გამოკითხვის დროს“,- აცხადებს ახვლედიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g